საფეხბურთო კარიერა - 4 გუნდში რეალის წინააღმდეგ
სიმეონემ რეალის წინააღმდეგ ითამაშა ოთხი გუნდის შემადგენლობაში - მადრიდის ატლეტიკოს, მილანის ინტერის, რომის ლაციოსა და სევილიას. არგენტინელმა შუახაზელმა "სამეფო კლუბთან" ჩაატარა 13 მატჩი, რომელშიც 9-ჯერ წააგო, 2-ჯერ ითამაშა ფრე და 2-ჯერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ კარიერაში ყველაზე მეტი მარცხი დიეგომ სწორედ "ბლანკოსთან" განიცადა.
"როხიბლანკოს" მომავალი მწვრთნელი "გალაქტიკოს" პირველად შეხვდა 1992/1993 წლების სეზონში, როდესაც პიზადან ის ანდალუსიაში გადავიდა. საინტერესოა, რომ "თეთრ-წითლებში" იმ დროს ასევე თამაშობდა დიეგო მარადონა, დამრიგებელი კი კარლოს ბილარდო იყო. არგენტინულმა დიასპორამ ბერნაბუეს ბინადრებს მოუგეს 2:0, მაგრამ უკვე მეორე წრეში, "ლოს ნერვიონენსესი" 0:5 განადგურდა.

გადავინაცვლეთ 1993/1994 წლების სეზონში, როდესაც ლუის არაგონესის გუნდმა ბენიტო ფლოროს შეგირდებს ერთი გოლიც ვერ გაუტანა (0:0, 0:1). ორი სეზონის შემდეგ, სანჩეს-პისხუანის ბინადრების მე-10 ნომერი გადავიდა "ინდიელებში", კლუბშიც, რომელსაც ის მომავალში მთელ თავის სამწვრთნელო კარიერას დაუკავშირებს.
"ელ ჩოლოს" სტატისტიკა ვისენტე კალდერონის ბინადრების ფეხბურთელის რანგში რეალის წინააღმდეგ არის უბრალოდ კატასტროფული - ხუთიდან ხუთი წაგება. გამოსარჩევია სიმეონეს სადებიუტო მატჩი მადრიდელებთან, რომელიც მართალია დასრულდა მარცხით (2:4), მაგრამ თავად მან გოლს + ასისტი გაიფორმა.
1997 წელს, არგენტინელმა ნახევარმცველმა დატოვა ლა ლიგა და მიაშურა სერია ა-ს, ჯერ "ნერაძურის", შემდეგ კი "არწივებს", თუმცა "სამეფო კლუბთან" ჭიდილი მას ამ კლუბებშიც მოუწია. "გველების" მოთამაშის რანგში დიეგო "ბლანკოსს" დაუპირისპირდა ჩემპიონთა ლიგის 1998/99 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე: ერთხელ მოიგეს ბერნაბეუს ბინადრებმა, ერთხელაც ლუიჯი სიმონის შეგირდებმა.

ჯუზეპე მეაცას ბინადრებმა გუს ჰიდინკის გუნდთან იმარჯვეს საკუთარ კედლებში - ივან ზამორანოს გოლს, რობერტო ბაჯომ დაუმატა დუბლი და აღსანიშნავია ის, რომ მე-2 ბურთი ლეგენდარულმა ფლეიმეიქერმა სწორედ არგენტინის ეროვნული გუნდის შუახაზელის ასისტით გაიტანა. ამით, რეალისა და "ჩოლოს" ისტორია არ დასრულებულა.
აღნიშნული სეზონის დასრულების შემდეგ, ინტერნაციონალეს მე-14 ნომერი გადავიდა "ბიანკოჩელესტეში" და მას კვლავ მოუწია მადრიდულ გუნდთან ბრძოლა. 2000/01 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპი: "სამეფო კლუბმა" პირველ მატჩში მოიგო 3:2, საპასუხოში კი დაფიქსირდა ფრე, 2:2.
როგორც გვახსოვს, სიმეონემ ევროპული კარიერის უკანასკნელი წლები გაატარა ატლეტიკოში, რომელთან ერთადაც "ბლანკოსთან" კიდევ ერთხელ დამარცხდა. ამით, არგენტინელი შუახაზელის კარიერა დასრულდა. 2006 წელს მან დაიწყო სამწვრთნელო კარიერა და უკვე 5 წლის შემდეგ, ის მადრიდამდე მივიდა.

სამწვრთნელო კარიერა - დაუსრულებელი ბრძოლა რეალთან
სიმეონე მწვრთნელის რანგში რეალთან დამარცხებულა 20-ჯერ, ისევე როგორც ბარსელონასთან, რაც მისი ანტირეკორდია. 2011 წლიდან - დღემდე, არგენტინელმა სპეციალისტმა მადრიდელებთან წააგო ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი, ასევე 3-ჯერ ის მეზობლებისგან პლეიოფში გამოვარდა. ფაქტია, რომ დიეგოს "სამეფო კლუბთან" 14 წლის მანძილზე ლიგაზე არასდროს მოუგია.
გამონაკლისად შეგვიძლია ჩავთვალოთ 2018 წლის უეფას სუპერთასი, როდესაც ატლეტიკომ "ბლანკოსი" 4:2 დაამარცხა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც "როხიბლანკოს" ბერნაბეუს ბინადრების ბარიერი გადაელახათ. აღნიშნული სერია მოიცავს წაგებებს როგორც ძირითად დროში, ისე 11-მეტრიანების სერიაშიც.
"ინდიელების" მწვრთნელის ბრძოლა რეალთან ჯერ არ დასრულებულა. ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი მას აკავშირებს 2027 წლამდე და არაა გამორიცხული, რომ "ჩოლო" თავის საყვარელ კლუბში კიდევ უფრო დიდი ხნით დარჩეს. ვნახოთ, რა შედეგი ექნება მას "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ სამწვრთნელო კარიერის ბოლოს.


















