თავად განსაჯეთ - საქართველოს, უკრაინის, შოტლანდიის, ლიეტუვასა და ფარერების ნაკრებებს იტალიასა და საფრანგეთთან ჭიდილი მოუწიათ. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ შესარჩევის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, "სკუადრა აძურა" და "მამლები" ერთმანეთს მუნდიალის ფინალში შეხვდნენ. გავიხსენოთ, თუ როგორ ჩაიარა იმ ციკლმა.

ახალ საფეხურზე ასვლის წარუმატებელი მცდელობა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, "ჯვაროსნებში" კარდინალური ცვლილებები მოხდა. ახალი მთავარი მწვრთნელი - კლაუს ტოპმიოლერი, ახალი ტექნიკური სპონსორი - დიადორა, ახალი ეკიპირება, გერბი და ქომაგებისთვის დაწერილი სიმღერაც კი: "ჩვენ ერთი გუნდი ვართ". ეს ყველაფერი 2006 წლის ზაფხულში ხდებოდა.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპის მიმდინარეობას, დაწყება იყო ტრიუმფალური - ჩვენმა ნაკრებმა სტუმრად გაანადგურა ფარერების კუნძულები, ანგარიშით 6:0. დავით მუჯირის ყუმბარისებულ გასროლას მოჰყვა შოთა არველაძის ჰეთ-თრიკი, ლევან კობიაშვილის 11-მეტრიანი და ალექსანდრე იაშვილის 1 ბურთიც.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "თეთრ-წითლების" მოწინააღმდეგეები სახლში თვით "გალიელები" იყვნენ. ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, "სამფეროვანთა" რიგებში იწყებოდა თაობათა ცვლა და ბევრისთვის რჩებოდა გამოცანად, თუ როგორ შეძლებდნენ მუნდიალის ვიცე-ჩემპიონები თავიანთი ბელადის გარეშე ფონს გასვლას.
რაიმონდ დომენეკის გუნდში შეინიშნებოდა კრიზისის ნიშნები, თუმცა არა ტოპმიოლერის შეგირდების წინააღმდეგ. სტუმრებმა იმარჯვეს უმარტივესად, ისე რომ 47-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 0:3 იყო. ცნობისთვის, საფრანგეთის შემადგენლობაში იმ მატჩში თამაშობდა საქართველოს ეროვნული გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი, ვილი სანიოლი.

მესამე ტურში გაიმართა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა უკრაინასა და "ჯვაროსნებს" შორის, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 3:2 დასრულდა. თავდაპირველად იგებდნენ "ლურჯ-ყვითლები", მე-60 წუთისთვის კი ჩვენების სასარგებლოდ იყო 2:1, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მასპინძლებმა ქამბექი შემოგვთავაზეს.
კიდევ ერთი საინტერესო სამწვრთნელო დამთხვევა - სლავების შემადგენლობაში თამაშობდა ამჟამინდელი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სერჰი რებროვი. "თეთრ-წითლებმა" შემდეგ წააგეს ზედიზედ 2 მატჩი, მუნდიალის ტრიუმფატორ აპენინელებსა და შოტლანდიელებთან, რითაც ჯგუფის ქვედა ნაწილში ჩამოქვეითდნენ.
ტოპმიოლერის გუნდი 12 შეხვედრაში საერთო ჯამში რვაჯერ დამარცხდა. აღნიშნული ციკლის უკანასკნელი დასამახსოვრებელი მომენტი იყო "ტარტანებთან" მოგება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული გუნდის იმდროინდელმა ამომავალმა ვარსკვლავებმა: ლევან ყენიამ, ლევან მჭედლიძემ და გიორგი მაკარიძემ.

მუნდიალის ფინალისტების დუელი
საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდნენ ჯგუფის მთავარი ფავორიტები - "ლურჯები" და "მამლები". აღნიშნული გუნდების დაპირისპირებას ჰქონდა ჩვეულებრივზე კიდევ უფრო ეპიკური აფიშა იმ მოვლენების შემდეგ, რაც 2006 წლის მუნდიალის ფინალში მოხდა.
ყველას გვახსოვს ზიდანსა და მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტი, წითელი ბარათი, პენალტების სერია და მსოფლიო ჩემპიონი მარჩელო ლიპის გუნდი. რაც შეეხება შესარჩევს, პირველ მატჩში "გალიელებმა" მოიგეს 3:1, საპასუხო თამაშში კი უგოლო ფრე დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ჯგუფში 1-ელი პოზიცია იტალიამ დაიკავა.

ამით, "სკუადრა აძურასა" და "სამფეროვნების" დაპირისპირება არ დასრულებულა - აღნიშნული ნაკრებები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფშიც შეხვდნენ. მუნდიალის ორივე ფინალისტი განადგურდა ნიდერლანდებთან, გადამწყვეტ მატჩში კი აპენინელებმა დომენეკის გუნდს მოუგეს 2:0 და პლეი-ოფისკენ გზა გადაუკეტეს.
რაც შეეხება "ჯვაროსნების" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდგომ ციკლს, ტოპმიოლერმა ნაკრები დატოვა 2008 წელს, მის ნაცვლად კი ექტორ რაულ კუპერი დაინიშნა. გერმანელი დამრიგებელი ჩვენს ეროვნულ გუნდს თავკაცობდა 24 მატჩის მანძილზე: 7 მოგება, 4 ფრე და 13 წაგება.


















