რიგით 93-ე დაპირისპირება, რომლის ურთიერთშეხვედრების ისტორია ასეთია - 53-ჯერ იმარჯვა პარიზმა, 14-ჯერ - რონელებმა, 25 თამაშში კი ფრე დაფიქსირდა. აღნიშნულ დუელში ყველაზე მეტი ბურთი გატანილი აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც "მწვანეების" კარი სხვადასხვა დროს 14-ჯერ აიღო.

რა იმალება ჟოფრუა გიშარის ბინადრებისა და "ლურჯ-წითლების" დაპირისპირების მიღმა? ეს არის საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების დუელი, მაგრამ საინტერესოა ის, რომ მათი ოქროს ეპოქა სხვადასხვა პერიოდში იყო. სენტ-ეტიენი დომინირებდა 1960-1980 წლების პერიოდში, პარკ დე პრენსის ბინადრები კი 2010-დან - დღემდე ლიდერები არიან.
"ლეს ვერტსის" ანგარიშზე არის 10 ჩემპიონობა და ცნობისთვის, ლიგა 1-ში ყველაზე ტიტულოვანი ეს გუნდი იყო 2023 წლამდე, იქამდე, სანამ პარის სენ-ჟერმენმა მე-11 თასი არ მოიგო. დღეს, რონელები თავიანთ მეტოქეს უკვე 2 ტიტულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ევროთასებს, ამ კატეგორიაში არის ფრე, 1:1, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის მხრივ.
"მწვანეები" ევროსარბიელის მთავარ შეხვედრამდე მივიდნენ 1976 წელს, პსჟ-მ კი ეს 2020-ში გააკეთა. საინტერესოა ის, რომ ორივე გუნდს ფინალში მიუნხენის ბაიერნმა მოუგო. ახლა კი გავიხსენოთ გიშარის ბინადრებისა და პარიზის ეპოქალური მოთამაშეები სხვადასხვა პერიოდიდან.

მიშელ პლატინი და დომინიკ როშტო | მეგობრები, მეტოქეები, ევროპის ჩემპიონები
პლატინიმ და როშტომ ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩაატარეს 69 შეხვედრა, როგორც საფრანგეთის ნაკრებში, ისე სენტ-ეტიენშიც. აღნიშნულმა დუეტმა ერთად ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. 1980 წელს დომინიკი "ლეს ვერტსიდან" გადავიდა პარის სენ-ჟერმენში, რის შემდეგაც მიშელთან მეგობრობა უკვე მეტოქეობაში გადაიზარდა.
საინტერესოა ის, რომ 11-თამაშიანი ურთიერთდაპირისპირებების ისტორია აშკარად პსჟ-ს გარემარბის მხარეს არის - მან იმარჯვა ოთხჯერ, რონელთა ფლეიმეიქერმა მხოლოდ ერთხელ, ექვსი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ფრანგ შუახაზელს თანამემამულე ვინგერის წინააღმდეგ უთამაშია 3 კლუბის მაისურით: ნანსის, "მწვანეებისა" და იუვეს.

როჟე მილა და ჯორჯ ვეა | პირველი დიდი ვარსკვლავები აფრიკიდან
სამუელ ეტო'ოსა და დიდიე დროგბას გამოჩენამდე, აფრიკის მთავარი ფეხბურთელები ევროპულ ფეხბურთში მილა და ვეა იყვნენ. ერთ მხარეს არის მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე, მეორე მხარეს კი პირველი არაევროპელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. როჟე იყო 42 წლის, როდესაც აშშ-ში გამართულ ტურნირზე რუსეთს გოლი გაუტანა.
ევროპული კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონი კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ჩაატარა სწორედ სენტ-ეტიენში, რომლის შემადგენლობაში 1984-1985 წლებში 39 მატჩში 25 ბურთი შეაგდო. რამდენიმე წლის შემდეგ, საფრანგეთში გაიბრწყინა უკვე ჯორჯმა, თავდაპირველად მონაკოში, შემდეგ კი - პარის სენ-ჟერმენში.
ლიბერიელი თავდამსხმელი პსჟ-ს დაეხმარა ოთხი ტიტულის მოპოვებაში, რის შემდეგაც 1995 წელს ის მილანში გადავიდა. კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, პარიზელთა ექს-ფორვარდს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა. საინტერესოა ისიც, რომ 1988-1989 წლებში, "თავადებისა" და მონპელიეს მატჩებში ეს დუეტი მოედანზე ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდა.

რონალდინიო გაუჩო და დიმიტრი პაიე | ჯადოქარი და მისი პატარა თაყვანისმცემელი
პარის სენ-ჟერმენში გაბრწყინებისა და ბარსელონაში გადასვლის მომენტში, რონალდინიო მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. საფრანგეთს იმ დროს ჰყავდა ბევრი გამორჩეული ტალანტი, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას პაიე იწვევდა. სისწრაფე, დრიბლინგი, ეფექტური გოლები და საჯარიმო დარტყმები...სენტ-ეტიენში მოთამაშე დიმიტრი ბევრს სწორედ გაუჩოს აგონებდა.
არავის გაკვირვებია ის ფაქტი, რომ ფრანგმა გამთამაშებელმა თავის კერპად სწორედ ლეგენდარული ბრაზილიელი შემტევი დაასახელა. ისინი არასდროს შეხვედრილან ერთმანეთს მოედანზე, მაგრამ საინტერესოა ის, რომ "ლეს ვერტსის" ყოფილი ფლეიმეიქერი კარიერის დასკვნით ნაწილს ატარებს თავისი კერპის მშობლიურ მიწაზე, ბრაზილიაში, ვასკო და გამაში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი | მილანელები განსხვავებული კარიერული გზით
პარის სენ-ჟერმენის თანამედროვე ისტორიის პირველ დიდ ვარსკვლავად უნდა მივიჩნიოთ იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც დედაქალაქური გუნდი ახალ საფეხურზე აიყვანა. ზლატანი პსჟ-ში გადასვლამდეც იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, საფრანგეთში კი მან ეს სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა.
რაც შეეხება ობამეიანგს, შვედი თავდამსხმელის მსგავსად, ისიც მილანიდან გადავიდა ლიგა 1-ში, თუმცა მას ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწია. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პიერის აფეთქება ვიხილეთ სწორედ სენტ-ეტიენში, რომლის შემადგენლობაში მან 97 მატჩში 41 ბურთი შეაგდო.

ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი | ახალი ათვლა, ქართული დუელი
ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები, რომლებიც ლიგა 1-ში მოწინააღმდეგეების ამპლუაში აღმოჩნდნენ. 29 მარტს, კვარაცხელია და დავითაშვილი საფრანგეთში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე მათგანს აქვს განსხვავებული მისია: ხვიჩა პარის სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძვის, ზურიკო კი სენტ-ეტიენისთვის ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.

















