საინტერესო ის არის, რომ "სამეფო კლუბმა" ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს დედაქალაქშიც შემოიარა. 1981 წლის 4 მარტს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოსკოვის სპარტაკმა "ბლანკოსს" სწორედ თბილისში უმასპინძლა. ბორის პაიჭაძის სახელობის არენა იმ დროს ვლადიმირ ლენინის სახელობის იყო.
რუსულმა გუნდმა და სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებმა 80 ათასი გულშემატკივრის წინაშე ითამაშეს უგოლო ფრე, განმეორებით თამაშში კი მომავალმა ფინალისტებმა 2:0 მოიგეს. თბილისში გამართულ მატჩში ქომაგებმა იხილეს იმდროინდელი რეალის მთავარი ვარსკვლავები: ხუანიტო გონსალესი, კარლოს სანტილიანა, ული შტილიკე და სხვები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 85-ე წუთზე მოედანზე ვისენტე დელ ბოსკეც გამოჩნდა. "თეთრ-წითლების" შემადგენლობაში კი მადრიდელების წინააღმდეგ თამაშობდნენ ძმები მაჩაიძეები, მანუჩარი და გოჩა. ისმის კითხვა: რატომ ჩატარდა ამ გუნდების მატჩი თბილისში და არა მოსკოვში? ამის მიზეზი კლიმატური პირობებია.
გაზაფხულის დასაწყისში რუსეთში ჯერ კიდევ გაუსაძლისი სიცივეებია, ამიტომ საბჭოთა კავშირში იყო წესი - სეზონის ამ დროს დაგეგმილი ევროტურნირების მატჩები სსრკ-ს თბილ ქვეყნებში იმართებოდა. სპარტაკის გარდა, თბილისში თავის თამაშებს პერიოდულად ატარებდნენ სხვა კლუბებიც, მათ შორის კიევის დინამოც.
როგორც აღვნიშნეთ, ეს შეხვედრა ჩატარდა 1981 წლის 4 მარტს და ჩემპიონთა თასის გათამაშების პარალელურად, იმავე დღეს თასების მფლობელთა თასის მატჩებიც გაიმართა. დიახ, 1981 წლის 4 მარტს ჩვენმა დინამომ თასების თასის 1/4 ფინალის პირველ თამაშში სტუმრად გაანადგურა ვესტ ჰემი, ანგარიშით 4:1.

საქართველოს დედაქალაქში "სამეფო კლუბის" ვიზიტიდან ორ კვირაში კი თბილისელებმა ლონდონელებს საკუთარ კედლებში უმასპინძლეს. როგორც გვახსოვს, "ჩაქუჩების" ბარიერის გადალახვის შემდეგ, ქართულმა გუნდმა 1/2 ფინალში მოუგო როტერდამის ფეიენოორდს, ფინალში კი იენის კარლ ცაისს, რის შემდეგაც თასების თასიც აღმართა.
რაც შეეხება "ბლანკოსის" მიერ განვლილ გზას, მოსკოველების დამარცხების შემდეგ, ამ გუნდმა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში მილანის ინტერს აჯობა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში კი, ბერნაბეუს ბინადრებმა 82-ე წუთზე გაშვებული ბურთით ლივერპულთან წააგეს. ესპანური ფეხბურთის მთავარი ფლანგმანის იმედები ალან კენედიმ დაასამარა.
იმის შემდეგ, რეალი ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალში არასდროს დამარცხებულა. ამ გუნდის ანგარიშზე იმ დროისთვის იყო სულ რაღაც ექვსი ტიტული, მაგრამ დღეს, მადრიდელთა კოლექციაში უკვე 15 თასია. მათ უახლოეს მდევარს, მილანს, აქვს 7 ტიტული, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვაობა მე-2 პოზიციაზე მყოფ კლუბთან უკვე 2-ჯერ უფრო მეტია.

1981 წლისთვის კი "სამეფო კლუბი" სულ რაღაც სამი თასით უსწრებდა მიუნხენის ბაიერნსა და ამსტერდამის აიაქსს. პარკ დე პრენსზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ბლანკოსს" მერსისაიდელებიც მიუახლოვდნენ. ნამდვილად საოცარია, ჩვენ ვსაუბრობთ გუნდის შესახებ, რომელმაც 1981 წლის შემდეგ, ლიგის 9/9 ფინალი მოიგო.
ბოლოს სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების კიდევ ერთი მარცხის შესახებაც ვისაუბროთ. ამჯერად, თასების მფლობელთა თასის ფინალში. 1983 წელი - 112-ე დამატებულ წუთზე ალფრედო დი სტეფანოს შეგირდებს აბერდინი უგებს. ეს იყო ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ამ დროისთვის ბოლო წაგებული ფინალი ევროსარბიელზე.
ცნობისთვის, "დონსის" მწვრთნელი იმ დროს ალექს ფერგიუსონი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგენდარული სპეციალისტის ანგარიშზე მსგავსი ტიპის მიღწევაც არის: შოტლანდიელი ფეხბურთის ისტორიაში ბოლო დამრიგებელია, რომელმაც რეალს ევროტურნირის ფინალი მოუგო. მოგვიანებით, მადრიდელები მანჩესტერ იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგის პლეიოფიდან 3-ჯერ გამოთიშავენ. ასეთი იქნება ესპანელთა ერთგვარი შურისძიება ლეგენდარულ სპეციალისტზე.


















