ბარსელონამ ლა ლიგაში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის ლიდერების წინააღმდეგ ამჯერად ვერაფერი გააწყო ჟირონამ, რომელიც 1:4 განადგურდა. "ბლაუგრანას" შემადგენლობაში კვლავ გაიბრწყინა ახალგაზრდა ლამინ იამალმა, რომელმაც 7 წუთის შუალედში "ბლანკივერმელს" დუბლი შეუსრულა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შეხვედრის დებიუტშივე გაჭყლიტეს მეზობლები პრესინგით, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე 30-ე წუთისთვის გატყდა. დავიდ ლოპესმა სცადა წინ წასვლა, მაგრამ ვერაფერი გააწყო ესპანელ ვინგერთან, რომელმაც ჯერ მას წაართვა ბურთი, შემდეგ კი "თეთრ-წითლების" გოლკიპერიც მიაყოლა.
შვიდი წუთის შემდეგ, კატალონიელების გარემარბმა გოლი თავისი საყვარელი ადგილიდანაც გაიტანა. ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ცოტა ხნის წინ, სულ რაღაც 17 წლის გახდა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი ოქროს ბურთის ისტორიაში და ერლინგ ჰოლანდის შემდეგ, ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ევროპის ტოპ 5 ლიგაში.

ნორვეგიელი თავდამსხმელის ანგარიშზე ცხრა გოლია, კამპ ნოუს ბინადრების მე-19 ნომრის ანგარიშზე კი სამი ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ იამალი 11-მეტრიანებს არ ასრულებს. ასევე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ პრიმერა დივიზიონში საუკეთესო ასისტენტი სწორედ ესპანელი ვინგერია.
რაც შეეხება ბომბარდირობას, ლამინზე მეტი გოლი ამ დროისთვის მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს გატანილი. ამის გარდა, ახალგაზრდა გარემარბი ძალიან კარგია პრესინგის დროსაც: მის ანგარიშზე 20 ართმევა არის. ჰანსი ფლიკის გუნდის ვინგერის შედეგების გათვალისწინებით, მისი ლეო მესისთან შედარება გარდაუვალი ხდება.
თავად 17 წლის გარემარბის პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთია - "რა თქმა უნდა, მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მადარებენ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეს, მაგრამ მე საკუთარი გზა მაქვს. ვცდილობ ვიყო სასარგებლო ბარსასთვის, მაგრამ მესის დონემდე მისვლა უბრალოდ შეუძლებელია", - განაცხადა "ბლაუგრანას" მე-19 ნომერმა.

არგენტინელ შემტევთან შედარება აქტუალური იამალის კატალონიელთა მთავარ გუნდში გამოჩენისთანავე გახდა. ლეგენდარულ გამთამაშებელთან პარალელი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" უკვე დიდი ხანია არსებობს. თავად ლეოს გაბრწყინების შემდეგ, მას ადარებდნენ ყველა ახალგაზრდა ფორვარდს, რომელიც კამპ ნოუზე გამოჩნდა.
ბოიან კრკიჩიდან - ანსუმანე ფატიმდე, თითოეული მათგანის გარშემო ბარსელონას ლეგენდარული კაპიტნის სახელი ტრიალებდა. სამწუხაროდ, ვერცერთ მათგანზე ვერ ვიტყვით, რომ მათ "ბლაუგრანას" მე-10 ნომრის გზის გაგრძელება შეძლებს. დიახ, ამის თქმა ლამინზეც ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, ის ძალიან კარგი ტემპით მიდის.
აღნიშნული შედარება გახდა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს ინტერნეტში გავრცელდა ფოტოსესია, რომელშიც "უცხოპლანეტელი" ესპანეთის ეროვნული გუნდის მომავალ ვარსკვლავს აბანავებს. ფოტო გადაიღო ჟოან მონტფორტმა, 2007 წლის დეკემბერში. ეს იყო კატალონიელთა და Diario Sport-ის საქველმოქმედო პროექტი.

აღნიშნული ფოტოსესია კი 2008 წლის კალენდრის დამზადებას ემსახურებოდა. ამ კალენდრისა და სხვა მასალის გაყიდვით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" იუნისეფის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმარნენ. ფოტოგრაფი იხსენებს: "მესი ახლაც მორიდებული პიროვნებაა, მაგრამ იმ დროს ის კიდევ უფრო მორიდებული იყო.
ყველაფერი დაიწყო რთულად, თუმცა მოგვიანებით, გადაღების პროცესში ჩავრთეთ იამალის დედა, რითაც საქმე უფრო გამარტივდა როგორც ჩვენთვის, ისე ლეოსა და ბავშვისთვისაც. ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რა დონის მოთამაშეები გახდებოდნენ მომავალში არგენტინელი და ლამინი".
თავად ესპანელმა გარემარბმა ამ ფაქტთან დაკავშირებით იხუმრა, რომ ფოტოსესიის მომენტში კამპ ნოუს ბინადრების ლეგენდარულმა კაპიტანმა მას თავისი ძალები გადასცა. ფაქტია, რომ არგენტინის ეროვნული გუნდის 10-იანთან შედარება ბარსას ვინგერზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება 17 წლის შემტევის კარიერა მომავალში.


















