ლეგენდარული მირჩა ლუჩესკუ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. საუბარია მწვრთნელის შესახებ, ვინც თითქმის 50-წლიანი კარიერის განმავლობაში 35 ტიტული მოიგო. რუმინელ ექს-დამრიგებელზე მეტი ჯილდო მოიპოვა მხოლოდ ორმა სპეციალისტმა: ალექს ფერგიუსონმა (49) და პეპ გუარდიოლამ (40).
ტიტულების გარდა, ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, თუ ფეხბურთის რამდენ ლეგენდასა და ვარსკვლავთან აქვს ნამუშევარი მილანის ინტერის ექს-დამრიგებელს, თანაც სხვადასხვა ეპოქაში. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ რუმინეთის ეროვნული გუნდის ოქროს თაობის წარმომადგენლები: გეორგე ჰაჯი და გეორგე პოპესკუ, რომლებთან კავშირიც მათი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა.
რუმინულმა სამეულმა სტამბოლის გალათასარაიში მოღვაწეობის დროს 2000 წლის უეფას სუპერ თასზე თვით მადრიდის რეალი დაამარცხა. აღნიშნული ტიტულის შემდეგ, თურქულ გუნდებს ევროთასი არ მოუგიათ. "სამეფო კლუბთან" შეხვედრაში გაიბრწყინა მარიო ჟარდელმა, რომელმაც "ლომებში" თამაშის დროს, "ბატონის" ხელმძღვანელობით 43 თამაშში 34 ბურთი შეაგდო.
ორი ოქროს ბუცის მფლობელი ბრაზილიელი თავდამსხმელის კარიერა იქნებოდა უფრო სახელოვანი, რომ არა დეპრესია და აკრძალული ნივთიერებებისადმი მიდრეკილება. სამწუხაროდ, პორტუსა და ლისაბონის სპორტინგის ექს-ფორვარდს ვერც ლუჩესკუმ უშველა. ცნობისთვის, ბრაზილიის ეროვნული გუნდის ყოფილი მე-9 ნომერი ხანმოკლე დროით აღმოჩნდა თემურ ქეცბაიასთანაც, ფამაგუსტის ანორთოსისში.
დავუბრუნდეთ რუმინელ მწვრთნელს, ვისთვისაც კარიერის ყველაზე ვარსკვლავური პერიოდი "ნერაძურიში" მუშაობა გამოდგა. 1998/1999 წლების სეზონი: ლეგენდარულ სპეციალისტს უწევდა ისეთი ტიტანების მოთვინიერება, როგორებიც არიან ჯუზეპე ბერგომი, რობერტო ბაჯო, ივან ზამორანო, რონალდო ნაზარიო, დიეგო სიმეონე, ხავიერ ძანეტი და სხვები.
მირჩას მწვრთნელობით ჯუზეპე მეაცაზე თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა ანდრეა პირლოც, ჯერ კიდევ თავდამსხმელის პოზიციაზე. იმდროინდელ ლუჩესკუს გუნდს ჰქონდა უდიდესი პოტენციალი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი შეეწირა ბრაზილიელი, იტალიელი და არგენტინელი მოთამაშეების კლანებად დაყოფას.
ფეხბურთელებზე მეტად, სიტუაციას ამძაფრებდნენ მათი აგენტები, რის შედეგადაც სეზონის დასრულების შემდეგ, რუმინელმა მწვრთნელმა ინტერნაციონალე დატოვა. რაც შეეხება მირჩას კარიერის მთავარ კლუბს: უდავოდ, დონეცკის შახტარი, რომელთან ერთადაც მან 2004-2016 წლებში 22 ტიტული მოიგო.
მთავარი მათ შორის არის 2009 წელს მოპოვებული უეფას თასი. მილანური გუნდის ყოფილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "მაღაროელების" შემადგენლობაში სხვადასხვა დროს ბრწყინავდნენ დუგლას კოშტა, ვილიან და სილვა, ფერნანდინიო ლუის როსა და სხვები. როგორც ვხედავთ, "ბატონმა" გარკვეული როლი 2010-იანების "სელესაოს" ფორმირებაშიც მოახდინა.
ლუჩესკუს გავლენა ფეხბურთზე უსაზღვროა, საკმარისია მოვიყვანოთ ორი ფაქტი, პირველი - 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გოლკიპერები: კლაუდიო ტაფარელი და ჯანლუკა პალიუკა, ორივე მათგანი სხვადასხვა დროს სწორედ რუმინელ სპეციალისტთან მუშაობდა. იტალიელი კარის დარაჯი "ნერაძურიში", მისი ბრაზილიელი მოწინააღმდეგე კი გალაში.
მეორე ფაქტი - ახალი ათწლეულის ინტერის ორი ფუნდამენტური ფეხბურთელი - ჰენრიხ მხითარიანი და ჰაკან ჩალჰანოღლუ, დიახ, ისინიც მირჩას ყოფილი შეგირდები არიან. სომეხი ფლეიმეიქერი მასთან მუშაობდა დონბასში, კარიერის სტარტზე, თურქი შუახაზელი კი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში.
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ მეკარეებსა და მილანური გუნდის ნახევარმცველებს შორის დროის შუალედი 25 წელზე მეტი არის. ბოლოს კი ყველაზე საინტერესო: ქართველი მოთამაშეების კვალი ლეგენდარული სპეციალისტის კარიერაში. დიახ, ასეთი შემთხვევებიც იყო.
"ნერაძურის" ყოფილი მწვრთნელის შახტარში მუშაობის დროს, უკრაინულ გუნდში დამკვიდრების მცდელობა ჰქონდათ თორნიკე ოქრიაშვილს, დავით თარგამაძესა და გიორგი არაბიძეს. ამ უკანასკნელმა "ბატონის" ხელმძღვანელობით დონეცკში 3 შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო.
ლუჩესკუ ასოცირდება "მაღაროელებთან", თუმცა სამწვრთნელო კარიერის მიწურულს მან შეიარა კიევის დინამოშიც, სადაც მასთან მუშაობის ბედნიერება გიორგი წიტაიშვილს ჰქონდა. ახალგაზრდა ვინგერმა ლეგენდარული რუმინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 4 შეხვედრა ჩაატარა.
მირჩამ ფეხბურთს ფაქტიურად მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა. 80 წლის ასაკშიც კი, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ის იმყოფებოდა სტადიონზე და რუმინეთის მუნდიალზე გაყვანას ცდილობდა. ლეგენდარული სპეციალისტი წავიდა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დარჩა, მარადიულად.















