14 ივნისს, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. ეს არის კარგი მიზეზი იმისთვის, რომ გავიხსენოთ ამ ნაკრებების 6 წლის წინანდელი შეხვედრა, რომელშიც "ჯვაროსნებს" ქამბექამდე სულ ცოტა დააკლდათ.
ქამბექი, რომელიც არ შედგა
2019 წლის 15 ნოემბერი, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ქალაქი ტომბლენი - უნგრეთსა და სლოვენიაში გასამართი ტურნირის საგზურისთვის საფრანგეთი და საქართველო იბრძვიან. რთული წარმოსადგენი არ არის, თუ ვინ იყო იმ შეხვედრაში ფავორიტი.
"მამლებს" ჯგუფში იმ მომენტისთვის ჰქონდათ ორიდან ორი გამარჯვება, "ჯვაროსნების" ანგარიშზე კი ფიქსირდებოდა მარცხი თავიანთ ყველაზე უხერხულ მეტოქესთან, შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან. რაც შეეხება უშუალოდ "ლურჯებთან" შეხვედრას, მასპინძლებმა მალევე განამტკიცეს თავიანთი ფავორიტობა, როდესაც 54 წუთის შუალედში ჩვენებს 2 ბურთი შეუგდეს.
დუბლი გაიფორმა ჟეფ რენ-ადელაიდემ, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ლონდონის არსენალსა და ლიონის ოლიმპიკში თამაშის გამოცდილება, დღეს კი ის სერია C-ში გავარდნის პირას მყოფ სალერნიტანაში თამაშობს. საინტერესოა, რომ იტალიურ კლუბში ფრანგი ფლეიმეიქერი გადაეყარა ლუკა ლოჩოშვილს, რომელიც 2019 წლის 15 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში ასევე მოედანზე იყო.
ყველაფერი მიდიოდა სილვიენ რიპოლის გუნდის მშვიდი და მარტივი გამარჯვებისკენ, თუმცა მატჩის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის თავზე, მაყურებლებმა გიორგი ცეცაძის შეგირდების მხრიდან ნამდვილი აფეთქება იხილეს. 58-ე წუთზე საფრანგეთის კარში გოლს იტანს გიორგი კოხრეიძე, ზემოთხსენებული ლოჩოშვილის ასისტით.
59-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან ხორციელდება სამმაგი ცვლილება - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი და ბექა ქავთარაძე შემოდიან ნიკოლოზ ნინუას, ნუგზარ სპანდერაშვილისა და ირაკლი ბუღრიძის ნაცვლად. ახლა კი მთავარი სიგიჟე: მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად 1 წუთში, კვარაცხელია ქავთარაძის ასისტით "მამლების" კარში მე-2 ბურთს იტანს.
დიახ, "ლურჯებმა" "ჯვაროსნებთან" ორგოლიანი უპირატესობა ზუსტად ორ წუთში გაანიავეს. ქართველი გარემარბის მიერ გატანილ ბურთში ყველაზე საინტერესო არის ის, თუ რა მოხდა უშუალოდ გოლის შემდეგ. ხვიჩა არ აღნიშნავს შეგდებულ ბურთს, ის მიემართება ცენტრისკენ ისე, თითქოს რიპოლის გუნდთან ქამბექი და ფრე ჩვენებისთვის საკმარისი არ არის.
სამწუხაროა, რომ ამ ზღაპარს არ ჰქონია ტკბილი დასასრული - 92-ე წუთზე საფრანგეთი კვლავ იტანს გოლს და მძიმე ბრძოლაში მაინც ახერხებს მოგებას. ცეცაძის გუნდის კარს იღებს პარის სენ-ჟერმენის აღზრდილი ფორვარდი, ოდსონ ედუარი, რომელიც მოგვიანებით ითამაშებს სელტიკში, კრისტალ პალასსა და ლესტერში.
დასანანი მარცხი, რომელმაც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრაში დიდი როლი ითამაშა. ჯგუფური ეტაპის საბოლოო შედეგი იყო ასეთი: "ჯვაროსნები" 15 ქულით გავიდნენ მე-3 პოზიციაზე, უნგრეთსა და სლოვენიაში გასამართ ტურნირზე კი 27-27 ქულით "მამლები" და "მესაათეები" მოხვდნენ.
ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი "ლურჯებისა" და ჩვენი ნაკრების დრამატული მატჩიდან. შეცვლაზე შემოსულ კვარაცხელიას ტრავმის გამო სახეზე უკეთია სპეციალური ნიღაბი, დაახლოებით ისეთი, როგორსაც ვიქტორ ოსიმენი ატარებს. მათი გზები მომავალში გადაიყრება ნაპოლიში და ნიღბიანი სუპერგმირის როლს ამჯერად უკვე ნიგერიელი ფორვარდი მოირგებს.
გოლის ავტორები და მათი ფრანგული თავგადასავალი
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები კვარაცხელიამ და კოხრეიძემ გაიტანეს. ორივე გარემარბი მოგვიანებით მოხვდება საფრანგეთში, მაგრამ მათი კარიერული გზა იქნა განსხვავებული. პირველი გალიაში წავა გიორგი, 2021 წელს ის ლიგა 2-ის ბინადარ გრენობლს შეუერთდება.
ქართველი გარემარბი ტრავმის გამო სამწუხაროდ ვერ მოახერხებს "თეთრ-ლურჯებში" დამკვიდრებას და რვა მატჩის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდება. ხვიჩას შესახებ კი ყველაფერი კარგად ვიცით: სკუდეტოს მოგება ნაპოლისთან ერთად, 70-მილიონიანი ტრანსფერი პარის სენ-ჟერმენში, ტრებლი, ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ყოფნა და ბევრი სხვა.
როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, "მამლებისა" და "ჯვაროსნების" 21-წლამდელთა გუნდებს შორის გამართულ მატჩში ყველაზე ვარსკვლავური მოთამაშე თურმე ჩვენი მხრიდან იყო. სანაკრებო დუელიდან 6 წლის შემდეგ, ფრანგებმა სრულფასოვნად გამოსცადეს ქართველი ვინგერის ძალა და პოტენციალი.
იმ მატჩის სხვა მონაწილეები
კვარაცხელიაზე, ქოჩორაშვილსა და ლოჩოშვილზე უკვე ვისაუბრეთ. მათ გარდა, იმ მატჩში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მთავარი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც კაპიტნის სამკლაურსაც ატარებდა. აღნიშნული 4-ეული 5 წლის შემდეგ, უფროს "ჯვაროსნებთან" ერთად ევრო 2024-ზე ითამაშებს.
იმ მატჩში საინტერესო საფრანგეთის შემადგენლობაც იყო. სასტარტოში თამაშობდა ჯერ კიდევ რენში მოასპარეზე ედუარდო კამავინგა, ასევე მოედანზე მუსა დიაბი და ბუბაკარ კამარაც იყვნენ. სკამზე დარჩნენ კარგად ნაცნობი დაიო უპამეკანო და მანჩესტერ სიტის ახალი შენაძენი, რაიან ეიტ-ნური.
დიახ, ალჟირელი მარცხენა მცველი კარიერის სტარტზე სწორედ "მამლების" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. არ უნდა გამოგვრჩეს გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი უოტფორდში, იმრან ლუზაც. ბოლოს კი ინგლისის ჩემპიონატის გასული სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენაზეც ვისაუბროთ.
საუბარია ბრაიან მბემოს შესახებ, რომელმაც განვლილ სეზონში ბრენტფორდის მაისურით 42 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 2022 წლიდან ის არის კამერუნის ეროვნული გუნდის წევრი, მაგრამ პირველი ნაბიჯები მანაც "ლურჯებში" გადადგა. ასეთი იყო ჩვენი ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის გრანდის 6-წლის წინანდელი დუელი.















