მადრიდის რეალი - მიუნხენის ბაიერნი, ტურინის იუვენტუსი - მანჩესტერ იუნაიტედი, მილანი - ამსტერდამის აიაქსი...ევროპული ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებების რამდენიმე მაგალითი. 2000-იანებში ამ დუელებს დაემატათ კიდევ ერთი: ბარსელონა-ლონდონის ჩელსი. გავიხსენოთ კატალონიელებისა და "არისტოკრატების" შეხვედრები, რომელშიც უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი იყო.
რა ხდებოდა მტრობის დაწყებამდე?
ბარსელონა და ჩელსი პირველად ერთმანეთს შეხვდნენ 1965/1966 წლების სეზონში, ბაზრობათა თასის ნახევარფინალში. 2:0 იმარჯვეს ჯერ კატალონიელებმა, შემდეგ კი ლონდონელებმა. იმ დროს ფეხბურთში ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ექსტრა ტაიმი და 11-მეტრიანები, რის შედეგადაც "ბლაუგრანასა" და "არისტოკრატებს" შორის მე-3 შეხვედრა დაინიშნა.
კამპ ნოუს ბინადრებმა იმარჯვეს უშანსოდ, ანგარიშით 5:0. ამ გუნდების შემდეგი დაპირისპირება შედგა 34 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1999/00 წლების 1/4 ფინალში. ორი 90-წუთიანი შეხვედრა საკმარისი არ გამოდგა კვლავ (3:1, 3:1), დაინიშნა ექსტრა ტაიმი, სადაც ლუი ვან გაალის შეგირდებმა კიდევ 2 ბურთი შეაგდეს.
მტრობის დასაწყისი - მოურინიოს ფაქტორი, რონალდინიოს ჯადოქრობა
ბარსელონასა და ჩელსის შემდეგი დაპირისპირება - ჩემპიონთა ლიგის 2004/2005 წლების სეზონის მერვედფინალი. პირველ მატჩში მაქსი ლოპესის დუბლით მოიგეს კატალონიელებმა, საპასუხო შეხვედრაში კი დაფიქსირდა 4:2, ლონდონელების სასარგებლოდ. რა გვახსოვს იმ თამაშიდან? მოედნის საშინელი საფარი, რონალდინიო გაუჩოს ჯადოქრობა და საკამათო, მე-4 ბურთი "არისტოკრატების" მხრიდან.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მატჩის მე-19 წუთისთვის ჟოზე მოურინიოს გუნდი "ბლაუგრანას" უკვე 3:0-ს ანადგურებდა. შემდეგ იყო ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი ბრაზილიელი ფლეიმეიქერის შესრულებით და მისივე გოლი-შედევრი: ცრუ მოძრაობა, დამალული დარტყმა და გაქვავებული პეტრ ჩეხი, 3:2, ანგარიში, რომელიც უკვე კამპ ნოუს ბინადრებს აწყობდათ.
ჩელსის გადამრჩენელი გამოდგა ჯონ ტერი, რომლის თავურმა დარტყმამ მისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა. არსებობს მოსაზრება, რომ ლონდონელთა კუთხურის ჩაწოდების მომენტში ვიქტორ ვალდესს რეაგირებაში ხელს უშლიდნენ მასპინძელთა მოთამაშეები, მაგრამ პიერლუიჯი კოლინამ ასე არ ჩათვალა და ფრანკ რაიკაარდის გუნდმა მე-4 ბურთი გაუშვა.
შეხვედრა ერთი წლის შემდეგ - ნადირობა ლიონელ მესიზე
კვლავ მერვედფინალი, თუმცა ამჯერად გამარჯვებული ბარსელონა გამოვიდა. პირველი მატჩი გაიმართა ინგლისში, ისევ მოედნის საშინელ საფარზე, მაგრამ კატალონიელებს ჰქონდათ კიდევ ერთი დაბრკოლებაც: ჩელსის მოთამაშეების სიხისტე, მიზანში ამოღებული იყო სტუმართა შემტევი ტრიო: რონალდინიო, ეტო'ო და თინეიჯერი მესი.
ყველაზე მეტი მოხვდა სწორედ არგენტინელ გარემარბს, განსაკუთრებით ასიერ დელ ორნოსგან, რომელმაც უხეშობის გამო წითელი ბარათიც მიიღო. პირველი შეხვედრა ლეომ ითამაშა თავიდან ბოლომდე, მაგრამ საპასუხო დუელში ახალგაზრდა ვინგერმა მოედანი უკვე 25-ე წუთზე დატოვა.
რაც შეეხება დაპირისპირების შედეგს, "ბლაუგრანამ" ანგარიშით 2:1 იმარჯვა გასვლით მატჩში, მეორე თამაშში კი 1:1 დაფიქსირდა. მაყურებელმა იხილა ორი ავტოგოლი, კამერუნელი ფორვარდის გამარჯვების მომტანი თავური და რა თქმა უნდა, ბრაზილიელი ფლეიმეიქერის ჯადოქრობა.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ, კამპ ნოუს ბინადრები და ლონდონელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კვლავ, ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე. შეხვედრები გამოდგა ნაკლებად სკანდალური და საინტერესოა ის, რომ უკვე პლეიოფში, როგორც რაიკაარდის გუნდი, ისე "არისტოკრატები", ლივერპულთან გამოვარდნენ.
კულმინაცია - ნორვეგიელი ანტიგმირის საღამო
მივადექით მატჩს, რომელიც სკანდალური თამაშის სინონიმად იქცა. ჩემპიონთა ლიგის 2008/2009 წლების სეზონი, ნახევარფინალი - ბარსელონას მოედანზე დაფიქსირდა უგოლო ფრე, საპასუხო შეხვედრაში კი 1:1. ანგარიშებში არაფერია სენსაციური, მაგრამ ის, თუ რაც მოხდა განმეორებითი თამაშის მიმდინარეობისას, მსაჯური კომპეტენციის ჩარჩოებში არ ჯდება.
მატჩის არბიტრმა, ტომ ჰენინგ ევრებემ კატალონიელთა სასარგებლოდ არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მაყურებელს ახსოვს "ბლაუგრანას" საჯარიმოში დანი ალვეშის მიერ წაქცეული ფლორან მალუდა, ასევე საჯარიმოში წაქცეული დიდიე დროგბა, ერიკ აბიდალთან ორთაბრძოლის შემდეგ.
მოგვიანებით, ივუარელი თავდამსხმელი კვლავ აღმოჩნდა წაქცეულის როლში, ამჯერად თანამემამულე იაია ტურესთან შეჯახებისას. სხვა საკამათო ეპიზოდები: ჟერარდ პიკეს ხელით თამაში, ასევე მიხაილ ბალაკის დარტყმა, რომლის შემდეგაც ბურთი ხელზე უკვე ეტოოს ხვდება. ნორვეგიელმა მსაჯმა ეს ყველაფერი უყურადღებოდ დატოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჩელსის ფეხბურთელების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. გუშინდელი დღესავით გვახსოვს აფექტის მდგომარეობაში მყოფი გერმანელი ფლეიმეიქერი და ლონდონელთა ფორვარდი, სიტყვებით: "It Was F*cking Disgrace!". მოგება დარჩათ კამპ ნოუს ბინადრებს, სტუმრად გატანილი ბურთის ხარჯზე.
რა მოხდა შემდეგ?
ამით, ბარსელონასა და ჩელსის ურთიერთმატჩების ისტორია არ დასრულებულა. დუელი სამი წლის შემდეგ, ისევ ნახევარფინალში, გამარჯვება ამჯერად ლონდონელებს დარჩათ. პირველ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით მოიგეს ინგლისელებმა, საპასუხო თამაშში კი 2:2 დაფიქსირდა.
აღსანიშნავია მესის მიერ გამოუყენებელი პენალტი და პეპ გუარდიოლას წასვლის ფაქტორი. დიახ, ეს იყო ტიტულოვანი მწვრთნელის ამ დროისთვის ბოლო შეხვედრა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე კატალონიელთა დამრიგებლის რანგში. გავიხსენოთ ისიც, რომ "ბლაუგრანას" ბარიერის დაძლევის შემდეგ, "არისტოკრატებმა" ფინალში მოუგეს ბაიერნს და ნანატრი ტიტული მიიღეს.
კამპ ნოუს ბინადრებისა და ჩელსის ამ მომენტისთვის უკანასკნელი დაპირისპირება შედგა 2017/2018 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. მოიგეს ამჯერად კატალონიელებმა, თანაც ძალიან მარტივად, 1:1-ის შემდეგ, 3:0 საპასუხო შეხვედრაში. ცნობისთვის, მესიმ იმ დუელში ლონდონელთა კარი პირველად აიღო.















