დიახ, "მამლებსა" და "ფურია როხაში" ტოპ ფეხბურთელების ნაკლებობა არც იქამდე და არც იმის შემდეგ ყოფილა, თუმცა სწორედ იმ შუალედს დაემთხვა ორი ხელოვანის კარიერის საუკეთესო პერიოდი. საუბარია ზინედინ ზიდანისა და ანდრეს ინიესტას შესახებ. ერთმა საფეხბურთო სამყარო ევრო 2000-ზე, მეორემ კი ევრო 2012-ზე მოაჯადოვა. განვიხილოთ, თუ რომელმა მათგანმა დატოვა უფრო დიდი შთაბეჭდილება.

ზიდანი ევრო 2000-ზე
1999/2000 წლების სეზონში ტურინის იუვენტუსის რიგებში სკუდეტოს ხელიდან გაშვების შემდეგ, ზიდანი ხასიათის გამოსასწორებლად ნიდერლანდებსა და ბელგიაში გასამართ ევრო 2000-ზე ჩავიდა. 1998 წლის მუნდიალის მოგების შემდეგ, "სამფეროვნები" ფავორიტებად მოიაზრებოდნენ კონტინენტის პირველობაზეც და ცხადია, მათზე უდიდესი ზეწოლა იყო.
"გალების" ლიდერად ზინედინი მიიჩნეოდა, რომელსაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, პოპულარობითა და გავლენით იმდროინდელ ფეხბურთში მხოლოდ რონალდო ნაზარიო თუ შეედრებოდა. ფრანგმა მოთამაშემ პირველი მატჩის სტარტზევე გაიბრწყინა, დანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, როდესაც მე-11 წუთზე ბურთის მიღების შემდეგ, მან მეტოქე გუნდის 4 მოთამაშე არც კი შეიმჩნია.
როჟე ლემერის შეგირდებმა იმ შეხვედრაში ანგარიშით 3:0 იმარჯვეს, ორი გოლი კი სწორედ იუვენტუსის გამთამაშებლის აქტიურობას მოჰყვა. პირველი ბურთი - შეტევას იწყებს სწორედ "ზიზუ", რომელიც პასს აძლევს ნიკოლა ანელკას, ყველაფერი კი ლორან ბლანის დაგვირგვინებული მომენტით სრულდება. მეორე ბურთი: სკანდინავიელთა შეტევას შლის სწორედ ფრანგების 10-იანი, რომელსაც კონტრშეტევაზე ტიერი ანრი გაჰყავს.

ერთი სიტყვით, იდეალური სტარტი, როგორც ზიდანისთვის, ისე ზოგადად "მამლებისთვის". ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მოწინააღმდეგე იყო ჩეხეთის ეროვნული ნაკრები, რომელსაც ურთულეს ბრძოლაში "სამფეროვნებმა" მაინც მოუგეს, 2:1. ზინედინი მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა მომენტების შექმნას "გალებისთვის", მაგრამ "ბოჰემიელთა" კარში მხოლოდ 2 ბურთი გავიდა.
მესამე ტური - ნაადრევ ფინალად მონათლული დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელ "მფრინავ ჰოლანდიელებთან", რომელიც ლემერის გუნდის წაგებით დასრულდა. საფრანგეთმა 6 ქულით დაიკავა მე-2 პოზიცია და 1/4 ფინალში შედგა დაპირისპირება ევრო 2000-ის კიდევ ერთ ფავორიტთან, ესპანეთთან.
"მამლების" გამთამაშებელმა "ფურია როხას" წინააღმდეგ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ყველაფრის შესახებ დაწვრილებით გიამბობთ. ევრო 2000-ზე პირველი ბურთის გატანის მცდელობა, მე-20 წუთზე, იუვენტუსის ფლეიმეიქერს ჰქონდა, მაგრამ მას არ გაუმართლა. 12 წუთის შემდეგ, "ზიზუმ" პირენეელები მაინც დაამწუხრა.

ეს იყო ულამაზეს სტილში შესრულებული საჯარიმო დარტყმა - "სამფეროვნების" ათიანმა სანტიაგო კანისარესს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა. ის შეხვედრა "გალთა" მოგებით, 2:1 დასრულდა. ბევრისთვის, ის მატჩი ზიდანისა და ხოსეპ გვარდიოლას დუელი იყო, რომელშიც მომავალმა ჩემპიონმა თავის მეტოქეს მოედნის ცენტრში ყველა კომპონენტში აჯობა.
მოგვიანებით, ესპანელი ნახევარმცველი თავის ფრანგ მოწინააღმდეგეს დაახასიათებს, როგორც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამართულ მატჩსაც გაიხსენებს. "მამლები" გავიდნენ 1/2 ფინალში, სადაც მეტოქე პორტუგალიის ეროვნული გუნდი იყო. კიდევ ერთი დუელი, ამჯერად ლუიშ ფიგუსთან.

ცნობისთვის, შეხვედრის დაწყების წინ, ზინედინს ჰკითხეს, თუ ვინ იყო იმდროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მან სწორედ პორტუგალიელი ვინგერი დაასახელა. იუვენტუსის ფლეიმეიქერმა გააკეთა ორი განუმეორებელი პასი ლილიან ტურამსა და ბიქსენტ ლიზარაზუზე, მაგრამ ეს ყველაფერი ნუნუ გომეშის გატანილმა ბურთმა გააბათილა.
იგრძნობოდა ნერვიულობა, კამერები კი მიმართული იყო ნაკრების ლიდერებზე - "ზიზუსა" და იმ დროს ჯერ კიდევ ბარსელონას გარემარბზე. "სამფეროვნებმა" შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, რის შედეგადაც მატჩი დამატებით დროში გადავიდა, ამ პერიოდშიც ყურადღების ცენტრში კვლავ ლეგენდარული 10-იანი აღმოჩნდა.
შეხვედრის 117-ე წუთზე, პირენეელების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად და ცივსისხლიანად სწორედ ზიდანმა შეასრულა. "გალები" გავიდნენ ფინალში, სადაც მეტოქე იტალიის უძლიერესი ეროვნული გუნდი იყო. ფრანგ ფლემეიქერს კვლავ ჰქონდა პერსონალური დუელები, თანაც 3 - დიდებულ პაოლო მალდინისთან, იმდროინდელ თანაგუნდელ, ალექს დელ პიეროსა და პერსონალურ მეურვე, დემეტრიო ალბერტინისთან.

ანგარიში "სკუადრა აძურამ" 55-ე წუთზე გახსნა, რის შემდეგაც "მამლები" მთელი ძალებით წინ წავიდნენ. ზინედინი იყო ყველგან, ის მთელი ძალებით ცდილობდა "სამფეროვნებისთვის" მომენტების შექმნას, მაგრამ მილანის ლეგენდარული შუახაზელი მასთან მიმართებით უშეცდომოდ და ცივსისხლიანად მოქმედებდა.
"გალებმა" მაინც შეძლეს ნავსის გატეხვა, 94-ე წუთზე, სილვიენ ვილტორის გოლით, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. მომავალი ჩემპიონების მხრიდან ყველაზე აქტიური კვლავ იუვენტუსის ფლეიმეიქერი იყო, 103-ე წუთზე კი რობერტ პირესის გარღვევის შემდეგ, დავიდ ტრეზეგეს დარტყმამ ლემერის გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.

"ზიზუმ" 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ორი გოლი გაიტანა და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა, თუმცა მისი სიდიადე სტატისტიკით არ იზომება. უეფას ოფიციალური ვებგვერდი საფრანგეთის 10-იანის პერფომანს იხსენებს ასე: "
"მარადონას შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა მოთამაშე, რომელსაც ტურნირის მიმდინარეობაზე ჰქონოდა იმხელა გავლენა, რამხელაც ზიდანს გააჩნდა.
პირველი შეხვედრიდან - ფინალამდე, ზინედინს მოწინააღმდეგეები უბრალოდ დაჰიპნოზებული ჰყავდა. როდესაც საფრანგეთს უჭირდა, ამ ნაკრების ხსნა სწორედ "ზიზუში" იყო", - წერს უეფა.
ის დასახელდა ევრო 2000-ის საუკეთესო მოთამაშედ და მისი პერფომანსი დღემდე ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.

ინიესტა ევრო 2012-ზე
2008 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, ესპანეთმა ახალი გამოწვევა მიიღო - პირველად ისტორიაში ზედიზედ 3 დიდი სანაკრებო ტურნირის მოგება და ევროზე ტიტულის დაცვა. "ფურია როხა" ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ერთი კონკრეტული მოთამაშის გამორჩევა რთული იყო.
პირენეელები სისტემურად მოქმედებდნენ, როგორც ერთიანი მექანიზმი, თუმცა ერთმა ფეხბურთელმა ჩარჩოებიდან გამოსვლა მაინც მოახერხა. ცხადია, საუბარი ინიესტას შესახებ არის. მისი და ჩავი ერნადესის დუეტი მოედნის ცენტრში შეუჩერებელი ჩანდა. ამის გარდა, "წითლებს" ზურგს უმაგრებდა დიდ სანაკრებო ტურნირებზე ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია.
ამის მიუხედავად, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის ასპარეზობა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო ფრით - 1:1, მომავალ ფინალისტთან, იტალიასთან. ესპანელი ფლეიმეიქერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საკულტო გახდა აღნიშნულ თამაშში დაფიქსირებული კადრი: "სკუადრა აძურას" 5 ფეხბურთელისგან შემდგარი წრე, შუაში კი სწორედ ანდრესია.

ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრაში ესპანეთმა გაანადგურა ირლანდია, შემდეგ კი მინიმალური ანგარიშით ხორვატიასთანაც იმარჯვა. ბარსელონას ფლეიმეიქერმა ორივე მატჩში თითო-თითო ასისტი მიითვალა. ბალკანელებთან მოგების შემდეგ, "ელ ილუსიონისტამ" განაცხადა:
"ცხადია, გვინდა, რომ ყოველ მატჩს ვიგებდეთ ანგარიშით 3:0-ს, მაგრამ ზოგჯერ, პრობლემები ჩვენც გვექმნება".
ცნობისთვის, "მოჭადრაკეებთან" გამართული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ "ფურია როხას" მეექვსე ნომერი დასახელდა. წინ იყო მეოთხედფინალი, სადაც მეტოქედ პირენეელებს საფრანგეთი ელოდა. მომავალმა ჩემპიონებმა ჩაბი ალონსოს დუბლით იმარჯვეს, ინიესტა კი ჟორდი ალბაზე პრეასისტით გამოირჩა.
"მამლებთან" მარტივი გამარჯვების შემდეგ, "წითლებს" ნახევარფინალში კრიშტიანუ რონალდუ და მისი პორტუგალია დაუპირისპირდა. 120-წუთიანი უგოლო ფრეს შემდეგ, დაინიშნა 11-მეტრიანები, რომელშიც მოგებული დელ ბოსკეს გუნდი გამოვიდა. ესპანელმა ფლეიმეიქერმა თავისი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

ბოლოს კი ფინალი იტალიასთან და ერთგვარი შეცდომების გამოსწორების მომენტი. როგორც გვახსოვს, ამ ნაკრებების შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა ფრედ, 1:1, რითაც დიდ სანაკრებო ტურნირებზე ესპანეთის 14-მატჩიანი მოგებათა სერიაც შეწყდა. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: "ფურია როხამ" "სკუადრა აძურა" უბრალოდ არ შეიმჩნია და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
პირენეელების პირველი გოლი სწორედ ანდრესის ულამაზესი გადაცემის შემდეგ დაიწყო, რაც მოგვიანებით დავიდ სილვას მიერ გატანილი გოლით დაგვირგვინდა. "ლურჯები" ვერ უძლებდნენ დელ ბოსკეს გუნდის თამაშის რიტმს, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში, სადაც სწორედ ბარსას ფლეიმეიქერი ბატონობდა.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ "ელ ილუსიონისტა" დასახელდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამედ მოიგო. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, ასევე, ესპანელთა მე-6 ნომერმა მიიღო.
"უნიკალური ემოციები, უბრალოდ ჯადოქრობა, მეეჭვება, რომ ეს ოდესმე კიდევ განმეორდეს", - განაცხადა ინიესტამ მატჩის შემდეგ.

"ფურია როხამ" წარმატებით მოახერხა ტიტულის დაცვა და ზედიზედ მესამე დიდ სანაკრებო ტურნირზე ტრიუმფი. კონკრეტულად ესპანელი გამთამაშებელი კი ისტორიაში ერთი საინტერესო მიღწევით შევიდა: მან მონაწილეობა მიიღო 7 დიდი ტურნირის ფინალში და ყველა მოიგო. საუბარია როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო მიღწევებზე.
2006, 2009, 2011 და მოგვიანებით 2015 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალები, 2008 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატის ფინალები და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. ასეთია ანდრესის ოქროს 7-ეული. დავუბრუნდეთ ევრო 2012-ს, რომელშიც ის 2 ასისტით გამოირჩა, მაგრამ ლეგენდარული ფრანგი 10-იანის მსგავსად, ბარსას საკულტო ფლეიმეიქერის სიდიადადე ციფრებით არ ფასდება.

რომელმა მათგანმა დატოვა უფრო დიდი კვალი?
გასაგებია, რომ სტატისტიკის დაგროვების ეპოქაში ვართ, თუმცა ზიდანისა და "ელ ილუსიონისტას" თამაშის შეფასებაში ციფრები ყველაზე მეორეხარისხოვანი რამ არის. მათი პერფომანსი არის შემოქმედება, ხელოვნება, თამაშის წიგნივით წაკითხვის უნარი, რაც რიცხვებით არ ისაზღვრება.
ფრანგი გამთამაშებლისა და ესპანელთა ექვსიანის თამაშს უბრალოდ უნდა უყურო, ისიამოვნო ბურთთან მათი თითოეული შეხებით. დიახ, პირენეელებმა მოიგეს ზედიზედ 3 დიდი სანაკრებო ტურნირი, "სამფეროვნები" კი შემოიფარგლნენ 2 მოგებით, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. 1998-2000 წლების ფორმაციის "გალებიც", ისევე როგორც 2008-2012 წლების "წითლები", ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან.

დიახ, ინიესტას 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ უწევდა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი დელ ბოსკეს გუნდის გადარჩენა, როგორც ამას აკეთებდა ზინედინი 2000-ში ლემერთან, მაგრამ მნიშვნელობა არც ამას აქვს. ორივე მათგანი არის ლეგენდარული, ეპოქალური და საკულტო. ცნობისთვის, ევრო 2012-ზე მოთამაშე ესპანელი ფლეიმეიქერი მადრიდის რეალის ლეგენდარულმა შუახაზელმა სწორედ საკუთარ თავს შეადარა.
"ინიესტას თამაში მართლაც შთამბეჭდავია. ესპანეთი ბევრ რამეში სწორედ მასზეა დამოკიდებული. რაღაცით მაგონებს ჩემს თავს, უბრალოდ მას უფრო გაფითრებული სახე აქვს", - იხუმრა "ზიზუმ" 2012 წლის ზაფხულში.
და მაინც, რომელია მათ შორის საუკეთესო? გემოვნების საკითხია, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს.


















