სანაკრებო მატჩებმა ჩაიარა, მოვისმინეთ ბევრი აზრი, კრიტიკა. სანაკრებო მატჩებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გთავაზობთ განხილვას და რამდენიმე მიზეზს, თუ რა გახდა ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი.
ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი და იმედი არ გამართლდა - საქართველოს ნაკრებისთვის ოქტომბრის თვე იმაზე წარუმატებელი გამოდგა, ვიდრე ველოდით. ორი გასვლითი შეხვედრა ორ ძლიერ ნაკრებთან, ორი უშანსო მარცხი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილი ნაკრები. სად დავუშვით შეცდომა?
უშუალოდ ესპანეთთან მატჩზე რომ ვისაუბროთ, მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ჩვენი ნაკრეის თამაშის ხარისხი ძალიან დაბალი იყო. თითქოს, მოედანზე ისეთი მოტივით ვიყავით, რომ ეს ესპანეთია, შანსი არ გვაქვს და ცოტა შიშით ვთამაშობდით.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ვილი სანიოლი ყველა პრესკონფერენციაზე იმას ამბობდა, აწი სულ 4 მცველით ვითამაშებთ, არაფერი შეიცვლებაო და ესპანეთთან მაინც დაცვითი, 5 მცველიანი ტაქტიკა დააყენა, სადაც შეიძლება ითქვას, 11-ვე ფეხბურთელი დაცვაზე იყო ორიენტირებული.
შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე სიღრმეში იყვნენ შემოწეული და მათი შეტევითი პოტენციალი იკარგებოდა. იმ პოზიციაზე, სადაც კვარა ჯადოქრობებს გვთავაზობს და მომენტებს ქმნის, თითქმის არასდროს ხვდებოდა და მთლიანი მარცხენა ფლანგი გოჩოლეიშვილს ჰქონდა ათვისებული. ეს იყო მიზეზები, რის გამოც ესპანეთთან კარშიც ვერ დავარტყით.
საქართველოს ნაკრების განლაგება ესპანეთთან მატჩში
მატჩის შემდეგ ყველამ თქვა, რომ ესპანეთთან წავაგეთ, მაგრამ უნდა დავივიწყოთ და მთლიანად თურქეთთან მატჩზე უნდა გადავერთოთო. რა მოხდა თურქეთთან?
ერთი შეხედვით, ოპტიმალური შემადგენლობა, ზუკა-ჟორჟი-კვარას ტრიო და 4-მცველიანი ტაქტიკა, თუმცა მაინც კატასტოფული შედეგი. აშკარა იყო, რომ ფეხბურთელების მიმართ სანიოლის დავალება ასეთი იყო - რაც არ უნდა ყოფილიყო, მცველებს ბურთი მეტოქის ზონებში უნდა გადაეგდოთ, სადაც ზემოთ აღნიშნულ ტრიოს უნდა ებრძოლა, რაც მაღალი და გამოცდილი თურქი მცველების წინააღმდეგ ძალიან გაჭირდა.
ევროპის ჩემპიონატზე კიტეიშვილი-ქოჩორაშვილის კარგი ნახევარდაცვის ხაზით ვამაყობდით ხოლმე და ამ მატჩებში ნახევარდაცვა საერთოდ გამოთიშული იყო, რაც იმ თამაშის სტილის დამსახურებაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - დაცვიდან პირდაპირ შეტევაში.
მარცხენა ფლანგზე მარჯვენა მცველი გოჩოლეიშვილი იდგა. ალბათ, 100-დან 100-ვე მარჯვენა მცველს რომ ვკითხოთ, ყველა გვეტყვის, მარცხენა ფლანგი მათთვის რთული სათამაშოა და დიდი სხვაობააო. ასე იყო გოჩოლეიშვილის შემთხვევაშიც. არადა, სათადარიგოთა სკამზე ნომინალური მარცხენა ფლანგელი ირაკლი აზაროვი გვყავდა.
დღევანდელ ფეხბურთში პირველი პასი და შეტევის დაწყება ერთ-ერთი გადამწყვეტია, თუ ყველაზე გადამწყვეტი არა, რაც ძირითადად ცენტრალური მცველის მოვალეობაა. გოგლიჩიძე-ლოჩოშვილი - ორივე კარგი მცველია, თუმცა პირველი პასი და ბურთთან თამაში მათი ძლიერი მხარე არ არის და ამიტომ გვიჭირდა დაცვიდან შეტევაში გააზრებული გადასვლა.
მე-11 წუთზე ძალიან რეალური მომენტი გვქონდა, ერთი სწორი გადაწვეტილება და გოლი იყო. არავინ იცის, რა მოხდებოდა, პირველი გოლი რომ გაგვეტანა, თუმცა დღეს ფეხბურთში შედეგი ერთი მომენტი და ერთი სწორი გადაწყვეტილებით მოდის, რაც თურქეთს უფრო გამოუვიდა.
სად ვართ რეალურად და უნდა წავიდეს თუ არა სანიოლი?
ევროპის ჩემპიონატის და ჩეხეთთან მოგებული გამანადგურებელი მატჩის შემდეგ, ვიფიქრეთ, რომ უკვე სხვა დონეზე ვართ, თუმცა რეალობა სხვა არის. სხვა დონეზე ვართ, რადგან ბულგარეთის, სომხეთის და ასეთი დონის ნაკრებებს უკვე "ცალი ფეხით" ვუგებთ, რაც აქამდე არ ხდებოდა, თუმცა თუნდაც თურქეთამდე ჯერ ბევრი გვაკლია. ვართ საშუალო დონის ევროპული ნაკრები, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ უფრო მაღლა ავიდეს და ბულგარეთის დონის ნაკრებებთან მოგება ფეხბურთელების მაღალი კლასის ხარჯზე ხდება.
ფეხბურთელების კლასიდან და დონიდან გამომდინარე შეგვიძლია, რომ პროგრესი განვიცადოთ, თუმცა ამისთვის გვჭიდება სწორი ტაქტიკოსი, რომელიც იდეალურად მოერგება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების სათამაშო სტილს და ამას მოედანზე გადაიტანს, რასაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია ვერ ვხედავთ.
სანიოლი არის კარგი მოტივატორი, კარგი მენეჯერი და ადამიანი, რომელმაც საქართველოს ნაკრები ერთმუშტად შეკრა, თუმცა არა ტაქტიკურად.
"ერთმუშტად ვართ შეკრული, ერთად ყოფნა გვიხარია, თუმცა ეს მოედანზე ვერ გადაგვაქვს", - ეს ოთარ კიტეიშვილის მატჩისშემდგომი სიტყვებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად, მხოლოდ ერთმუშტად შეკვრა საკმარისი არ არის და საჭიროა გააზრებული ტაქტიკური სქემა.
ნოემბრის მატჩების ჩახურვის შემდეგ, უნდა მოვემზადოთ 2026 წლისთვის, ბევრი რამ შეიცვლება და უნდა იყოს ახალი შემართება, რათა ნაკრებმა ისევ ისე გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, როგორც აქამდე.















