
საფეხბურთო ისტორიული რეტროსპექტივით, ჩეხეთთან მანამდე არაფერი გვაკავშირებდა. ჩეხეთის ხსენებაზე, მახსენდება ჩეხოსლოვაკიის გაერთიანებული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტობა 1934 და 1962 წლებში და ევროპის ჩემპიონობა 1976 წელს, თუმცა უფრო ცხადად თვალწინ მიდგება 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე შესანიშნავი გუნდი პაველ ნედვედის, პატრიკ ბერგერისა და კარელ პობორსკის წარმომადგენლობით. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მანამდე ზედიზედ 3 ფინალური ტურნირი გამოტოვებული ჰქონდათ, აღნიშნული ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ ჩაატარეს და, ალბათ იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გუნდთან, გერმანიის ნაკრებთან წააგეს ფინალი. ასევე დაუვიწყარია ჩეხეთის ნაკრების, დორტმუნდის ბორუსიისა და ლონდონის არსენალის ვარსკვლავი, შესანიშნავი ტომაშ როსიცკი, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ბრინჯაოს პრიზიორი გუნდის ახალგაზრდა ლიდერი, ნამდვილი ხელოვანი და გამორჩეული მეპასე.
თუ ჩეხურ და ქართულ კლუბებს შორის საკლუბო დაპირისპირებებს გავიხსენებთ, საამაყო შედეგი არ ფიქსირდება. ჯამში 10 მატჩი ჩატარდა, სადაც 8 წავაგეთ, ხოლო თითო-თითო მოვიგეთ და ფრე ვითამაშეთ. საბედნიეროდ, მოვახერხე დავსწრებოდი იმ ერთადერთ საკლუბო გამარჯვებას 2004 წელს პრაღის სლავიას წინააღმდეგ, ნახევრად გარემონტებულ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. მაშინდელი თბილისის დინამო, სადაც სხვათაშორის ჯაბა კანკავა და გურამ კაშიაც თამაშობდნენ, იმედის მომცემ გუნდად გვესახებოდა, თუმცა ეს სხვა ისტორიის დასაწყისია...
საფეხბურთო ნაკრებებზე სჯა-ბაასისას თუ წერისას , თავში პირველად მომდის ეროვნულ დროშებთან და ფორმებთან ასოცირებული ფერები, რომელშიც საფეხბურთო ვარსკვლავების სურათ-ხატები იკვეთება: არგენტინა ცისფრად ანათებს, ბრაზილია ყვითლად, ნიგერია მწვანედ, საქართველო წითლად, ხორვატია კი - ლურჯ-თეთრ-წითლად. ჩეხეთის ხსენებისას არანაირი ,,საფეხბურთო“ ფერი არ გადმოიღვრება ქვეცნობიერიდან, დიდი-დიდი უმბერტო ეკოს ,,პრაღის სასაფლაოს“ პასაჟები ან ჩეხური ლუდის გემო გაგახსენდეს, თუმცა მალევე თავს ნედვედისა და როსიცკის პროფილები ამოყოფს. რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩეხეთის ნაკრებს ის ელვარება, რაც ზემოთ ვახსენე არ აქვს, მაგრამ კარგად გამართულ, ევროპულ გუნდად მაინც რჩება, ვისთან თამაშიც არცერთი დონის ნაკრებისთვის არ იქნება იოლი გასეირნება, შესაბამისად, არც მიხეილ მესხზე უნდა ველოდოთ მოკლე გადარბენებით მიზანთან მისვლას. უფრო მეტიც, თამაში შესაძლოა ისეთივე მძიმე გამოდგეს, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა, რადგან არსებული დაუწერელი კანონის მიხედვით, პირველ მატჩში მიღწეული წარმატება, საბოლოო წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა - აღნიშნულ წესს კი ყველა ეთანხმება, განსაკუთრებით ცრურწმენებით აღსავსე საფეხბურთო სამყაროში.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-ჩეხური სანაკრებო ურთიერთობების სათავეებთან, ჩეხეთის გუნდს არ გაუმართლა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია. სეზონის სტარტზე, ქართველი ფეხბურთელები კლუბებში კარგად გამოიყურებიან. გუნდს ევროპის ჩემპიონატიდან მიღებული პოზიტიური ენერგეტიკა და სულისკვეთება გამოყოლილი აქვს, ხოლო, პირადად ჩემთვის, იმედის მომცემია მაგარ ფორმაში მყოფი ქოჩორაშვილი-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძეს ტრიო, რომელმაც კიდევ დიდხანს გუნდის ხერხემლის ფუნქცია უნდა შეასრულოს ვილი სანიოლის ფორმაციის ნაკრებში.
ასე რომ თანამედროვე ისტორია ქართულ ფეხბურთში (არამარტო ჩეხეთთან) ახლა, აწმყოში იწერება და მისი კიდევ ერთი ფურცელი 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე გადაიშლება.
ავტორი: გიორგი აბდუშელიშვილი















