ჯგუფიდან გასასვლელად ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, თანაც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან. მართალია, პირენეელებს პირველი პოზიცია და 1/8 ფინალის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ ევრო 2024-ის დებიუტანტთან მოგება პრინციპის საქმე იყო.
ამასთან ერთად, ლუზიტანები კრიშტიანუ რონალდუს პირველი გოლის მოლოდინშიც იყვნენ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა და ზოგადად "თეთრ-წითლების" მთელმა უკანახაზმა ლეგენდარულ ბომბარდირს ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს. პორტუგალიელმა ფორვარდმა მოედანი უკმაყოფილოდ, 0 გატანილი ბურთით, დატოვა.

აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ბავშვობის ოცნება აიხდინა, ის მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთან მაისურის გაცვლის მომენტს დიდხანს ელოდებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი ვინგერი ჯერ ლეგენდარულ 7-იანთან მივიდა და უკვე შემდეგ შეუერთდა გუნდელებს ისტორიული მოგების აღსანიშნად.
"რონალდუს მაისური გამოვართვი. თამაშის წინ, ის ჩემთან მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა", - განაცხადა ნაპოლის ვინგერმა მატჩის დასრულების შემდეგ.
დღეს, საქართველოს ეროვნული გუნდის გზაზე იდგება კიდევ ერთი გამორჩეული მეტოქე, "ფურია როხა".
საინტერესო დამთხვევა კი ის არის, რომ "ჯვაროსნების" მეშვიდე ნომრის კიდევე ერთი კუმირი, ხოსე მარია გუტი, სწორედ ესპანელია. ახალგაზრდა გარემარბს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი საყვარელი მოთამაშე ესპანელი გამთამაშებელი არის. თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური შემსრულებელი, რომლის პასის კულტურა ნამდვილი ხელოვნება იყო.

"ჩემი პირველი სიყვარული რეალიდან გუტი იყო. თბილისში ბავშვები ვთამაშობდით თეთრი მაისურებით, სადაც ჩემივე ხელით მაისურზე მისი სახელი მქონდა დატანილი", - აცხადებდა 23 წლის ვინგერი. ეს მესიჯი მალევე მივიდა ყოფილ ესპანელ გამთამაშებლამდე და მან ახალგაზრდა შემტევს თავისი ავტოგრაფიანი მაისური გაუგზავნა.
"ხვიჩა, მადლობა, რომ შეგიყვარდა ჩემი ფეხბურთი. ბევრ ბავშვს კი შენი ფეხბურთი შეუყვარდა. იმედი მაქვს, რომ მაისური მოგეწონება და შენი ოცნებები ახდება. რეალში გელოდები. იმედი მაქვს, მალე გნახავ", - როგორც ვხედავთ, ხოსე მარიამ ქართველი ვინგერის სიტყვები გულთან ახლოს მიიტანა. ცოტა ხნის წინ, მადრიდელთა ყოფილმა ვარსკვლავმა კვარა კიდევ ერთხელ ახსენა.
"სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი კუმირად შენ გასახელებს. სიმართლე გითხრათ, ხვიჩაზე გაბრაზებული ვარ, რადგან მისი მაისური ჯერ კიდევ არ მაქვს. ამის შესახებ გვისაუბრია, მაგრამ კვარას მაისურმა ჩემამდე ვერ მოაღწია. იმედი მაქვს, ევრო 2024-ზე სანატრელი საჩუქრის მიღების საშუალება მომეცემა", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ყოფილმა მე-14 ნომერმა.
ქართველმა გარემარბმა უკვე თქვა, რომ 47 წლის ყოფილი ნახევარმცველი თავის საჩუქარს აუცილებლად მიიღებს. საინტერესოა, მაისურის ჩუქებამდე, შეძლებს თუ არა "ჯვაროსნების" ვინგერი გუტის ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის გოლის გატანას. რომც ვერ მოახერხოს, ახალგაზრდა შემტევმა თანამემამულეებთან ერთად ისტორია უკვე დაწერა.
რაც შეეხება ჩვენი ნაკრების მეშვიდე ნომრის "ბლანკოსში" ტრანსფერს, ჯერჯერობით, ეს ნაკლებად სავარაუდოა და ზოგადად, არ ღირს მის მომავალზე საუბარი ახლა, რადგან 23 წლის ვინგერის გონება მთლიანად ევრო 2024-ის 1/8 ფინალზეა გადართული. მან უკვე გაიარა საოცარი გზა და ყველაზე სასიამოვნო ამ ისტორიაში ის არის, რომ კვარას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.


















