
პიერ-ემერიკ ობამეიანგი
მილანის აკადემიიდან წამოსვლის შემდეგ, ობამეიანგმა წარუმატებლად მოიარა ლიგა 1-ის რამდენიმე გუნდი, საკუთარი თავი კი სენტ-ეტიენში იპოვა. მან "მწვანეებში" ჩაატარა 97 მატჩი, გაიტანა 41 ბურთი და 2012 წლის თებერვალში ლორიანს 3 ბურთი გაუტანა. მოგვიანებით, პიერი გოლების გატანას დორტმუნდის ბორუსიაში გააგრძელებს.

ლორან ბლანი
ცენტრალური მცველი, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 150-ზე მეტი გოლი გაიტანა. ბლანი 90-იანების შუა პერიოდში ორი სეზონით გაჩერდა სენტ-ეტიენში, რომლის შემადგენლობაში, 73 მატჩში 18 ბურთი გაიტანა. ლორანის კარიერაში გამორჩეულია 1994 წლის აგვისტოში გამართული მატჩი ლე ავრთან, რომელშიც მან 3 ბურთი გაიტანა.

დიმიტრი პაიე
პაიემ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება პირველად სწორედ სენტ-ეტიენში თამაშის დროს მიიქცია, ამ პერიოდში მან, 148 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. 2010 წლის აგვისტოში დიმიტრის 3 ბურთით "მწვანეებმა" ლანსს მოუგეს. იმ დროს, ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ვინგერად მიიჩნეოდა, რომელსაც ტოპ კლუბში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ.

მიშელ პლატინი
სენტ-ეტიენის მეფე და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. 145 შეხვედრაში მან 82 გოლო გაიტანა და კლუბის ოქროს ეპოქა შექმნა. პლატინის "მწვანეებში" ჰეთ-თრიკიც აქვს შესრულებული. ეს მოხდა 1981 წლის ნოემბერში, ვალანსიენთან. საფრანგეთის დატოვების შემდეგ მიშელმა ეპოქა უკვე ტურინის იუვენტუსში შექმნა.

ზურიკო დავითაშვილი
ბოლოს კი სენტ-ეტიენის ახალი გმირი, რომელმაც გასულ შაბათს ბენეფისი მოიწყო. აღსანიშნავია ის, რომ დავითაშვილს ლიგა 1-ში აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი. ყველაფერი შეიცვალა ოსერთან მატჩში, რომელშიც ზურიკომ 3 ბურთი გაიტანა. ვნახოთ, კიდევ რას შემოგვთავაზებს ახალგაზრდა ვინგერი "მწვანეებში".

















