
მოჰამედ ელნენი
გასული დეკადის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ლონდონის არსენალში გაატარა. 160-ზე მეტი მატჩი ლონდონში და 3 ტიტული. ელ ნენი იქამდე ბრწყინავდა ბაზელში, რომლის შემადგენლობაში შვეიცარიის ჩემპიონი ზედიზედ 4-ჯერ გახდა.

ომარ მარმუში
ეგვიპტური ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი, რომელმაც პრემიერ ლიგაში ხმაურიანად შემოაბიჯა. ვოლფსბურგში ვერდამკვიდრების შემდეგ, მარმუშმა საკუთარი თავი იპოვა ფრანკფურტის აინტრახტში, რომლის რიგებში 67 მატჩში 37 ბურთი გაიტანა. იანვარში ომარი 75 მილიონად გადავიდა მანჩესტერ სიტიში, სადაც ბოლო მატჩში 14 წუთში ჰეთ-თრიკიც შეასრულა.

აჰმედ მიდო
ეგვიპტური ფეხბურთის პირველი დიდი ვარსკვლავი ევროპაში. ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონკურენტი ამსტერდამის აიაქსში, რომელმაც ძველ კონტინენტზე არაერთი კლუბი მოიარა. მიდო გვიხილავს რომაში, მარსელში, სელტასა და მიდლსბროში, მაგრამ ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მას ჰქონდა ტოტენჰემში, 2000-იანების შუა პერიოდში.

მოჰამედ სალაჰი
ეგვიპტური ფეხბურთის მთავარი მოვლენა. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, როგორც ლივერპულის, ისე პრემიერ ლიგის ისტორიაშიც. ამის გარდა, ერთ-ერთი საუკეთესო უშუალოდ აფრიკის კონტინენტზეც. სალაჰს არაფერს აკლებს ასაკი და მიმდინარე სეზონში ის ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატათაც მოგვევლინა.

მოჰამედ ზიდანი
ზიდანს უწინასწარმეტყველებდნენ დიდ მომავალს, ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში, ბრემენის ვერდერში თამაშის დროს. შემდეგ მის კარიერაში იყო მაინცი, ჰამბურგი და დორტმუნდის ბორუსია, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ მომ მასზე დაკისრებული ავანსები ვერ გაამართლა. ამის მიუხედავად, გერმანიის ჩემპიონატის მოყვარულები ეგვიპტელ ფორვარდს დღემდე იხსენებენ.

















