2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე, ჩვენი ნაკრები დიდ ტურნირზე არასდროს გასულა. ისტორიას ახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შვიდი შემთხვევა (1998-2022) და იმდენივე ევროზეც (1996-2020). ამასთან ერთად, "თეთრ-წითლების" მოთამაშეების რაოდენობა ტოპ ლიგებში დროთა განმავლობაში კლებულობდა.
90-იანებსა და 2000-იანების პირველ ნახევარში, ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა თუ იყო არც ისე ცოტა, 2010-იანებიდან, მათი რაოდენობა მინიმუმამდე დაეცა. "ჯვაროსნები" დიდ ევროპულ ფეხბურთს ჩამოშორებულები იყვნენ, ყველაფერი კი შეიცვალა რამდენიმე წლის წინ, ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში წარმატებული ასპარეზობით.

მართალია, ჩვენმა ნაკრებმა პირველივე ცდიდან ვერ მოახერხა დიდ ტურნირზე გასვლა, თუმცა უკვე მაშინ ჩანდა, რომ წინ რაღაც დიდი და გრანდიოზული გველოდებოდა. ისტორიული ფაქტი მოხდა მიმდინარე წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევის პლეიოფში საბერძნეთთან მოგების შემდეგ, როცა "თეთრ-წითლებმა" კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვეს.
ბუკმეიკერებმა და საფეხბურთო ექსპერტებმა ვილი სანიოლის კოლექტივი შერაცხეს ევროპის ჩემპიონატის ყველაზე სუსტ, 24-ე გუნდად. საფეხბურთო წრეებში ყველა პრაქტიკულად ერთხმად აღიარებდა, რომ საქართველო ჩარჩებოდა ჯგუფში და ამ გუნდისთვის ევრო 2024-ზე მოხვედრაც კი უკვე დიდი წარმატება იყო.
"ჯვაროსნებმა" დაამსხვრიეს ყველანაირი სტერეოტიპული წარმოდგენა და ჯგუფიდან გასვლით, ევროპის ჩემპიონატი თავდაყირა დააყენეს. პორტუგალიის ნაკრებთან შთამბეჭდავი მოგების შემდეგ, ევრო 2024-ის პრაქტიკულად ყველა სტატისტიკური კომპონენტი, სწორედ ჩვენი ნაკრების მოთამაშეების გარშემო ტრიალებდა.

თავად განსაჯეთ - ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სამი გოლით, იყო გიორგი მიქაუტაძე და მასზე მეტი გოლი ახლაც არავის აქვს გატანილი. გიორგი მამარდაშვილმა ჯგუფურ ეტაპზე განახორციელა 21 სეივი, რაც 20 წლის წინანდელი რეკორდის გამეორება არის. "ფურია როხასთან" მატჩის შემდეგ კი ქართველი კარის დარაჯის სეივების რაოდენობა 30-მდე ავიდა.
მოგებული პოზიციების თვალსაზრისით ლიდერობდა გიორგი ქოჩორაშვილი, ართმევებში გიორგი ჩაკვეტაძე, დრიბლინგების რაოდენობის თვალსაზრისით კი ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ოსმან დემბელე და ჟერემი დოკუ სჯობდნენ. არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ პლეიოფში გასვლისთვის "თეთრ-წითლებს" პირენეელებთან მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ.
დიახ, სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, თუმცა ეს არც ზღაპარია და არც ზღაპრის დასასრული, ყველაფერი რეალურია და ყველაფერი სწორედ ახლა იწყება. საქართველო ევროსარბიელზე დაბრუნდება უფრო გამოცდილი, თავდაჯერებული და ძლიერი, წინ ხომ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი გველის.

რაც შეეხება ყველაზე დასამახსოვრებელი დებიუტანტის სტატუსს, "ჯვაროსნებამდე" 21-ე საუკუნეში ჯგუფიდან გასვლა მოახერხა უელსმა, ისლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ. "დრაკონები" საერთოდ 1/2 ფინალამდე მივიდნენ, მაგრამ აღნიშნული სამეული არავისთვის ყოფილა ისეთი გუნდი-გამოცანა, როგორიც ჩვენი ნაკრები არის.
"წითელ-მწვანეების" შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით, ამის გარდა, სხვადასხვა დროს ამ ქვეყანამ საფეხბურთო სამყაროს აჩუქა იან რაში, რაიან გიგსი, გარეტ ბეილი და სხვები. ერთი სიტყვით, ბრიტანელები ყოველთვის ტრიალებდნენ ელიტარული ევროპული ფეხბურთის მახლობლად.
ასევე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი უელსისთვის არ ყოფილა პირველი დიდი ტურნირი, მათ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშიათ. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ევრო 2016-მდე იყო 3 პერფომანსი მუნდიალზე, ასევე, ჯორჯ ბესტის ფაქტორი ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის დავიწყების საშუალებას არ გვაძლევდა.

ისლანდიის ნაკრების აღმასვლა დაიწყო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, თუმცა ამ ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ის გუნდი-გამოცანა არ ყოფილა. "ვიკინგები" აღიქმებოდნენ როგორც დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის "უმცროსი ძმები", რომლებიც მუდმივად მათ მახლობლად ტრიალებდნენ.
საქართველოს არ ჰყოლია გამოჩენილი მეზობლები საფეხბურთო სარბიელზე, წარსულის ლეგენდარული ფეხბურთელები კი საერთაშორისო ასპარეზზე სსრკ-ს დროშის ქვეშ გამოდიოდნენ. ყველაფერი შეიცვალა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, "ჯვაროსნები" თავის შანსს ელოდებოდნენ სამ ათწლეულზე მეტხანს და ნანატრი მომენტი ევრო 2024-ზე დადგა.
ყველაზე განსაკუთრებული კი ის არის, რომ ჩვენმა ნაკრებმა წარმატებას ყოველგვარი დაცვითი ფეხბურთისა და სიფრთხილის გარეშე მიაღწია. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებს არავისი ეშინოდათ, მათ შორის არც პორტუგალიისა და ესპანეთის. დიახ, "თეთრ-წითლებმა" წააგეს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.


















