ანდრეი შევჩენკო 1976 წლის 29 სექტემბერს, კიევის ოლქის სოფელ დვირკივშინაში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. როცა სამი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად კიევში გადავიდა. მომავალი ლეგენდა ფეხბურთს ცხრა წლის ასაკში ეზიარა. მისი პირველი მწვრთნელი ალექსანდრ შპაკოვი გახლდათ. ყმაწვილობაში „შევა'' კრივითაც იყო დაკავებული, მაგრამ საბოლოოდ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ცხოვრება ფეხბურთს დაუკავშირა. უკრაინელი გენიოსის პირველი კლუბი, მშობლიური კიევის დინამოა. ახალგაზრდა კაცმა, დინამოელთა თამაშის ხარისხი ერთიორად გააუმჯობესა! უკრაინის იმჟამინდელი საუკეთესო კლუბი, მსოფლიო ფეხბურთის გრანდებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა და ხშირ შემთხვევაში, თანასწორი მეტოქეც იყო! 1997-98 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში, კიეველებმა ბარსელონა გაანადგურეს, თანაც კამპ ნოუზე! მატჩის საბოლოო ანგარიში: 4-0 უკრაინელთა სასარგებლოდ... ანდრეიმ კატალონიელებს მასტერ კლასი ჩაუტარა, ჰეთ-თრიკი პირველ ტაიმში და ბარსამ კაპიტულაცია გამოაცხადა!

მომდევნო სეზონში კი უკრაინელი სუპერფორვარდის საკბილო ,,სამეფო კლუბი" გახდა. რეალისა და დინამოს გზები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გადაიკვეთა. პირველი მატჩი მადრიდში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე მატჩში კი „შევამ" „აიწყვიტა"... ორი უპასუხო ბურთი მადრიდელთა კარში და კიევის დინამო 1/2 ფინალშია! იქ კი „გერმანული მანქანაა" ჩასაფრებული. ,,რეკორდმაისტერი" "დინამოს" წინააღმდეგ... პირველ შეხვედრაში უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე ორი გოლია, მატჩი 3:3 დასრულდა. მეორე მატჩში კი გერმანელებმა ერთბურთიანი უპირატესობის მოპოვება და შენარჩუნება შეძლეს... ძალიან სიმპათიური კლუბი ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან ემშვიდობება... „შევა" ამ გათამაშების მთავარი გოლეადორი გახდა, 8 გატანილი ბურთით. შემდეგ კი იწყება უმთავრესი ეტაპი ,,სუპერ შევას" კარიერაში...
1999 წელს იტალიურმა გრანდმა, მილანმა ,,შევას’’ სანაცვლოდ $25 მილიონი გადაიხადა (იმ დროისათვის ეს რეკორდული თანხა იყო). ანდრეიმ იტალიაშიც უნდა ითამაშოს, დონ სილვიოს მისი იმედი აქვს, შევჩენკომ ახლა მისი გუნდისათვის უნდა გაიტანოს! იმ დროის იტალიის უმდიდრეს და ყველაზე გავლენიან პერსონას, ამ საკითხში იმედი არ გაცრუებია, უკრაინელმა თავის მილანურ კარიერაში უამრავი ბურთი გაიტანა. ,,როსონერის" არასდროს აკლდა ძლიერი ფორვარდები, თუმცა შევჩენკოს ათლეტურობა, სწრაფი აზროვნება და მოქმედება, შესანიშნავი გოლის ალღო, ერთი-ერთზე ძალიან კარგად თამაში ნებისმიერ მცველთან - იყო ის თვისებები, რომლებიც ,,შევას" გენიალურ შემტევად აქცევდა.

პირველი ეპიზოდი ჩემი საფეხბურთო ცხოვრებიდან, რომელიც დღესაც ნათლად მახსოვს, 2003 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ზოგადად, ეს ფინალი არც ისე კარგად დამამახსოვრდა, მაგრამ იყო ერთი ძალიან მაგარი მონაკვეთი - ბოლო თერთმეტმეტრიანი და ,,შევას’’ ოდნავ დაბნეული სახე. მან რამდენჯერმე გახედა არბიტრს, გამორბენი... და მილანი ჩემპიონია! შევჩენკოსა და დიდას ერთმანეთს ეხუტებიან - ჩემს გულში კი დიდი სიხარულია, რადგან, 7 წლის ბიჭს ამ დღიდან უზომოდ შეუყვარდა ერთბაშად სამი რამ: ფეხბურთი, შევჩენკო და მილანი. მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი იტალიელთა მატჩების ყურებას, რამდენადაც უწინ ამის საშუალება იყო... მე უკრაინელი სუპერფორვარდის წყალობით შემიყვარდა ფეხბურთი და „როსონერი". ანდრეიმ 1999-2006 წლებში ძალიან ბევრი შეხვედრა ჩაატარა უმაღლეს დონეზე. საბედნიეროდ, მეც მის მრავალრიცხოვან ქომაგთაგან ერთ-ერთი ვიყავი...
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა ის ვეღარ ახერხებს თავისი საქმის უმაღლეს დონეზე გაკეთებას, ეს არის რეგრესი. სწორედ ასეთი დრო დაუდგა კიეველ „სუპერმენს" ლონდონის ჩელსიში ასპარეზობის დროს. თითქოს ჩაქრა ვარსკვლავი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კაშკაშებდა და საფეხბურთო სამყაროს ანათებდა... სიმართლე გითხრათ, იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი ჩემი ლეგენდის მილანიდან წასვლის შემდეგ, რომ ჩელსიში მის ხუთიოდე თამაშს თუ ვუყურე. რაც ვუყურე, არც ის ვარგოდა, ხოლო რაზეც გარშემომყოფნი ლაპარაკობდნენ, ეს ჩემთვის ძალიან რთული მოსასმენი იყო... ჩელსიმ „შევა" გააფუჭა, მილანიდან არ უნდა წასულიყო და ა.შ. - მსგავსი ფრაზები ძალიან მრავლად იყო მაშინდელ საფეხბურთო სამყაროში. სამწუხაროდ, უკრაინელმა ვეღარ დაიბრუნა ის ფორმა, რომელსაც მან ახალგაზრდულ ასაკში მიგვაჩვია. მილანში დაბრუნებულმა შევჩენკომ ერთი გოლის გატანაც ვეღარ მოახერხა... ბოლოს ის სახლში, კიევში დაბრუნდა... 2009-12 წლებში, ანდრეი შევჩენკო კვლავ მშობლიური კლუბის მაისურით ასპარეზობდა. დაბერებული ანდრეი მეტნაკლებად კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მისი თამაში ამ წლების კიევის დინამოში მრავალჯერ აღემატებოდა ჩელსიში ჩატარებულ სეზონებს!
ბოლო აკორდი მისი დიდებული კარიერიდან: 2012 წლის ივნისი, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. მილანის ყოფილი და ამჟამინდელი ფორვარდები - ანდრეი შევჩენკო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთმანეთს ხვდებიან, შესაბამისად, უკრაინა-შვედეთი. პირველი გოლი შვედების ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, მაგრამ არის კაცი, ვისაც ასეთი შედეგი არ აკმაყოფილებს. „შევას" სახლში წაგება არ უნდა, ის ბოლომდე იბრძოლებს! და დარჩენილ დროში ვნახეთ მისი კიდევ ერთი, სამწუხაროდ, საბოლოო მასტერ კლასი. შევჩენკომ პირველი გოლი მისი მოსახელე, ანდრეი იარმოლენკოს ჩაწოდების შემდეგ შეაგდო, თავური დარტყმა და ანგარიში თანაბარია... გამარჯვების გოლის დროს კი ვეტერანმა უკრაინელმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა! უმაღლესი კლასის ფორვარდები მსგავს შეცდომებს არ გპატიობენ, იგი შვედ მცველებს, ახლო ძელთან უმეთვალყურეოდ დარჩათ, პასუხად კი ანდრეიმ ძლიერი თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ. კიევში ხარობენ...

ევრო 2012 ანდრეი შევჩენკოსთვის ბოლო ტურნირი აღმოჩნდა, მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. შევჩენკომ მრავალი დაუვიწყარი წუთი აჩუქა მსოფლიო ფეხბურთის ქომაგებს, მის ბრწყინვალე თამაშს არასდროს დაივიწყებენ, "შევას" გოლები და მოძრაობები მუდამ დარჩება ფეხბურთის ქომაგთა გონებაში... პირადად ჩემთვის, ანდრეი არის პირველი სიტყვა ფეხბურთში, რადგანაც ყველაფერი მისით დაიწყო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი ამ კაცმა შეაყვარა, როგორც ჩვენს სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ - „შევას" ძალიან ბევრი ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. მისი ერთგული გულშემატკივარი კი ავტომატურად „როსონერის" ერთგულ ტიფოზს ნიშნავს.
ანდრეი შევჩენკომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მრავალი ლამაზი გვერდი დაწერა და თავისი თამაშით უამრავი ადამიანი გაახარა... ანდრეი შევჩენკო ფეხბურთის ისტორიაში დარჩება როგორც - სუპერფორვარდი!
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი















