
ფლიკის ბარსელონა
ახალი სეზონის წინ, მწვრთნელი შეიცვალა არაერთმა ტოპ კლუბმა, მათ შორის ბარსელონამაც, რომელმაც არჩევანი ჰანს-დიტერ ფლიკზე შეაჩერა. რაც შეეხება ტრანსფერებს, კატალონიელთა მთავარი სამიზნე იყო ნიკო უილიამსი, მაგრამ ის ბილბაოს ატლეტიკში დარჩა. არ უნდა დაგვავიწყდეს დანი ოლმო, მაგრამ მის დარეგისტრირებას "ბლაუგრანა" ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

ლევერკუზენის ჩემპიონობის დაცვა, მთავარი კონკურენტი - ბაიერნი
ტრიუმფალური გასული სეზონის შემდეგ, ლევერკუზენის გარშემო ტრიალებს კითხვა - კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ამ გუნდის წარმატებული სვლა? იმის გათვალისწინებით, რომ ბაიერმა შეინარჩუნა ჩაბი ალონსო და წამყვანი მოთამაშეებიც, საჩემპიონო ამბიციების არსებობის ყველა წინაპირობა არსებობს. "ფარმაცევტების" მთავარი კონკურენტი იქნება ბაიერნი, რომელიც ზაფხულში ვენსან კომპანიმ ჩაიბარა.

ჩელსი, როგორც სრული გაურკვევლობისა და ქაოსის სიმბოლო
ჩელსის განკარგულებაში დღევანდელი მდგომარეობით არის 46 ფეხბურთელი და ამის გარდა, გუნდს ენცო მარესკას სახით ახალი მთავარი მწვრთნელიც ჰყავს. ლონდონელებისგან მოსალოდნელია პრაქტიკულად ყველაფერი, როგორც ჩემპიონობისთვის ბრძოლა, ისე სატურნირო ცხრილის 10-ეულს იქით ტანჯვა.

გუარდიოლას სიტის დომინაციის გაგრძელების წინაპირობა
სიტი უკანასკნელ შვიდ წელიწადში პრემიერ ლიგის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა. გუარდიოლა არც ახლა უჩივის მოტივაციის ნაკლებობას, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მანჩესტერული კლუბი ტიტულის მოგების ნომერ პირველი პრეტენდენტი წელსაც იქნება. პეპს ამისთვის ყველა წინაპირობა აქვს.

მამარდაშვილი - პრემიერ ლიგაში გადასვლა თუ ლა ლიგაში დარჩენა?!
ამ დროისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რომელ გუნდში აღმოჩნდება მამარდაშვილი. როგორც ვიცით, ახალგაზრდა მეკარით ინტერესდება ლივერპული, რომელიც ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, მის განათხოვრების წესით გაშვებას ბორნმუთში გეგმავს. თუ ეს ვარიანტი არ გამოვა, გიორგი ისევ ვალენსიაში დარჩება.

ლივერპული - არსებობს თუ არა სიცოცხლე კლოპის შემდეგ?!
როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ლივერპული კლოპმა დატოვა. მის შემცვლელად მოვიდა არნე სლოტი, რომელსაც ამ დროისთვის ერთი ტრანსფერიც კი არ განუხორციელებია. იყო საუბრები მარტინ სუბიმენდის გადმობირებაზე, მაგრამ ის სოსიედადში დარჩა. ექსპერთა უმრავლესობა "წითლების" შანსებს სკეპტიკურად უყურებს.

რონული დერბი ქართველი შემტევების მონაწილეობით
გასაგებია, რომ პარის სენ-ჟერმენი ლიგა 1-ში იქნება უკონკურენტო, თუმცა ჩვენთვის უფრო საინტერესო სულ სხვა ფაქტია. რონული დერბი ქართველი ფორვარდების მონაწილეობით: გიორგი მიქაუტაძე ლიონში, ზურიკო დავითაშვილი კი სენტ-ეტიენში. მათი პირველი დუელი 10 ნოემბერს გაიმართება.

კვარაცხელია კონტეს ახალ ნაპოლიში
კვარაცხელიას გადმობირებას მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა პარის სენ-ჟერმენი, თუმცა ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კონტემ მისი ტრანსფერი დაბლოკა. ანტონიოსთვის ხვიჩა არის ხელშეუხებელი მოთამაშე და ახალი "პარტენოპეი" სწორედ მის გარშემო აიწყობა. საინტერესოა, ვინ იქნება ქართველი ვინგერის მეწყვილე შეტევაში, რომელუ ლუკაკუ თუ ისევ ვიქტორ ოსიმენი?!

გალაქტიკოსები 3.0 V სიმეონეს "ცუდი ბიჭები"
მოსახდენი მოხდა, კილიან მბაპე მადრიდის რეალში გადავიდა. მან უკვე მოასწრო პირველი გოლის გატანა და პირველი ტიტულის მოპოვებაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრანგი ფორვარდის გვერდით იქნებიან ჯუდ ბელინგემი, ვინი ჟუნიორი, როდრიგო გოესი და "სამეფო კლუბის" სხვა ვარსკვლავები. საინტერესოა, შეძლებს თუ არა რომელიმე გუნდი "ბლანკოსის" შეჩერებას.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების მთავარ მოწინააღმდეგედ ოდითგანვე ითვლება ბარსელონა, თუმცა ახალ სეზონში ყურადღების ცენტრში თანაქალაქელ ატლეტიკოსთან მეტოქეობაც იქნება. დიეგო სიმეონემ უკვე მოასწრო ხულიან ალვარესის, ალექსანდერ სორლოთის და რობინ ლე ნორმანის გადმობირება. "როხიბლანკოს" შესაძლოა კონორ გალაგერიც შეუერთდეს.

ძალიან თანაბარი სერია ა
სერია ა-ს გასული სეზონის ტრიუმფატორი იყო მილანის ინტერი, რომელიც წელს მართალია არ შესუსტებულა, თუმცა მნიშვნელოვნად არც გაძლიერებულა. "ნერაძურის" კონკურენტები იქნებიან განახლებული ტურინის იუვენტუსი, მეზობელი მილანი, დანიელე დე როსის რომა და ანტონიო კონტეს ნაპოლიც. სიახლეები იყო თითოეულ მათგანში.
"ბებერ ქალბატონში" დასრულდა მასიმიალიანო ალეგრის ერა, მის შემცვლელად კი მოვიდა ტიაგო მოტა, რომელმაც ბოლონია ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. "როსონერიმ" არჩევანი შეაჩერა პაულო ფონსეკაზე, რომელსაც კალჩოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი შეხვდა. ერთი სიტყვით, იტალიის ჩემპიონატი ბევრ საინტერესოს გვპირდება.

















