11 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. გასული დეკადის დასაწყისიდან - დღემდე, "ჯვაროსნებსა" და "ფურია როხას" ერთმანეთთან გასახსენებელი დაუგროვდათ ბევრი...მოგონება, რომელიც 8 თამაშს იტევს.
პირენეელებმა დაგვამარცხეს შვიდჯერ, ისევე როგორც იტალიამ, საბერძნეთმა და უკრაინამ. მათზე ხშირად ჩვენს ნაკრებთან გამარჯვება მოუპოვებია მხოლოდ ირლანდიის ეროვნულ გუნდს, 9-ჯერ. დავუბრუნდეთ ესპანეთთან ურთიერთშეხვედრებს და დღეს გავიხსენებთ პირველ დაპირისპირებას, რომელიც 13 წლის წინ გაიმართა.
ევროპის ჩემპიონის ვიზიტი საქართველოში
2012 წლის 11 სექტემბერი - ესპანეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში სტუმრობს საქართველოს, მიზეზი კი ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე საგზურის მოპოვება არის. "ფურია როხას" გარდა, "ჯვაროსნების" მეტოქეები შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ საფრანგეთი, ფინეთი და ბელარუსი.
ჩვენმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო წარმატებულად - თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი სადებიუტო გოლით სახლში დამარცხებულნი იქნენ სლავები. ეს შეხვედრა გაიმართა 7 სექტემბერს და როგორც აღვნიშნეთ, თემურ ქეცბაიას გუნდს 4 დღის შემდეგ ევრო 2012-ის ჩემპიონი პირენეელები ელოდნენ.
ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ითვლებოდა აშკარა ფავორიტად და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საქართველოს მოწინააღმდეგე იყო ნაკრები, რომელმაც მიყოლებით მოიგო ევრო 2008, სამხრეთ აფრიკის მუნდიალი და ევრო 2012. დიახ, ესპანეთზე ძლიერი ეროვნული გუნდი იმ დროს უბრალოდ არ არსებობდა.
თბილისში გამართულ მატჩში "ფურია როხას" შემადგენლობა იყო ასეთი - კასილასი, რამოსი, პიკე, არბელოა, ალბა, ბუსკეტსი, ალონსო, ჩავი, ინიესტა, სილვა და სოლდადო. შეცვლაზე შემოვიდნენ ფაბრეგასი, პედრო და კასორლა. პირენეელთა შემხედვარე ბევრს ჰქონდა იმის ილუზია, რომ ეს შეხვედრა დასრულებული მის დაწყებამდე იყო.
"ჯვაროსნების" შემადგენლობა - ლორია, ამისულაშვილი, კაშია, კვირკველია, ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი, თარგამაძე, ოქრიაშვილი, მჭედლიძე. შეცვლაზე შემოვიდნენ კვასხვაძე, სირბილაძე და ძალამიძე. შეხვედრა გაიმართა ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე, 70 000 მაყურებლის თანდასწრებით.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მიმდინარეობას, დელ ბოსკეს გუნდი უტევდა, ჩვენი ნაკრები კი თავს იცავდა და თბილისის დინამოს იმდროინდელი გოლკიპერის დამსახურებით, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გოლის გატანას ვერ ახერხებდა. დიახ, ქართველმა გოლკიპერმა განახორციელა არაერთი სეივი და შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
ესპანეთმა კარისკენ დაარტყა ცხრაჯერ და ექვს შემთხვევაში გოლი სწორედ გიორგის მოგერიებების წყალობით არ გავიდა. მატჩის 72-ე წუთზე მოხდა იმ შეხვედრის ყველაზე სამწუხარო მომენტი, ალბათ, გოლის გაშვებაზე უფრო სამწუხაროც კი: საქართველოს ეროვნული გუნდის პირველმა ნომერმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
ლორიას გასვლიდან 14 წუთში "ფურია როხამ" იმ მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა. "ჯვაროსნების" კარი ფაბრეგასის საგოლე პასით სოლდადომ აიღო. ვინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა ის შეხვედრა ჩვენი ეროვნული გუნდის კარში თამაშის ბოლომდე გიორგი რომ მდგარიყო.
შემდეგი მატჩები
2012 წლის 11 სექტემბრის მატჩის შემდეგ, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდა კიდევ შვიდჯერ და როგორც გვახსოვს, ერთ-ერთ თამაშში სენსაციაც ვიხილეთ. 2016 წლის 7 ივნისი: "ჯვაროსნები" ამხანაგურ შეხვედრაში "ფურია როხას" ოქრის გატანილი ბურთით უგებენ. ეს იყო პირველი და ჯერჯერობით ბოლო მოგება ჩვენი ეროვნული გუნდის პირენეელებთან.
იმ მატჩის შემდეგ, ესპანეთმა საქართველოსთან გამარჯვება ზედიზედ ხუთ თამაშში მოიპოვა. აღნიშნულ დაპირისპირებებს შორის არის ყველაზე მტკივნეული წაგებაც "ჯვაროსნების" ისტორიაში, 1:7 შინ, ევრო 2024-ის შესარჩევზე. "ფურია როხასთან" განადგურების მიუხედავად, ჩვენი ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე მაინც გავიდა.
ჯგუფური ბარიერის დაძლევის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდის ზღაპარი მერვედფინალში სწორედ პირენეელებმა დაასრულეს. წინ მუნდიალია, რომლის შესარჩევში საქართველოს მეტოქე ისევ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მრისხანე ოპონენტის შეჩერებას "ჯვაროსნები" ამჯერად მაინც.
კვლავ ევროპის ჩემპიონი ესპანეთი
ესპანეთთან პირველი დაპირისპირების შემდეგ, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. ევროპის ჩემპიონატზე მომავალ ტრიუმფატორთან განადგურების მიუხედავად, "ჯვაროსნები" გახდნენ კონტინენტის პირველობის გუნდი - აღმოჩენა, რომლის მოთამაშეებზე ტოპ კლუბებში ინტერესიც გაჩნდა.
ჩვენს ნაკრებს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გასულ სეზონში პარის სენ-ჟერმენთან ერთად მოიგო ყველაფერი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამოკლებით. ამის გარდა, ქართველმა ვინგერმა ბალონ დ'ორის გამოკითხვაში დაიკავა მე-12 პოზიცია და ის მხოლოდ 1 ხმით ჩამორჩა თანამედროვე "ფურია როხას" მთავარ დირიჟორს, პედრი გონსალესს.
პირენეებზე ძალიან კარგად იციან გიორგი მამარდაშვილის შესაძლებობების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ვალენსიას სეგუნდა დივიზიონში გავარდნისგან. დღეს, ქართველი გოლკიპერი ლივერპულის ღირსებას იცავს. არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი ქოჩორაშვილიც, რომელიც ლევანტეში ლოკალურ გმირად იქცა.
ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, ლა ლიგაში გაიბრწყინა ახალმა ქართველმა ვარსკვლავმა, გიორგი მიქაუტაძემ. ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა უკვე მოასწრო 7 შეხვედრაში 3 ბურთის შეგდება და 1 ასისტი გაფორმება. დე ლა ფუენტეს გუნდთან დაპირისპირების წინ, ქართველმა ფორვარდმა 3 დღის შუალედში მადრიდის რეალისა და ტურინის იუვენტუსის კარი აიღო.
"ყვითლების" თავდამსხმელი ყალიბდება დიდი თამაშების ფეხბურთელად და ეს ითქმის სანაკრებო დონეზეც, თუმცა მის რეზიუმეს აკლია ერთი პუნქტი: გოლი მსოფლიო ჩემპიონი ეროვნული გუნდის კარში. წინ ესპანეთთან შეხვედრაა და "სუბმარინას" მე-9 ნომრის ბრწყინვალე ფორმის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ პირველი სისხლი სწორედ იმ თამაშში დაიღვაროს.















