ანჩელოტი - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო
ანჩელოტიმ აღნიშნული სტატუსი დიდი ხნის წინ დაიმსახურა. 2000-იანების დასაწყისში ქაოსში მყოფი მილანის აღზევება მასთან ერთად დაიწყო, ცოტა ხნის შემდეგ კი იტალიელმა სპეციალისტმა თავის სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგის პირველი თასიც მოიგო. მოგვიანებით იყო სტამბოლის ფინალი, შემდეგ კი კიდევ ერთი ევროტიტულიც.
მადრიდის რეალში მოღვაწეობის პერიოდში კარლომ მორიგი დუბლი შეასრულა, გეგმაში კი მეხუთე ჩემპიონობაც არის. ამ ყველაფრის პარალელურად, ის გახდა თითოეული ტოპ 5 ლიგის ჩემპიონი: ლა ლიგაში ტრიუმფი "სამეფო კლუბთან" ერთად, პრემიერ ლიგაში - ლონდონის ჩელსისთან, სერია ა-ში "როსონერისთან", ბუნდესლიგაში მიუნხენის ბაიერნთან, ლიგა 1-ში კი პარის სენ-ჟერმენთან ერთად.

ცალკე გამოსარჩევი არიან ის ვარსკვლავები, რომლებმაც "ბლანკოსის" მწვრთნელის ხელში გაიარეს. ზინედინ ზიდანი, პაოლო მალდინი, კლარენს ზეედორფი, ანდრეი შევჩენკო, ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, დიდიე დროგბა, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, რობერტ ლევანდოვსკი, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა - ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
64 წლის მწვრთნელი ცალსახად თავის საქმიანობაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ბერნაბეუ ბოლო სამუშაო ადგილი იქნება. დიახ, ანჩელოტი უკვე კარიერის დასრულებაზეც დაფიქრდა. ვნახოთ, კიდევ რამდენ ტიტულს მოიგებს ის წასვლამდე.

ტერზიჩი - გულშემატკივარი, რომელიც საყვარელი გუნდის მწვრთნელი გახდა
ტერზიჩი თავის სამწვრთნელო გზას ახლა იწყებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მისი პირველი დიდი წარმატებაა. გასული დეკადის დასაწყისში ის დორტმუნდის ბორუსიაში სკაუტად მივიდა, შემდეგ კი იყო სლავენ ბილიჩის ასისტენდად მუშაობის პერიოდი: ბეშიქთაშსა და ვესტ ჰემში, 2013-2017 წლებში.
საინტერესო ფაქტი - 2012 წელს, დამწყები გერმანელი მწვრთნელი იმყოფებოდა სიგნალ იდუნა პარკზე ვესტფალიელთა ჩემპიონობის დროს. ის საყვარელი კლუბის ტრიუმფს სხვა ქომაგებთან ერთად აღნიშნავდა. "შვარცგელბენის" დამრიგებელი თავის საყვარელ გუნდში მუშაობდა ასისტენდად, ტექნიკურ დირექტორად, 2022 წლიდან კი ის სრულფასოვანი სპეციალისტი გახდა.

41 წლის მწვრთნელის სადებიუტო სეზონს ჰქონდა ტრაგიკული ფინალი - მისმა გუნდმა ბუნდესლიგის ჩემპიონობის შესაძლებლობა უკანასკნელ ტურში გაუშვა. დორტმუნდს სჭირდებოდა სახლში მაინცთან მოგება, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, დაფიქსირდა ფრე, რის შედეგადაც ჩემპიონი "რეკორდმაისტერი" გახდა.
რაც შეეხება 2023/2024 წლების სეზონს, ბორუსიას ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად არავინ განიხილავდა. ბუნდესლიგაში არასტაბილურად თამაშის გამო კი ტერზიჩი არაერთხელ ყოფილა გათავისუფლების პირას. ყველაფერი გადაწონა იმ შედეგებმა, რომლებიც ბორუსიამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დააფიქსირა.

მერვედფინალში პსვ ეინდჰოვენთან გამარჯვება თუ არავის გაკვირვებია, მადრიდის ატლეტიკოსა და პსჟ-ს გამოგდებით ვესტფალიელებმა მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა. ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ "შვარცგელბენმა" სიკვდილის ჯგუფში "შავ-წითლებსა" და ნიუკასლს აჯობა. სიგნალ იდუნა პარკის ბინადრებმა ჯერ კიდევ მაშინ დაამტკიცეს, რომ მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.
გერმანელმა მწვრთნელმა იტალიელ ოპონენტთან ბრძოლა შეადარა კომპიუტერულ თამაშს და აღნიშნა, რომ მის გუნდს ფინალური ბოსის სახით მხოლოდ რეალის დამარცხება დარჩა. ფავორიტად მოიაზრებიან ესპანელები, მაგრამ დორტმუნდმა ამ სეზონში უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ გუნდს არავისი ეშინია.


















