კრუიფის მემკვიდრე სურინამიდან
გულიტით იწყება ნიდერლანდურ ფეხბურთში სურინამული კულტურა. თავად აღნიშნავდა, რომ მოზარდობისას ერთადერთი შავკანიანი იყო გუნდში, რასიზმსაც ამ დროს გაუგო გემო, თუმცა, ვერ ვიტყვით რომ მსხვერპლი გახდა, გულიტი ის კაცი არ იყო ვინმეს მსხვერპლად ექცია, მით უმეტეს, კანის ფერის გამო. ამ სირთულეების გადალახვაში მისთვის მთავარ ავტორიტეტად ნელსონ მანდელა იქცა, რომელსაც მიუძღვნა კიდეც ოქროს ბურთი. გულიტის გაკვალულ გზაზე გამოჩნდნენ სხვა სურინამელებიც - აფრიკული წარმოშობის, დრედებიანი, ფიზიკურად ძლიერი და ათლეტური, ტექნიკური და გამორჩეული სტილით - პირველ რიგში, ედგარ დავიდსი და კლარენს ზეედორფი უნდა ვახსენოთ, მერე ზედმეტად გაპიარებული როისტონ დრენტე (შე მართლა დრენტე) და ნათან აკე, რომელიც მშვენივრად თამაშობს მანჩესტერ სიტიში. თითოეულს გულიტს ადარებდნენ და ყველაზე ახლოს, ალბათ, მაინც ზეედორფი მივიდა.
უნივერსალიზმის გამო იოჰან კრუიფი გულიტს მემკვიდრედ მიიჩნევდა (თავად რუდი ასე ამბობს). არ არსებობს პოზიცია, რომელზეც გულიტს არ ეთამაშოს, და ყველგან საუკეთესო იყო. ასეთი ფეხბურთელი ახლა კი არა, ისტორიაშიც რთული მოსანახია. თუმცა, France Football-ის საუკეთესო თერთმეტეულში მისი ადგილი არ მოინახა, მოგეხსენებათ მოცლილობის ჟამს სამი გუნდი შეადგინეს, გაგანია პანდემიაში და რუდ გულიტის ადგილი ვერცერთ თერთმეტეულში ვერ მოინახა. მეორე გუნდში მოხვდნენ იოჰან კრუიფი და ფრანკ რაიკაარდი, მესამეში მარკო ვან ბასტენი და იოჰან ნეესკენსი, აი, რუდ გულიტი მიღმა დარჩა.

კრუიფთან ფეინოორდში გადაიკვეთა, იოჰანი ხომ ნიდერლანდური ფეხბურთის გამაერთიანებელია, ის აკავშირებს ერთმანეთს ნეესკენსს, ვან ბასტენს, გულიტს, ბერხკამპს, და ყოველ მომდევნო თაობას, რომელიც მის ფილოსოფიას ეზიარა. კრუიფი თავდაპირველად გულიტის მენტორი იყო, მერე მეგობარი, ბოლოს კი დანათესავდნენ. რუდმა იოჰანის ძმისშვილი ესტელი მოიყვანა ცოლად. ეს მისი მესამე და ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება იყო, თუმცა, მასაც გაშორდა.
„ოცი წლისა ვიყავი, როცა დიდი იოჰანი ფეიენოორდში გადმოვიდა, ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ვიფიქრე ახლა აუცილებლად წავართმევ ბურთს-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი. 36 წლის არის?! - არ მჯერა. წლის ბოლოს მითხრა - რუდ, მოემზადე იმისათვის, რომ მომდევნო კლუბში არავის მოეწონები, ასევე, უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შენ ირგვლივ ყველა უკეთესი გახადო - მდუმარედ ვუსმენდი როგორც ყოველთვის და ვფიქრობდი - ჯერ ჩემი თავისთვის ვერ მიმიხედავს, სხვები როგორ გავხადო უკეთესი?! მაგრამ გადავედი ჯერ პსვ-ში, მერე მილანში და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ყველაფერი წინ დამხვდა, რასაც იოჰანი მეუბნებოდა.
„ტაქტიკაზე ხშირად ვკამათობდით, ის გაიზარდა 4-3-3 სისტემაში, სხვას ვერაფერს ხედავდა, არ უყვარდა ფეხბურთი გარემარბების გარეშე, მე კი ვეუბნებოდი, რომ ჩვენ მილანში 4-4-2-ით მივაღწიეთ დიდ წარმატებას, ის მპასუხობდა - ხო, მაგრამ... მე კი ვაწყვეტინებდი, არ არსებობს მაგრამ, როცა ასეთ წარმატებას მიაღწევ, ესე იგი, სხვა გზითაც შეიძლება რომის დაპყრობა. შენი სისტემა მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელებთან მუშაობს, ბარსელონაში მაგალითად, მაგრამ არა ლევანტეში.”
თავიდანვე ნათლად ჩანდა, რომ გულიტი მწვრთნელობას მიჰყოფდა ხელს, ხედავდა ამას იოჰან კრუიფიც, მაგრამ კარგი მწვრთნელი მაინც ვერ გამოდგა. პიროვნული თვისებები და სათანადო ხასიათი არ აღმოაჩნდა ამისათვის.
Red Bull
ნიდერლანდურ ფეხბურთს სამი გიგანტი ჰყავს - აიაქსი, ფეიეონოორდი და პსვ. სამივეს მოუგია ჩემპიონთა თასი. ამ სამიდან ერთი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გამორჩეულია, ის ერთი, რომელშიც გულიტს არასდროს უთამაშია, ასე იყო საჭირო ბალანსისთვის. აიაქსი კრუიფისა და ვან ბასტენის საკუთრებაა, ფეინოორდი და პსვ კი გულიტისა.
უნივერსალი იყო, ლიბეროც ყოფილა, მერე ნელ-ნელა სულ წინ და წინ აყენებდნენ, როცა გატანის უნარიც გამოავლინა, უამრავ შეხვედრაში ფორვარდის რანგშიც გასულა მოედანზე. ისეთი სწრაფგამძლეობით გამოირჩეოდა დღევანდელ სტანდარტებს რომ გასწვდებოდა, ახლა ხომ ხშირად ამბობენ ძველი ფეხბურთელები ამჟამინდელ ტემპს რას გაუძლებდნენო, ამბობენ ისე თითქოს ადამიანი ცოცხალი არსება არ იყოს ადაპტაციის უნარით, გაუძლებდნენ რომელია, გულიტი და მათეუსი ალბათ ახალ სტანდარტებსაც დაამკვიდრებდნენ. რამდენადაც სუსტი იყო ვან ბასტენი თავისი კოჭითა და მუხლით, იმდენად ძლიერი იყო გულიტი. „შავი ტიტა“ შეარქვეს, მაგრამ წითელ ხარს უფრო ჰგავდა, წითელი ფერი ყველგან თან სდევდა, თავად კი მართლა ხარივით იყო.

რთული ხასიათის გამო ბევრჯერ დაბრკოლებულა, კონფლიქტური იყო კლუბებში, ნაკრებში და ოჯახშიც. ამიტომ, სიმშვიდე არასდროს ჰქონია და, ალბათ, ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რატომაც დიდი მწვრთნელი ვერ გახდა. ფეხბურთელობისას კი მხოლოდ მუნდიალის მოგება ვერ შეძლო, სხვა ყველა სიმაღლე დაპყრობილი აქვს. მცდელობა მხოლოდ ერთი ჰქონდა, 1990 წელს, ნიდერლანდები ტურნირს მოუმზადებელი შეხვდა. მთავარი პრობლემა მწვრთნელი იყო, ლიბრეტსი და რუიტერი მასთან კონფლიქტის გამო გაუშვეს, ბენჰაკერის კანდიდატურას კი არც ის უჭერდა მხარს, არც რაიკაარდი, არც ვან ბასტენი და არც კუმანი, ყველას კრუიფი სურდა, მიხელსმა კი ბენჰაკერი შეარჩია მთავარ მწვრთნელად. ამიტომაც, ნიდერლანდებმა ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე.
ასეთი ჩავარდნის მერე თითქოს ფეხბურთელს ოცნებად უნდა ჰქონდეს მუნდიალზე კარგად გამოსვლა, გავიდა ოთხი წელი, გულიტი ნაკრებში დაბრუნდა, მაგრამ ისევ კონფლიქტი მოუვიდა, ამჯერად დიკ ადვოკაატთან და გუნდი შეკრებაზე მიატოვა. ულაპარაკოდ. აიღო ბარგი და წავიდა.
შირერი სკამზე!
მწვრთნელობა პრემიერ ლიგაში დაიწყო, ეს კიდევ მეტად რთული და სარისკო ამბავია. ასეთი წნეხი არსად არ არის. გულიტი კარიერის მიწურულს ჩელსიში გადავიდა, მშვენიერი გუნდი იყო, კარგ ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მერე ინგლისის ნაკრებიდან ტერი ვენეიბლზი დაითხოვეს, მის შემცვლელად ჩელსის იმჟამინდელი თავკაცი გლენ ჰოდლი მიიწვიეს, ჩელსი უმწვრთნელოდ დარჩა და ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს ჩააბარეს პოსტი - ასე გახდა რუდ გულიტი მოთამაშე-მწვრთნელი. შედეგიც ჰქონდა - ასოციაციის თასი მოიგო. მიუხედავად ამისა მაინც გაათავისუფლეს - „ამპარტავანი ადამიანია, კონტრაქტზეც ამის გამო ვერ შევთანხმდით, ყოველთვის ზემოდან იყურება.” - ამბობდა ჩელსის მაშინდელი მფლობელი კენ ბეიტსი. არადა, გულიტმა ჩელსის 25-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა ტიტული.
წავიდა და ჩაიბარა ნიუკასლი. „კაჭკაჭებს” კიდევ უფრო მძიმე სატიტულო ისტორია აქვთ, მათთან ერთად ტიტულის მოგება სასწაულის ტოლფასია. გულიტმა პირველივე სეზონში გაიყვანა გუნდი ასოციაციის თასის ფინალში, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდნენ. „ეს მატჩი რომ მოეგო, ახლა სტადიონთან შირერის ნაცვლად, მისი ძეგლი იდგებოდა.” - ამბობს ნიუკასლის ქომაგი. და რატომ ამბობს?! - იმიტომ, რომ მთავარი თემა ამ ორი კაცის ცუდი ურთიერთობა იყო. გულიტმა ის თქვა ხმამაღლა, რისი თქმაც არათუ ნიუკასლში, არამედ მთლიანად ინგლისში არაფრით არ შეიძლებოდა - „შირერი ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს.” - ამის თქმა გაბედა და არ ვიცი საპირწონედ ვინ ჰყავდა, ალბათ, მარკო ვან ბასტენს ადარებდა.

ნიუკასლის ფეხბურთელებს კი დღემდე ჩელსის მეპატრონის მსგავსი პოზიცია აქვთ, მიაჩნიათ, რომ გულიტი ზედმეტად ამპარტავანი იყო. ალბათ ამიტომაც უჭირთ დიდ ფეხბურთელებს დიდი მწვრთნელები გახდნენ. მხოლოდ რჩეულები ახერხებენ ვარსკვლავური სტატუსით ნაკვები ეგო როგორმე საზღვრებში მოაქციონ. რუდმა ეს ვერ შეძლო.
1999/00 წლების სეზონი საშინლად დაიწყო. პირველივე შეხვედრაში ალან შირერი მოედნიდან გააძევეს, ნიუკასლი დამარცხდა. გაასაჩივრეს და შირერს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, მაგრამ სიტყვებს ხომ ვერ წაიღებ უკან?! - გულიტმა ალანს სულელი ეძახა, ალანი კიდევ თავმოყვარე ადამიანია, კაპიტანია ბოლოს და ბოლოს. ამას მოჰყვა მარცხი ტოტენჰემთან და საუთჰემპტონთან. გულიტი ჯიუტად ენდობოდა შირერისა და ქეცბაიას დუეტს, შირერს დაძაბულობა ეტყობოდა, ქეცბაიას კი არ უმართლებდა, ნიუკასლი აგებდა. მერე კი მოვიდა დრო, როცა გულიტმა შირერი სკამზე დასვა, ქეცბაია კი განაცხადს მიღმა დატოვა. საწყისი ხუთი მატჩიდან ოთხი წააგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ხელმძღვანელობისგან ზეწოლა არ ყოფილა, რუდი თავად წავიდა, ღიმილით, დაფარული წყენით, დღემდე მიიჩნევს რომ შირერი გადაფასებულია.

მას მერე ტელევიზიაში უფრო გვევლინება წამყვანად, ვიდრე სტადიონზე მწვრთნელად. თავისი გადაცემაც ჰქონდა და ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნებაც აიხდინა - ნელსონ მანდელა ჰყავდა სტუმრად.
მნიშვნელოვანი თარიღები
1962 წელს, როცა გარინჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა, რუდ გულიტი სურინამში მოევლინა ქვეყანას;
1970 წელს, როცა ბრაზილიამ მუნდიალი მესამედ მოიგო, პატარა გულიტი მერბოისში ჩაირიცხა;
1978 წელს, როცა ნიდერლანდებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო, გულიტი ჰარლემში ჩაირიცხა, ვესტ ბრომისა და ნიდერლანდების მომავალი მწვრთნელის, ბარი ჰიუზის კარნახით;
1981 წელს, როცა ერთმა უცნობმა საბჭოთა გუნდმა თასების თასი მოიგო, 19 წლის რუდ გულიტის დებიუტი შედგა ნიდერლანდების ნაკრებში, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ;
1982 წელს, როცა იტალიამ მუნდიალი მოიგო, გულიტი ფეინოორდში ჩაირიცხა;
1985 წელს, როცა პლატინიმ მორიგი ოქროს ბურთი აიღო, რუდ გულიტი პსვ-ში 400 000 ფუნტად გადავიდა;
1987 წელს გულიტმა ოქროს ბურთი აიღო და ნელსონ მანდელას მიუძღვნა. მილანმა გულიტში 16.5 მილიონი გულდენი გადაიხადა (6.7 მილიონი ევრო);
1988 წელს ნიდერლანდების ნაკრები გულიტის კაპიტნობით ევროპის ჩემპიონი გახდა, მილანის შემადგენლობაში კი სკუდეტო მოიგო;
1989 წელს გულიტმა ჩემპიონთა თასი მოიგო, ფინალში ორჯერ გაუტანა ბუქარესტის სტიაუას;
1990 წელს მეორედ მოიგო ჩემპიონთა თასი და ითამაშა 1990 წლის მუნდიალზე;
1992 წელს მეორედ მოიგო სკუდეტო, და წავიდა ნაკრებიდან, პირადი მიზეზის გამო, მერე აზრი შეიცვალა და დაბრუნდა;
1993 წელს სამპდორიაში გადავიდა და მეორედ წავიდა ნაკრებიდან, ამჯერად ადვოკაატთან კონფლიქტის გამო;
1994 წელს ნაკრებში დაბრუნდა, მაგრამ მუნდიალის დაწყებიდან სამი კვირით ადრე ბაზა დატოვა. ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი და შეაგდო 16 გოლი. გულიტი ჯერ მილანში დაბრუნდა, მერე კი ისევ სამპდორიას მიაშურა;
1995 წელს დატოვა სამპდორია თავისუფალი აგენტის სტატუსით და ჩელსისთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა;
1996 წელს გახდა ჩელსის მოთამაშე-მწვრთნელი;
1997 წელს ჩელსი პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზე გაიყვანა და მოიგო ასოციაციის თასი - 2:0 მიდლსბროსთან;
1998 წელს კონტრაქტზე ვერ შეთანხმდა და ჩელსიში თავისივე მიყვანილმა ჯანლუკა ვიალიმ ჩაანაცვლა. 27 აგვისტოს ნიუკასლის გაწვრთნას დათანხმდა, მას შემდეგ, რაც კენი დალგლიშმა კლუბი დატოვა;
1999 წლის აპრილში ნიუკასლი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა და მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა;
1999 წლის 25 აგვისტოს ალან შირერი სკამზე დასვა, ნიუკასლმა სანდერლენდთან წააგო;
1999 წლის 28 აგვისტო - ნიუკასლიდან წავიდა;















