შეხვედრა კერპთან
ლონდონის არსენალში 22-წლიან მუშაობამდე, ფრანგი მწვრთნელი მოღვაწეობდა ნანსიში, "თეთრ-წითლებსა" და ნაგოია გრამპუს ეითში. პირველი ტიტულები "მეთოფეთა" ლეგენდარულმა დამრიგებელმა მოიგო სწორედ "მონეგასკებში": საფრანგეთის ჩემპიონობა და ქვეყნის თასი. 90-იანების დასაწყისისთვის "პროფესორის" გუნდი ევროსარბიელისთვისაც მომწიფდა.
საინტერესოა ის, რომ ვენგერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ლიგა 1-დან ტურნირზე ადგილი თავდაპირველად დაიკავა მარსელის ოლიმპიკმა, მაგრამ მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებული საქმის გამო, ეს გუნდი მოკვეთეს ევროტურნირებს და ლიგა 2-ში დააქვეითეს. რჩებოდა 2 ვარიანტი: ვიცე-ჩემპიონი პარის სენ-ჟერმენი და მე-3 პოზიციაზე გასული ლუი II-ის ბინადრები.

პსჟ-მ უარი განაცხადა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე და არჩევანი მონაკოზე შეჩერდა. იმ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფორმატი იყო ასეთი - საკვალიფიკაციო რაუნდი, 1-ელი ეტაპი, მე-2 ეტაპი და ბოლოს 8 საუკეთესო კლუბისგან შემდგარი 2 ჯგუფი. ათენის აეკსა და ბუქარესტის სტიაუსთან მოგების შემდეგ, "თავადები" 8 საუკეთესოს შორის მოხვდნენ.
ჯგუფი იყო ასეთი - "ბლაუგრანა", "თეთრ-წითლები", სტამბულის გალათასარაი და მოსკოვის სპარტაკი. ფრანგი მწვრთნელი მოუთმენლად ელოდა სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მატჩს, რადგან იქ იმ დროს მისი ნიდერლანდელი კერპი მოღვაწეობდა. არსენი იხსენებს, რომ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება კრუიფმა ჯერ კიდევ საფეხბურთო კარიერის დროს მოახდინა.

"ის ჩემი კერპი იყო. როგორც ფეხბურთელმა და მოგვიანებით როგორც მწვრთნელმა, მან ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ვის შევადარებდი მას? ჯეიმს დინს. კრუიფი არ ამბობდა უარს მოწევაზე, მაგრამ მაინც საუკეთესო იყო. ერთხელ ის ვნახე სტრასბურგში, მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, მან მიირთვა სენდვიჩი, შემდეგ იოჰანი გამოვიდა მოედანზე და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ნიდერლანდელი შემტევი იყო ნამდვილი სიმბოლო იმისა, თუ რას ნიშნავს თავისუფლება და ჩარჩოებს მიღმა გასვლა. ტოტალური ფეხბურთის გარეშე არ იქნებოდა ყველაფერი ის, რაც საფეხბურთო სამყაროში დღეს არის. ბარსასა და აიაქსის ლეგენდარულმა ფორვარდმა წარუშლელი მემკვიდრეობა დატოვა", - იხსენებდა "მონეგასკების" იმდროინდელი დამრიგებელი.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, "მფრინავი ჰოლანდიელის" განკარგულებაში იყვნენ ხრისტო სტოიჩკოვი, რომარიო ფარია, ხოსეპ გუარდიოლა, რონალდ კუმანი, მიქაელ ლაუდრუპი და სხვები. "პროფესორს" კი ჰყავდნენ იურგენ კლინსმანი, იური ჯორკაეფი, ენცო შიფო და ასევე მოთამაშები, რომლებიც მომავალში ითამაშებენ კატალონიაში: ემანუელ პეტი და ლილიან ტურამი.
"ბლაუგრანამ" გამარჯვება მოიპოვა ორივე შეხვედრაში, ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი და ნახევარფინალში გავიდა. ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მეორე პოზიციით ვენგერის კოლექტივიც მოხვდა. "ლურჯ-ბროწეულსიფრები", ისევე როგორც ფრანგები, მოგვიანებით მილანთან განადგურდებიან. კრუიფსა და არსენს ფაბიო კაპელო აჯობებს.

გამხნევება მძიმე დროს
იმის შემდეგ, ნიდერლანდელი და ფრანგი მწვრთნელების გზები აღარ გადაკვეთილა. ერთი 1996 წელს საერთოდ წავა სამწვრთნელო საქმიანობიდან, მეორე კი მოგვიანებით "კანონირებთან" ერთად ეპოქას შექმნის. ის არაერთხელ მოიგებს პრემიერ ლიგას, 1-ხელ დაუმარცხებლადაც. პირველად თავის ისტორიაში, ვენგერის გუნდი გავა ლიგის ფინალამდეც, სადაც სწორედ კამპ ნოუს ბინადრებთან წააგებს.
2010-იანების დასაწყისში ემირეითსზე დაისადგურებს კრიზისი - გუნდი მყარად დამკვიდრდება მეოთხე ადგილზე, მანჩესტერ იუნაიტედთან ანგარიშით 2:8 წაგება კი იმდროინდელი მძიმე დროის ერთგვარი ილუსტრაცია იქნება. საფეხბურთო სამყარო ერთხმად შეჯერდება იმ აზრზე, რომ არსენალისა და ფრანგი სპეციალისტის გზები უნდა გაიყაროს.

იოჰანი იქნება ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც არსენს გვერდში დაუდგება - "ხალხი ბოლომდე ვერ აცნობიერებს იმას, თუ რამხელა შრომა აქვს ჩადებული ვენგერს არსენალის წარმატებაში. ეს გუნდი 15 წლის მანძილზე სტაბილურად რჩება უმაღლეს მწვერვალზე და ჩემპიონთა ლიგის 1 გათამაშებასაც არ ტოვებს.
არსენის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ის ისეთივე მნიშვნელოვანია ლონდონელებისთვის, როგორც ფერგიუსონი მანჩესტერისთვის", - აცხადებდა ბარსას ლეგენდარული ტაქტიკოსი 2012 წელს. ფრანგმა სპეციალისტმა გაუძლო კრიტიკას და "მეთოფეებში" მოგვიანებით კიდევ 6 წელი იმუშავა.

ვენგერის მთავარი შეგირდი ბარსელონა
ვენგერის სახელს პერიოდულად უკავშირებდნენ ბარსელონას, თუმცა ის "კანონირების" ერთგულად რჩებოდა. მისი გადმოსვლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კატალონია გუარდიოლამ დატოვა. ბევრის აზრით, ფრანგ სპეციალისტს სჭირდებოდა ახალი გამოწვევა, მაგრამ მან თავისი გუნდი მძიმე წუთს ვერ მიატოვა.
არსენი არა, თუმცა "ბლაუგრანაში" გადავიდა მისი საუკეთესო შეგირდი - ტიერი ანრი. ლუი II-ზე დაწყებული თანამშრომლობა მოგვიანებით გაგრძელდა ჰაიბერიზეც, სადაც ფრანგმა ფორვარდმა თავისი კარიერის მთავარი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საერთო ჯამში 379 მატჩში 228 ბურთი გაიტანა. ასე დაიწერა ისტორია არსენალში.

2007 წელს, ლონდონელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გადავიდა იქ, სადაც ეპატიჟებოდნენ მის მწვრთნელს - "ლურჯ-ბროწეულისფრებში". მართალია, "მეთოფეთა" ლეგენდარული მე-14 ნომერი ესპანეთში არ ყოფილა ისეთი ეფექტური, როგორიც პრემიერ ლიგაში, მაგრამ თავისი წვლილი კამპ ნოუს ბინადართა წარმატებაში მან მაინც შეიტანა.
ტიტი არ ჩაკარგულა ისეთი ტიტანების გვერდით, როგორებიც არიან რონალდინიო გაუჩო, სამუელ ეტო'ო და ახალგაზრდა ლიონელ მესი. სანატრელი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ანრიმ მოიგო სწორედ გუარდიოლას გუნდში, თანაც ფინალში მისთვის პრინციპულ მეტოქესთან, იუნაიტედთან მოგებით.


















