"სამეფო კლუბის" თავდამსხმელის ტრანსფერი ამ თვალსაზრისით ლოგიკურია, თუმცა შემადგენლობის მხრივ, ყველაფერი ბუნდოვანია. როგორი სქემით ითამაშებს "ბლანკოსი" თავის ახალ 9-იანთან ერთად? გუნდი, რომელიც მის გადმოსვლამდეც საათივით აწყობილი იყო. შეძლებენ თუ არა ახალგაზრდა შემტევები შეთამაშებასა და როგორ გადანაწილდება მათი როლები?
ერთი სიტყვით, კითხვები ბევრია, თუმცა საგანგაშო არაფერი, რადგან "გალაქტიკოსების" ახალი თაობის ფორმირება კარლო ანჩელოტის ხელში მოხდება. საუბარია სპეციალისტის შესახებ, რომელიც ვარსკვლავებთან მუშაობის მხრივ საუკეთესოა. იტალიელი დამრიგებელი მთელი თავისი კარიერის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან მუშაობდა, ისე რომ ადგილი არასდროს ჰქონია განხეთქილებას, კონფლიქტებსა და გუნდურობის მოშლას.

25 წლის თავდამსხმელის სანტიაგო ბერნაბეუზე ინტეგრირება შეიძლება ითქვას, რომ მისი უკანასკნელი მისია იქნება. და მაინც, რომელ პოზიციაზე ითამაშებს მბაპე რეალში? ის არის მარცხენა ვინგერი, მაგრამ ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ახალწვეული დროთა განმავლობაში სრულფასოვან ფორვარდადაც ჩამოყალიბდა.
ზედმეტი საუბარი არ ღირს იმის შესახებ, თუ როგორი ეფექტურია ფრანგი გარემარბი მარცხნივ, თუმცა ამ პოზიციაზე მადრიდელებს ჰყავთ ვინისიუს ჟუნიორი, რომელიც ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდს გადის. მან უდიდესი როლი ითამაშა "სამეფო კლუბის" ბოლოდროინდელ წარმატებებში და ბრაზილიელი ვინგერი გუნდის გამოცვლასაც არ აპირებს.

"ბლანკოსის" გულშემატკივრებმა გაიხსენეს 21 წლის წინანდელი სატრანსფერო ფანჯარა, როდესაც მათი გუნდის განკარგულებაში ვარსკვლავური მარჯვენა ვინგერი ლუიშ ფიგუ იმყოფებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ფლორენტინო პერესმა უფრო მეტად ვარსკვლავური და ასევე მარჯვენაფლანგელი დევიდ ბექჰემი იყიდა.
პორტუგალიელი გარემარბი თავის პოზიციაზე დარჩა, ინგლისელს კი მოუწია ცენტრში გადაწევა, რაც საერთო ჯამში, წამგებიანი ვარიანტი აღმოჩნდა, როგორც ბერნაბეუს ბინადრებისთვის, ისე ფეხბურთელისთვისაც. დიახ, კილიანს არ ემუქრება შუახაზში გადასვლა, მაგრამ ფაქტია, ანჩელოტის ახალი სქემის ფორმირების მხრივ ბევრი საფიქრალი ექნება. განვიხილოთ 2 ვარიანტი.

4-3-3 - მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო, მათ უკან კი ბელინგემი
ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი გეგმა - იტალიელი მწვრთნელი 4-3-3-ს დააბრუნებს. რეალი წლების განმავლობაში თამაშობდა აღნიშნული ტაქტიკით, მაგრამ კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ, კარლოს ახალი ვარიანტის მოფიქრება მოუწია. მადრიდელებს არ მოუყვანიათ ოქროს ბურთის მფლობელი ფორვარდის სრულფასოვანი შემცვლელი, რის გამოც გამოცდილმა სპეციალისტმა იმპროვიზაციას მიმართა.
დავუბრუნდეთ 4-3-3-ს (4-2-3-1-ში გადასვლის ვარიანტით), რომლის მიხედვითაც "სამეფო კლუბის" ახალწვეული თავდამსხმელი ცენტრში იდგება, ფლანგებზე კი ვინისიუსი და როდრიგო გოესი იქნებიან განლაგებულნი. ეს ვარიანტი შესაძლოა, მოგეჩვენოთ ზედმეტად შემტევი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ბრაზილიელი მარჯვენა ვინგერის ჩანაცვლება ფედე ვალვერდეთი შეიძლება.
ურუგვაელ ცენტრალურ ნახევარმცველს "ბლანკოსის" მარჯვენა ფლანგზე ჩატარებული აქვს 50-ზე მეტი შეხვედრა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულადაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდს ბურთის გარეშე მუშაობა სჭირდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა კალიბრის ვარსკვლავი მოდის ანჩელოტის გუნდში, ახალგაზრდა შუახაზელი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება.

რაც შეეხება სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ახალი ცხრიანის თავდასხმის ცენტრში დაყენების მინუსს - იზღუდება ჯუდ ბელინგემის შემტევი პოტენციალი. ინგლისელმა გამთამაშებელმა რეალში სადებიუტო სეზონი დაასრულა "გუნდის საუკეთესო გოლეადორის" სტატუსით და მისი შუახაზიდან მეტოქის საჯარიმოში შერბენები უკვე ერთგვარი კლასიკა არის.
გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის არსებობით კი მადრიდელთა შემტევ ნახევარმცველს წინ ნაკლები თავისუფალი სივრცე ექნება. აშკარაა, რომ წინახაზში ზემოაღნიშნული ტრიოს ყოფნით, "სამეფო კლუბის" 5-იანს სიღრმეში ჩამოწევა მოუწევს. ეს არ არის საგანგაშო, რადგან ის თავს ამ პოზიციაზეც კომფორტულად გრძნობს.

4-1-2-1-2 - მბაპე-ვინისიუსის დუეტი, მათ უკან ბელინგემი, როდრიგო კი სკამზე
შესაძლებელია 4-1-2-1-2-ისა და რომბისებრი 4-4-2-ის შენარჩუნებაც. სწორედ ამ ტაქტიკით თამაშობდა "ბლანკოსი" მთელი გასული სეზონის განმავლობაში და შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამის გარდა, აღნიშნულ სქემაში მკაფიოდ იგრძნობა გუნდის შეთამაშებულობა და ერთგვარი ბალანსი პოზიციებს შორის.
მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მდგარი სამეული ასეთი იყო - ბელინგემი, მასზე წინ კი ბრაზილიელი თავდამსხმელები. 25 წლის ახალწვეული შემტევი ჩაანაცვლებს ორიდან ერთ-ერთს და ალბათ, უფრო ანჩელოტის გუნდის მე-11 ნომერს, რადგან განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ამ დუეტიდან მოედანზე უფრო ნაკლებ დროს სწორედ ის ატარებდა.
ჟუნიორმა სანტიაგო ბერნაბეუზე მოასწრო 264 შეხვედრის ჩატარება და 83 გოლის გატანა, როდრიგომ კი თავის მხრივ 216 თამაშში 54 ბურთის შეგდება. მართალია, გოესი რეალში ერთი წლით გვიან მივიდა, მაგრამ ფლამენგოს ყოფილ ვინგერს მისი გადმოსვლის მომენტისთვის მხოლოდ 31 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ორი უნიჭიერესი ახალგაზრდა შემტევიც - არდა გულერი და ენდრიკ დე სოუზა. მადრიდელები არ აპირებენ მათ განათხოვრებას, მაგრამ ამ მომენტისთვის, ისინი სათადარიგო ვარიანტებად განიხილებიან. რამდენად არ ჩაიკარგებიან ბრაზილიელი და თურქი წინახაზელები ვარსკვლავური "უფროსების" ფონზე, სეზონის მიმდინარეობა გვიჩვენებს.
"სამეფო კლუბის" განკარგულებაშია ასევე ბრაჰიმ დიასიც, თუმცა მისი ბურუსით მოცული მომავალი კიდევ უფრო ბურუსიანი გახდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ტრიუმფატორებმა იდეალური შეტევა შეკრეს, რომელმაც შესაძლოა ათწლეულსაც კი გაუძლოს. მბაპე ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი დეტალი გახდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ ჯერ კიდევ როდის ცდილობდა "ბლანკოსი" მის გადმობირებას, ის ამ ადგილას სხვებზე ადრე უნდა აღმოჩენილიყო.


















