სპორტული ორგანიზაცია ფენერბაჰჩეს (კლუბი ფლობს კალათბურთის, ტანვარჯიშის და სპორტის 10 მიმართულებაზე მეტ წრეს) სახელწოდება ითარგმნება როგორც „შუქურას ბაღი“. მისი გულშემატკივრები ოსმალური იმპერიის დიდებაზე მღერიან და პოლიტიკურ-იდეოლოგიური ვექტორიც ნაციონალიზმსა და რელიგიურ არსზეა დამყარებული. რაც შეეხება გალათასარაის - ევროპულ ნაწილში მდებარე ორგანიზაციის ფანები ძირითადად ქემალისტები და თურქეთის რესპუბლიკის იდეის მატარებელი მოქალაქეები არიან. დაპირისპირებას აქვს სოციალური განზომილებაც, გალათასარაი არისტოკრატიული საზოგადოებისა და მაღალი ფენის წარმომადგენლების ინიციატივით დაარსდა, რომლებიც ფრანგულ სკოლებში დადიოდნენ და თურქეთის მოდერნიზაციისკენ ისწრაფოდნენ. რაც შეეხება ფენერბაჰჩეს - ანატოლიის მშენებელი და განახლებაზე მზრუნველი მუშებისა და საშუალო კლასის თაოსნობით შეიქმნა. დროთა განმავლობაში ფენერმა ეს ნიშა დაკარგა და მუშათა კლასისა და მემარცხენეების ნავსაყუდლად კიდევ ერთი სტამბოლური გრანდი - ბეშიქთაში იქცა, ხოლო „ლურჯ-ყვითლებმა" ტრადიციონალური და რელიგიური ხაზის გატარება დაიწყეს. ორი გუნდის დაპირისპირება - მატჩი მორიგი სამი ქულისთვის არასდროს ყოფილა. ის ბევრად მეტს წარმოადგენს - სიამაყეს, სიძლიერესა და ლიდერობას თურქულ ფეხბურთში. ორივე გუნდი პირველობისთვის იბრძვის და თავს თურქეთის მთავარ კლუბად თვლის. გამარჯვება კი ქალაქსა და ქვეყანაში დომინირების სიმბოლოა. როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც მტრობა მარტივად იგრძნობა, ამიტომ დერბი ხშირად ჩხუბითა და სისხლიანი დაპირისპირებით სრულდება. კულტურა იმდენად ძლიერია, რომ კლუბში მოსული უცხოელი ფეხბურთელებიც მარტივად ხდებიან ამ ბანაკის წევრები. ნათელი მაგალითია ედინ ჯეკო. ბოსნიელი რამდენიმე თვის მოსული იყო ფენერში, როდესაც გალათასარაის ფეხბურთელებსა და ქომაგებზე დიდი აღტყინებით განაცხადა: „ტირილი და წუწუნი, ეს მათი თამაშის სტილია.” - ამ სიტყვებიდან იმდენი ღვარძლი იღვრებოდა, გაიფიქრებდი - ჯეკო ბავშვობიდან ფენერის ულტრასებთან იზრდებოდა და მათი იდეა შესისხლხორცებული აქვსო.

ბოლო წლებში არაერთი სკანდალური დაპირისპირება ვიხილეთ, ამიტომაც დღევანდელ შეხვედრას უცხოელი არბიტრი განსჯის. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუმ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მეტოქე კლუბებს შორის დაძაბულობის შემცირებასა და მსაჯებთან შემდგომი დავების თავიდან აცილებას. ჩვენ გვინდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებებზე დებატების ნაცვლად ყურადღების ცენტრში ფეხბურთის ხარისხი იყოს.“
ქომაგების აზრით, თურქეთში ნეიტრალური ფანი არ არსებობს. მსაჯებს ხან გალათასარაის ქომაგობა ედებოდათ ბრალად, ხან ფენერბაჰჩესი. იყო საუბრები კორუფციასა და მსაჯების მოსყიდვაზე. თურქეთში ჩასვლის პირველივე დღიდან ჟოზე მოურინიო მსაჯებს აკრიტიკებდა და თავბედს იწყევლიდა - რომ მცოდნოდა აქაური ამბები სტამბოლში არ ჩამოვიდოდიო. უცხოელი მსაჯის იდეას გალას ბანაკში აღტაცება დიდად არ გამოუწვევია. გუნდის მწვრთნელმა, ოკან ბურუკმა, განაცხადა: „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსაჯი კომპეტენტური იყოს. იმედია, შერჩევის პროცესი არ იქნება წინასწარ განსაზღვრული.” - შემდეგ კი დასძინა: „სწორი მსაჯის არჩევა მომგებიანი იქნება. მე მხოლოდ მსაჯის ხარისხი მაინტერესებს და არა მათი პასპორტი ან ვინაობა."
როგორც ფენერი, ასევე გალათასარაი ფედერაციას არათანმიმდევრულობაში სდებს ბრალს და ცუდ მენეჯმენტზე საუბრობენ. ამიტომაც თურქეთის ფეხბურთს ფედერაცია იძულებული გახდა პრინციპული თამაშის განსჯა უცხოელი არბიტრისთვის მიენდო. მოთამაშეებთან ერთად დღეს მოედანზე სლოვენიელი არბიტრი, სლავკო ვინჩიჩი იდგება.
მოსისხლე მტრები ერთ ბანაკში
მოსისხლე მტრები ერთ ბანაკში
დღეს ეს უტოპიურად ჩანს და მხოლოდ პეპლის ეფექტის გამოისობით შეგვიძლია ვიფიქროთ - რა მოხდებოდა თუ კი მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ორი კლუბი გაერთიანდებოდა. არადა ამის შანსები საკმაოდ დიდი იყო. გალა 1905 წელს დაარსდა, ხოლო ფენერი ორი წლის შემდეგ და მათი მეტოქეობა პირველივე დღიდან გახურდა, მაგრამ 1910-იანი წლების დასაწყისში ორი დაპირისპირებული მხარე ერთ მაგიდასთან იჯდა - ეროვნული ღირსების გასაძლიერებლად. თურქეთში ჩემპიონატის ფორმატის მსგავსი ტურნირი პირველად 1904 წელს ჩატარდა და მას სტამბოლის ლიგა ერქვა, რომლის დაარსებაში დიდი წვლილი ბრიტანელ ჯეიმს ლაფონტეინს მიუძღვის. ამ ლიგაში მონაწილეობას იღებდნენ თურქეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების - ბერძნების, სომხებისა და ინგლისელების გუნდები. თავდაპირველად მეტად გამოცდილ ბრიტანელებთან და სხვა ეროვნებით დაკომპლექტებულ გუნდებთან, თურქებს წარმატებით ასპარეზობა უჭირდათ, ამიტომაც 1912 წელს ორი კლუბის ხელმძღვანელობა ერთმანეთს შეხვდა და მზაობა გამოთქვა არათურქული კლუბების წინააღმდეგ ძლიერი და მედეგი გუნდი შეექმნათ. პირველადი ვერსიით ამ გაერთიანებას ერქმეოდა Türkkulübü - რაც ითარგმნება, როგორც თურქული კლუბი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს იდეოლოგიური განსხვავებები ჰქონდათ, როგორც სპორტული ასევე, ქვეყნის მართვის სტილის მიმართ, ეროვნული ღირსებისა და სიძლიერის გამო ისინი დათმობაზე წავიდნენ. ფურცელზე ყველაფერი მზად იყო და ორი კლუბის გაერთიანებასაც წინ არაფერი ედგა, მაგრამ 1913 წელს ბალკანეთის ომი დაიწყო და ოტომანთა იმპერიას ფეხბურთისთვის აღარ ეცალა.

როგორია კლუბების გულშემატკივრების გავრცელება/პროცენტულობა სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში?
1960-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც თურქეთის სუპერლიგა შეიქმნა, ფენერბაჰჩე პირველობას არავის უთმობდა და ამ ნიშას ჯერ კიდევ სტამბოლის ლიგიდან მოყოლებული ინარჩუნებდა. 1970-იან და 80-იან წლებამდე ფენერბაჰჩე პოპულარობის ზენიტში იყო და მოსახლეობის 60-70% თავს „ლურჯ-ყვითლების" გულშემატკივრად აიდენტიფიცირებდა. სტამბოლის გარდა გალათასარაის გულშემატკივრებს ძირითადად დიდ ქალაქებში შეხვდებოდით, ხოლო ფენერი მთელი თურქეთის მასშტაბით, სოფლებსა და პატარა ქალაქებში იყო ბევრად პოპულარული. 1990-იან და 2000-იან წლებში საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულმა წარმატებამ, (უეფას თასზე გამარჯვებამ) - გალათასარაის პოპულარობის ზრდას ხელი შეუწყო. კლასობრივმა განსხვავებებმაც ნელ-ნელა უკან პლანზე გადაიწია და საერთაშორისო წარმატებამ გალათას არისტოკრატიულ ნაწილში ბაზირებული კლუბი, მეტად ეროვნული და მისაღები გახადა სტამბოლს მიღმა მცხოვრები თურქებისთვისაც. გალათასარაი აღარ იყო მხოლოდ ფრანგულ სკოლაში მოსიარულე ბურჟუაზიის კლუბი და მისმა წარმატებამ თურქეთის ყველა რეგიონში მცხოვრებ ხალხს განაცდევინა სიამაყე და სიხარული. სოციალური ქსელებით თუ დავითვლით ქომაგებს, აქ გალათასარაი საგრძნობლად წინ არის, მაგრამ, ფენერის ფანები დამცინავად და ამრეზით ამბობენ, რომ ეს უცხოელების ხარჯზეა და გალა მაინც ქემალისტურ ინტერნაციონალიზმად რჩება, ხოლო ჭეშმარიტი თურქისთვის ნომერი პირველი კლუბი ფენერბაჰჩეა, მაგრამ ბოლო წლების გამოკითხვებით მტკიცდება, რომ „ლურჯ-ყვითლებმა" პირველობა არათუ სტამბოლსა და უცხოელებს შორის, არამედ თურქეთშიც დაკარგეს.

საინტერესოა რა გახდა „შავ-ყვითლების" ქომაგთა შემცირების მიზეზი. როგორც ვახსენეთ, ბოლო წლებში კლუბებს შორის სოციალური საკითხი ნელ-ნელა იშლება. მუშათა კლასის ნაწილი ფენერიდან „შავ-თეთრებში" პორტირდა და მემარცხენეთა საყვარელ კლუბად ბეშიქთაში იქცა. გალათასარაის საერთაშორისო წარმატებამ შეამცირა მათი გაუცხოება საშუალო და ღარიბ ფენას, ეროვნულობის მაძიებელთა შორის. ფენერი იმპერიაა, გალა - რესპუბლიკა და ახალ თაობაში, ეს უკანასკნელი უფრო პოპულარულია, თან რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საყვარელი კლუბი ბაშაქშეჰირი, რომელიც ქვეყნის მმართველს ერთი ხანობა პირად კონტროლზე ჰყავდა და მის წარმატებას გულშემატკივრობდა, წინა დეკადაში ნეოოსმალიზაციისა და ნაციონალიზმის მთავარ სიმბოლოდ იქცა, რამაც აქამდე ფენერის ფანზონაში მყოფი იმპერიის რადიკალ მოტრფიალეებს ბანაკის შეცვლისკენ უბიძგა.
ორივე კლუბის ქომაგი, თავს თურქეთის ნომერ პირველი კლუბის ნაწილად თვლის და თავისებური არგუმენტებით ცდილობენ ბაგირის გადაზიდვას. ევროპულ ნაწილი - საერთაშორისო ტიტულთან ერთად, თურქეთის სუპერლიგის, თასისა და სუპერთასის ყველაზე მეტჯერ მოგებით ტრაბახობს, ხოლო ფენერის ქომაგები ურთიერთშეხვედრებს ახსენებენ, სადაც „ლურჯ-ყვითლებს" ჯერ კიდევ შემორჩათ უპირატესობა, მათ მიღწევებში სტამბოლის ლიგაცაა. სიამაყითა და თავმომწონეობით ახსენებენ, რომ უცხოურ გუნდებთან ჭიდილში თურქული სიამაყე ყველაზე მეტჯერ ფენერმა დაიცვა. თუ კი ეროვნული და სტამბოლის ლიგების პერიოდს მივათვლით - ჯამში ტიტულებით პირველზე ფენერია.

გულშემატკივრებს შორის შეტაკება ყოველი დერბის წინ გარდაუვალია და არაერთხელ ფანებისთვის სავალალოდ დასრულდა. დერბის ისტორიას: ფეხბურთელებისა და ფანების ჩხუბი, ადამიანების სიკვდილი, ცეცხლწაკიდებული და დატბორილი სტადიონებიც ახსოვს, სწორედ აქედან მოდის ერთ-ერთი არაოფიციალური მეტსახელი - წყლიანი დერბი. 2007 წელს გალას ფანებმა, მოსისხლე მტრის ჩემპიონობა ვერ აიტანეს და ფეხბურთელებსა და მეტოქე გუნდის ქომაგებს წყლის ბოთლები დაუშინეს. 5 წლის შემდეგ ფენერის ფანებმა ხურდა დააბრუნეს და მეტოქის სტადიონის დატბორვა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიის ცეცხლის ალში მიცემა განიზრახეს, რაც ნაწილობრივ მოიყვანეს კიდეც სისრულეში. ბოლო წლებში ორივე გუნდის ლეგიონერებიც აქტიურად არიან მოედნის გარჩევებში ჩართული - ედინ ჯეკოს, მიში ბაჩუაის, რობერტო სოლდადოს, ბადუ ნდიაეს მუშტი-კრივი და გინებებიც მრავლად შემორჩა ფოტო-ვიდეო ისტორიას. ფაქტი ერთია, რომ ამ დავაში მართალი არასდროს იარსებებს და ორივე კლუბის ერთგული ფანები, სიცოცხლის ბოლო წვეთამდე საკუთარი კლუბის უპირატესობაზე ღაღადსა და სიმღერაში გალევენ დროს.
ბოლო დეკადა და დღევანდელობა
10 წელი გავიდა რაც ფენერბახჩეს გვალვიანი პერიოდი უდგას, თურქეთის სუპერლიგის მოგება „ყვითელმა კუნძულმა” ბოლოს 2013/14 წლების სეზონზე შეძლო. მას შემდეგ რაც თურქეთის სუპერლიგა დაარსდა - 1959 წლიდან, არც ეროვნული და სტამბოლის ლიგების პერიოდში ფენერბაჰჩეს ფანების სატიტულო ლოდინი ამდენ ხანს არ გაგრძელებულა. იმპერიის გუნდი, სტაბილურობასთან ასოცირდებოდა, რაც ბოლო წლებში გაუფასურდა. საერთოდაც გუნდი 2016/17 წლების შემდეგ, გალათასარაიზე უკან ასრულებს ყოველ სეზონს. ლომებმა არასაჩემპიონო სეზონებიც ცხრილში ფენერზე წინ დაასრულეს. მიუხედავად ფენერის რთული სატიტულო პერიოდისა, ურთიერთშეხვედრებში ნამდვილად არ არის მსგავსი სურათი, საერთოდაც RAMS Park-ზე ბოლო სტუმრობისას ფენერბაჰჩემ ჩაღლარ სოიუნჯუს გოლით იმარჯვა. 23 ტურის თავზე, გალათასარაის 6-ქულიანი უპირატესობა აქვს ფენერთან და 21 სექტემბერს, „ლურჯ-ყვითლებს" საშინაო არენაზეც მარტივად სძლიეს. ამ უპირატესობის მიუხედავად, „ლომები” შეხვედრას ხასიათწამხდრები ხვდებიან, რასაც ვერ ვიტყვით საპირისპირო ბანაკზე, მიზეზი - ევროპა ლიგაა. არადა გალათასარაი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, ომახიანადაც დაიწყეს და პირველ 4 ტურში 10 ქულით, ცხრილის სათავეში მოექცნენ. ტოტენჰემის დამარცხების შემდეგ ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარეს. ლიგის ფაზის დარჩენილი 4 შეხვედრა კი ძალიან სუსტად ჩაატარეს და TOP 8-ში ვერ მოხვდნენ, მიუხედავად ამისა ალკმაართან პლეი-ინის დაპირისპირებაში ფავორიტად მაინც თურქები ითვლებოდნენ. ნიდერლანდელებთან ორი მატჩის ჯამში გალა პირწმინდად შერცხვა, - თურქეთში მოლოდინები ბევრად დიდი იყო და ახლა სეზონის გადარჩენა, მხოლოდ ჩემპიონობას შეუძლია. ფენერმა კი ლიგის ფაზაში ძალიან მძიმე შეხვედრები ჩაატარა და ბოლო 24-ე ადგილით შეძვრა პლეი-ინში, სადაცა კარგ ფორმაში მყოფ ანდერლეხტს დაუპირისპირდა. ჯგუფურისგან განსხვავებით, ბელგიელებთან „შავ-ყვითლები" უკეთ გამოიყურებოდნენ.

ჟოზეს გუნდმა, ტრავმების მიუხედავად, ძალიან მარტივად გაიარა ანდერლეხტის ბარიერი და ფსიქოლოგიური დერბის წინ უპირატესობა მიიღო. პრაგმატული კუთხით თუ შევხედავთ ფენერს ორ ტურნირზე ბრძოლა გაუჭირდება, მითუმეტეს როდესაც მისმა ვიზავიმ ევროპა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა, მაგრამ ემოციური კუთხით მათ აქვთ უპირატესობა და გალათას უბანში მოგების შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო ძლიერი მუხტი იქნება და შესაძლოა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ეპიკური ფინიში ვიხილოთ. ყველაფერთან ერთად „ლურჯ-ყვითლების" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც იცის გადამწყვეტ ეტაპზე მინიმუმიდან როგორ გამოადნოს მაქსიმუმი.
თავის მხრივ გალა რეაბილიტირებას ეცდება საკუთარ მაყურებელთან და მოგების შემთხვევაში ფენერბაჰჩეს ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც წაართმევს. 9-ქულიანი ჰანდიკაპი მდევართან, ჩემპიონობისთვის დიდი განაცხადი იქნება. ფაქტი ერთია, ამ თამაშში ცეცხლი დაინთება, როგორც ტრიბუნებზე ასევე მის მიღმა.















