მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში რეალ მადრიდი პარის სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. კილიან მბაპე ხვდება გუნდს, რომელშიც ახლო წარსულში ის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. ფრანგი ფორვარდი ახლა "სამეფო კლუბშია", პსჟ-ში კი მის ადგილას და მისი ნომრით ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინავს.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტნისა და ქართველი გარემარბის დაპირისპირების წინ, გავიხსენოთ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების სხვა ვარსკვლავები, რომლებიც სხვადასხვა ტურნირებზე გადაეყარნენ თავიანთ ყოფილ კლუბებსა და ამ კლუბებში მყოფ მათ შემცვლელებსა თუ მემკვიდრეებს.
ზინედინ ზიდანი VS პაველ ნედვედი
ზიდანის იმ დროისთვის რეკორდულ 77.5 მილიონ ევროდ რეალში ტრანსფერის შემდეგ, იუვენტუსმა მის შემცვლელად ნედვედი გაიფორმა. დიახ, პაველი პოზიციურად არ ყოფილა ზინედინის პირდაპირი მემკვიდრე, მაგრამ თავისი უნივერსალურობის დამსახურებით, მან ლეგენდარული ფლეიმეიქერის ფუნქციებიც შეითავსა.
რაც შეეხება მათი ურთიერთმატჩების ისტორიას, ფრანგი გამთამაშებლის მადრიდში გადასვლის შემდეგ, ტურინულ გუნდში მოასპარეზე ჩეხმა შუახაზელმა თავის მეტოქეს ორჯერ აჯობა. პირველად, 2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ორი წლის შემდეგ კი 1/8 ფინალშიც. 00-იანების დასაწყისში "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ "ბიანკონერი" იყო.
ივან ზამორანო VS დავორ შუკერი
ზამორანომ და შუკერმა 1990-იანების დასაწყისში ერთად ხანმოკლე პერიოდი გაატარეს სევილიაში, რის შემდეგაც პირველი მათგანი რეალში გადავიდა. ივანი მადრიდში იქცა მთავარ მეგოლედ, დავორმა კი მის არყოფნაში იგივე ანდალუსიაში გააკეთა. რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრების ისტორიას, ჩილელმა ფორვარდმა თავის ხორვატ მეტოქეს 5-დან 3 თამაში მოუგო.
საინტერესოა, რომ 1996 წელს, "სამეფო კლუბის" თავდამსხმელი გადავიდა მილანის ინტერში, მის შემცვლელად კი სწორედ "ბლანკიროხოს" ფორვარდი მოვიდა. გამოდის, რომ ხორვატიის ეროვნული გუნდის მე-9 ნომერმა "მრისხანე" შეცვალა არა მხოლოდ სანჩეს-პისხუანზე, არამედ ბერნაბეუზეც.
რონალდო ნაზარიო VS სამუელ ეტო'ო
ბარსელონაში ჩატარებული საოცარი სეზონის შემდეგ, რონალდო იმ დროისთვის რეკორდულ 26.5 მილიონ ევროდ ინტერში გაიყიდა. ლეგენდარულმა ფორვარდმა მილანურ კლუბში გამოიარა როგორც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ფუფუნება, ისე ჯოჯოხეთურად ტრავმატული პერიოდიც.
ნაზარიო წლების შემდეგ დაბრუნდა ლა ლიგაში, თუმცა არა კატალონიაში, არამედ რეალში. მის ყოფილ გუნდში, მის პოზიციაზე და მისი ნომრით იმ დროს ეტო'ო ბრწყინავდა. ელ კლასიკოში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 4-ჯერ: ერთხელ მოიგო ბრაზილიელმა ფორვარდმა, ორჯერ - სამუელმა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
კრიშტიანუ რონალდუ VS ლუიშ ნანი
ისინი მანჩესტერში თამაშობდნენ ერთად და შეტევის ლიდერი რონალდუ იყო. ნანი ინგლისური გუნდის გულშემატკივრების გულებში ქვეცნობიერად ყოველთვის მოიაზრებოდა ახალ კრიშტიანუდ, მაგრამ ობიექტურად, ის ამ მისიას ვერ გაუმკლავდა. რეალში გადასვლის შემდეგ, პორტუგალიელი ვინგერი იუნაიტედში ვერავინ შეცვალა.
რაც შეეხება მათი ურთიერთმატჩების ისტორიას, მადრიდელების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი "წითელ ეშმაკებს" ლუიშით შემადგენლობაში შეხვდა ერთხელ, 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო თამაშში. "სამეფო კლუბის" მე-7 ნომერმა გაიტანა გოლი, ალექს ფერგიუსონის გუნდის ვინგერი კი 56-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.
ლუკა მოდრიჩი VS კრისტიან ერიქსენი
მოდრიჩის დებიუტი რეალში გამოდგა უმძიმესი - სეზონის პირველ ნახევარში მისი ტრანსფერი ესპანურმა პრესამ წლის ყველაზე წარუმატებელ გარიგებადაც კი დაასახელა. სანამ ლუკა მადრიდში ცდილობდა თავის დამკვიდრებას, ტოტენჰემს მის საქმის გაგმგრძელებლად ერიქსენი მოევლინა.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ "სამეფო კლუბისა" და ლონდონელების დაპირისპირებებში, ხორვატ გამთამაშებელს კრისტიანთან არასდროს მოუგია: 1 ფრე და 1 წაგება. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. ცალკე გამოსარჩევია ბერნაბეუს ბინადრების კაპიტნისა და დანიელი ფლეიმეიქერის სანაკრებო დუელებიც.
ტონი კროოსი VS ტიაგო ალკანტარა
ტიაგო არის ფეხბურთელი, რომელიც პეპ გუარდიოლამ ბარსელონადან მიუნხენის ბაიერნში თან წაიყვანა და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ გერმანულ კლუბს კროოსი ჰყავდა. ერთი წლის შემდეგ, "რეკორდმაისტერში" დატრიალდა ასეთი სცენარი: რეალმა გაიფორმა ტონი, მისი ადგილი კი სრულფასოვნად ალკანტარამ დაიკავა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანელი გამთამაშებელი თავის ესპანელ მოწინააღმდეგესთან არასდროს დამარცხებულა. უშუალოდ მადრიდისა და ალიანც არენას ბინადრების შეხვედრებში გერმანიის ეროვნული გუნდის ფლეიმეიქერმა მოიგო 4-დან 3 თამაში, 1 ფრედ დასრულდა.
რიკარდო კაკა VS რონალდინიო გაუჩო
დიახ, რონალდინიო არ ყოფილა კაკას პირდაპირი შემცვლელი და რეალში ტრანსფერამდე, ერთი სეზონი მილანში მათ ერთადაც ითამაშეს. რიკის მადრიდში წასვლის შემდეგ, "როსონერის" არ უყიდია მისი მემკვიდრე, ფლეიმეიქერობა კი ერთმანეთში გადაინაწილეს გაუჩომ და კლარენს ზეედორფმა, მაგრამ შეტევითი ფუნქციებით მაინც პირველი უფრო იტვირთებოდა.
რაც შეეხება მათი ურთიერთმატჩების ისტორიას, "სამეფო კლუბის" გამთამაშებელი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა ჩემპიონთა ლიგის 2009/10 წლების ჯგუფურ ეტაპზე და 2-რაუნდიან დუელში თავი ორივე მათგანმა გამოიჩინა. "ჯადოქარმა" ბერნაბეუს ბინადრებს შეუგდო 11-მეტრიანი, "ოქროს ბიჭუნამ" კი 2 ასისტი გააკეთა.
ლუიშ ფიგუ VS მარკ ოვერმარსი
მივადექით ყველაზე სკანდალურ ტრანსფერს ფეხბურთის ისტორიაში - ფიგუ, ბარსელონადან რეალში. ესპანეთის დედაქალაქში იწყებოდა გალაქტიკოს ეპოქა, კატალონიელებმა კი ლუიშის შემცვლელად ლონდონის არსენალიდან ოვერმარსი გაიფორმეს. დრომ აჩვენა, რომ ამ ტრანსფერმა "ბლაუგრანას" სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა.
თითქმის 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაფორმებულმა მარკმა კამპ ნოუზე ვერაფერი ქნა და მის წარუმატებელ ტრანსფერს დღემდე იხსენებენ. პორტუგალიელი ვინგერის წასვლით გამოწვეული სიცარიელე ლუი ვან გაალის გუნდში უფრო შეავსეს რივალდო ფერეირამ და ლუის ენრიკემ, ვიდრე ნიდერლანდელმა შემტევმა.
ტიბო კურტუა VS ედუარდ მენდი
კურტუა ლონდონის ჩელსიში უნდა შეეცვალა კეპა არისაბალაგას, რომლის ტრანსფერი მეკარის პოზიციისთვის რეკორდული გამოდგა. დიახ, ესპანელი გოლკიპერი "არისტოკრატებში" გაიყიდა ალისონ ბეკერზე უფრო ძვირადაც კი, მაგრამ მან ინგლისურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.
ტიბოს ნამდვილი შემცვლელი გამოდგა მენდი და უნდა ითქვას, რომ ამ ორი მეკარის მონაწილეობით რეალმა და სტემფორდ ბრიჯის ბინადრებმა 2021-2022 წლებში 4 დრამატული შეხვედრა გვაჩუქეს. 2021 წელს, უკეთესი გამოდგა ტომას ტუხელის გუნდი, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ, მადრიდმა რევანში აიღო.
ქარიმ ბენზემა VS ლისანდრო ლოპესი
დიახ, ბენზემას გამოუვიდა ლისანდროზე ბევრად ნაყოფიერი კარიერა, თუმცა ურთიერთმატჩების ისტორიაში მათ შორის ფრე არის. ჩემპიონთა ლიგის 2009/10 წლების სეზონის 1/8 ფინალში ქარიმმა ვერ შეძლო მშობლიური ლიონის ბარიერის გადალახვა და მათ შორის წინ ლოპესი გავიდა.
ერთი წლის შემდეგ, რეალმა როგორც იქნა გატეხა "ლომების" ნავსი და გააღწია მერვედფინალს იქით, პირველად, 2003 წლის შემდეგ. ცნობისთვის, რონელთა კარში ერთი ბურთი ფრანგმა ფორვარდმაც შეაგდო. რაც შეეხება არგენტინელ შემტევს, ის ევროპაში დარჩა კიდევ ერთი წლით, შემდეგ კი ალ-გარაფაში წავიდა.
ახალი დუელი - კილიან მბაპე VS ხვიჩა კვარაცხელია
როგორც აღვნიშნეთ, რეალი და პარის სენ-ჟერმენი ერთმანეთს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. მადრიდელთა მხარეს იქნება მბაპე, პსჟ-ს მხრიდან კი კვარა. ვარსკვლავური ფორვარდი წლების მანძილზე ცდილობდა ფრანგულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას, მაგრამ კილიანს ეს არ გამოუვიდა.
პარადოქსია, რომ "ლურჯ-წითლებმა" თავიანთ ისტორიაში მთავარ წარმატებას სწორედ ფრანგი თავდამსხმელის წასვლის შემდეგ მიაღწიეს. ხვიჩა ენრიკეს გუნდს შეუერთდა იანვარში და ის მალევე იქცა ახალ გარემოში წამყვან ფიგურად. მის ზურგზე არსებული 7 ნომერი კი ბუნებრივად აჩენს ასოციაციებს პარკ დე პრენსის ბინადრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთან.















