
2016 წლის 18 ნოემბერი. დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის ერთ რიგით შეხვედრაში თანაქალაქელ ლოკომოტივს უპირისპირდება, ამ თამაშში თითქოს განსაკუთრებული არაფერია, გუნდი მშვიდად და დამაჯერებლად 4:0-ს იგებს. რაც, იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, ვიაჩესლავ გროზნის, იმის საშუალებას აძლევს, რომ 17 წლის ნიჭიერი ტალანტი, გიორგი ჩაკვეტაძე მინდორზე, სადებიუტო შეხვედრაში გამოუშვას. სიმბოლურია, რომ ფეხბურთელი, რომელიც გიორგიმ მინდორზე შესვლისას შეცვალა, ნაკრებში ახლა უკვე მისი თანაგუნდელი და მეწყვილე ოთარ კიტეიშვილი გახლდათ. ასე და ამგვარად, ჩაკვეს დებიუტი საკლუბო ფეხბურთში შედგა. დინამოელთა რიგებში გიორგის სულ 31 შეხვედრა მოუგროვდა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა დაუმატა.
2017 წლის 5 ივლისი. როგორც იცით, 2017 წელს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები კი როგორც მასპინძელი, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გახლდათ განთესილი. ჩვენი ნაკრები ჯგუფში პორტუგალიის, შვედეთისა და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სამივე თამაშში გამორჩეული იყო, ამ ეტაპზე გამოვყოფ შეხვედრას, რომელშიც როგორც ჩაკვეტაძემ, ისე გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და ბევრისთვის მოულოდნელად, შვედეთის ახალგაზრდული ნაკრები, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ თამაშში გიორგი შეუჩერებელი იყო, მან შვედი ფეხბურთელები უბრალოდ გააწამა და შესანიშნავი გოლიც შეაგდო. მატჩის 31-ე წუთზე გიორგი კუციამ მეტოქის შეტევა ჩაშალა, ჯერ კიდევ ჩვენს ნახევარზე მყოფ გიორგის უპასა, მანაც გზად შემხვედრი ყველა წინაღობა მარტივად გადალახა და საქართველოს ნაკრები წინ ორი ბურთით გაიყვანა. ვიქტორ გიოკერეშის ერთადერთმა გოლმა კი მხოლოდ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რაც იმის მაუწყებელი გახლდათ, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა აქტივში ისტორიული 3 ქულა ჩაიწერა. ეს იყო დღე, როცა ფართო საზოგადოების წინაშე გიორგი ჩაკვეტაძე დიდ, საფეხბურთო სცენაზე მთელი თავისი დიდებულებით წარსდგა.

2017 წლის 30 აგვისტო. ოფიციალურად დასტურდება, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედი სათამაშოდ უცხოეთში მიდის. გიოს ტრანსფერი ბელგიურმა გენტმა დაადასტურა. ბელგიური გუნდის ახალი შვიდიანი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.
2018 წლის 24 მარტი. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვის ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდება. ეროვნული ნაკრების იმდროინდელმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, გუნდში დებიუტანტს უხმო. დებიუტანტს, რომელსაც გულშემატკივარი უკვე კარგა ხანია ელოდა - გიორგი ჩაკვეტაძეს. ზოგადად, ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის დამახასიათებელი თვისებაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დიდ ავანსებს გავცემთ და მათგან პირველივე შეხვედრაში განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს. რასაკვირველია, ასე იყო ჩაკვეს შემთხვევაშიც, მის საქებრად კი უნდა ითქვას, რომ მან ეს მოლოდინები ოდნავადაც კი არ გაგვიცრუა და ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დებიუტიც შემოგვათავაზა, რასაც ზედ სადებიუტო გოლიც მოაყოლა მატჩის მე-40 წუთზე და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (4:0).

2018 წლის 6 სექტემბერი. დღე, როდესაც საქართველოს ნაკრებს უნდა ეთამაშა იმ ტურნირზე, სადაც აქამდე არავის და არასდროს ეასპარეზა. დიახ, საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს ერგოთ პატივი, ყოფილიყვნენ პირველი ნაკრებები, რომლებიც ბურთს UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით გააგორებდნენ. მატჩი ასტანა არენაზე, ყაზახეთში გაიმართა. ორივე ნაკრების გულშემატკივარს დიდი მოლოდინები ჰქონდა, რადგან მიიჩნეოდა, რომ ერთმანეთს ჯგუფის ორი მთავარი ფავორიტი უპირისპირდებოდა, სტუმრად გამარჯვებას კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, ორივე გუნდი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა რაღაც სასწაულის ძალით ბურთი კარში არ შედიოდა. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ განგებას ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორად გიორგი ჩაკვეტაძე სურდა. მატჩის 69-ე წუთზე, ვაკო ყაზაიშვილმა მარცხენა ფლანგზე მყოფი ჩაკვეტაძე კარგად შენიშნა და ბურთიც მალევე გადააწოდა, რის შემდეგაც ნაკრების თვრამეტმა ნომერმა, მოხდენილი მოძრაობით რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მარჯვენა ფეხზე გაისწორა და მარცხენა მაღალ კუთხეში აუღებელი დარტყმით ბურთი ყაზახთა ბადეში გაახვია. საქართველოს ნაკრების ისტორიული სვლა ერთა ლიგაზე, რომელიც ახლაც გრძელდება, სწორედ ჩვენი ნაკრების ახლანდელმა 10-იანმა დაიწყო. გიორგი შესანიშნავად გამოიყურებოდა მთლიანად ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მონაწილეობა ექვსივე შეხვედრაში მიიღო, ამ შეხვედრებში კი 4 გატანილ გოლს 3 საგოლე გადაცემაც დაუმატა. საქართველოს ეროვნული ნაკრები კი 16 ქულით, პირადად გაიყვანა ჯგუფში პირველ ადგილზე. აღსანიშნავია, რომ 2018/19 წლების სეზონი, შესაძლოა, საუკეთესოც გახლდათ გიორგის ბელგიურ კარიერაში. მან 31 შეხვედრაში 15 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა და ბელგიელებმა სეზონის შვიდი გამორჩეული ტალანტის სიაშიც დაასახელეს.

2019/20 – 2020/21 წლების სეზონები. პერიოდი, რომელიც როგორც გიორგისთვის, ისე ქართველი გულშემატკივრებისთვის უმძიმესი გამოდგა. ჩვენი ნაკრების ათიანმა ამ ორ სეზონში, მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. აღნიშნულ პერიოდში, ჩაკვეტაძემ სხვადასხვა დროს, მუხლის ტრავმის გამო 100-მდე შეხვედრა გამოტოვა. ეს არის ტრავმა, რომელიც ფეხბურთელს უბრალოდ ანადგურებს, წარმოიდგინეთ, პირველი ტრავმისას გიორგის 45 შეხვედრის გამოტოვება მოუწია, დაბრუნდა, ითამაშა და სწორედ იგივე ტრავმის გამო, კვლავ უამრავი შეხვედრა გამოტოვა. ასეთ დარტყმას, ბევრი სპორტსმენის ფსიქოლოგია ვერ გაუძლებდა, თუმცა სწორედ ამიტომ არის გიორგი ჩაკვეტაძე დასაფასებელი, სხვა ბევრ თვისებასთან ერთად, რომ შეძლო ამ ყველაფერთან გამკლავება და დიდ საფეხბურთო სცენაზე დაბრუნება. ასეთ სცენარს მხოლოდ ფიზიკური სიძლიერე არ სჭირდება, ვფიქრობ, ამ დროს ყველაზე დიდი დარტყმა მენტალობაზე მოდის და სწორედ ეს გამოცდა ჩააბარა გიომ ყველაზე კარგად. სწორედ აქედან გამომდინარე მოხდე ისე, რომ ის ისევ დიდ ფეხბურთს თამაშობს და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ.
2022 წლის 27 იანვარი. დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ხანი ელოდებოდა, დადგა. გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიური გენტი დატოვა და იჯარით გერმანულ ჰამბურგს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში გიოს კარიერა ბოლომდე ისე ვერ განვითარდა, როგორც თავად და მის გულშემატკივარს სურდა, იყო ერთი ადამიანი, რომელსაც მისი ბოლომდე სჯეროდა და მის ათამაშებას ამჯერად საკლუბო ფეხბურთში აპირებდა. ეს ადამიანი, იმჟამად ბრატისლავის სლოვანის მთავარი მწვრთნელი - ვლადიმირ ვაისი გახლდათ.
2022 წლის 30 ივნისი. ვაისის მიზანი ასრულდა, გიორგი ამჯერად სლოვაკეთში გადაბარგდა, სადაც იმჟამად ნაკრებში მისი ორი თანაგუნდელი - ჯაბა კანკავა და გურამ კაშიაც ასპარეზობდნენ. ვფიქრობ, სწორედ ვლადიმირ ვაისმა იქონია გარდამტეხი გავლენა გიორგის კარიერულ „ქამბექში“. აღნიშნულ სეზონში, ჩაკვემ მონაწილეობა 47 შეხვედრაში მიიღო და თავი 10 საგოლე მოქმედებით გამოიჩინა. სამი უმძიმესი სეზონის შემდეგ, ეს საკმაოდ კარგი და მისაღები შედეგი გახლდათ. ისიც ცხადი იყო, რომ მიუხედავად ვაისის დიდი სურვილისა, ასეთი დონის ტალანტს სლოვაკეთის ჩემპიონები ვერ შეინარჩუნებდნენ, გიორგის კარიერაში უფრო დიდი გამოწვევა სჭირდებოდა და მან ეს გამოწვევა ქალაქ ლონდონიდან მიიღო.

2023 წლის 2 აგვისტო. გიორგის იჯარას ჩემპიონშიფური უოტფორდი ადასტურებს. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდხნიანი პაუზის შემდგომ ნისლიან ალბიონს ქართველი დაუბრუნდა. პირველ სეზონში იყო გარკვეული აღმავლობაც და მცირე დაღმავლობებიც, თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 10-იანის ნიჭში დასარწმუნებლად, „ონავრებს“ ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ და სეზონის დასასრულს, ის გენტიდან 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.
2024 წლის 21 მარტი - 2024 წლის 30 ივლისი. პერიოდი, რომელიც ნებისმიერი ქართველი გულშემატკრისათვის უდიდესი ბედნიერების სინონიმია. პერიოდი, როცა ვცხოვრობდით იმ ზღაპარში, რომლის რეალურობა, ვფიქრობ, ამ წუთამდე ბოლომდე გაცნობიერებულიც კი არ შეიძლება გვქონდეს. პერიოდი, რომლის ერთ-ერთი სულისჩამგდმელიც ჩვენი სტატიის მთავარი გმირია. გიორგი ჩაკვეტაძის თანალიდერობით ეროვნულმა ნაკრებმა ჯერ ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ბარიერი გადალახა და ისტორიაში პირველად გავიდა დიდ საფეხბურთო ტურნირზე, ხოლო შემდეგ დებიუტანტებისთვის მოულოდნელად, საკმაოდ მძიმე ჯგუფში, სადაც ჩეხეთი, პორტუგალია და თურქეთი ასპარეზოდნენ, ჯგუფიდანაც გავიდა, დაამარცხა რა პორტუგალიის ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში. ჩვენი ნაკრების ზღაპარი 1/8 ფინალში დასრულდა, თამაშში, სადაც მიუხედავად დაფიქსირებული ანგარიშისა, ვერავინ იტყვის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა არ იბრძოლეს და მომავალ ჩემპიონებთან, ოთარ კიტეიშვილის ტრავმამდე წინაც გახლდნენ.
2024 წლის 10 აგვისტო. ჩაკვე ახალ სეზონს დიდებულ ფორმაში ხვდება, რის დამტკიცებასაც მილუოლთან გახსნით შეხვედრაში აპირებს. მატჩის 55-ე წუთზე ჩაკვე იწყებს, თანაც იწყებს უბადლო ჯარიმით და თავის გუნდს აწინაურებს (2:0). წლევანდელი სეზონის სტარტი შესანიშნავი გამოდის, სიტისთან მატჩამდე, ნაკრებში და კლუბში გიომ 8 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფაქტია, რომ ძველი „ჩაკვე" მოედანს დაუბრუნდა. თანაც დაუბრუნდა უფრო დაღვინებული და ფიზიკურად ბევრად ძლიერი. სხვა თუ არაფერი, მხოლოდ მისი საგოლე გადაცემა რად ღირს, რომლითაც გიორგი ქოჩორაშვილს გოლი გაატანინა.

და ჯერჯერობით (მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით) ჩაკვეს უკანასკნელი ჯადოქრობა - 2024 წლის 24 სექტემბერი. სტუმრად მანჩესტერ სიტისთან გამართული შეხვედრა. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ეტიჰადზე შეკრებილ საზოგადოებას, ქართველი ნახევარმცველის დრიბლინგი ჰქონდა ნანახი. თუმცა, გიორგიმ იმ 30 წუთში, რაც მას მინდორზე მიეცა, ვფიქრობ, ბევრ ძველ „ქალაქელს" მისი სეხნიაც კარგად გაახსენა. საუბარი, რაღა თქმა უნდა, გიორგი „კინგლაძეზეა“. მსგავსად „ქინქისა", ჩაკვემაც გუშინდელ თამაშში მინდორზე შესვლისთანავე, მისი გუნდის შეტევები ორმაგად სახიფათო გახადა, თუმცა ამჯერად, სიტის კარის მიმართულებით. მან აქტივში ორი საკვანძო პასი ჩაიწერა, რომლიდანაც ერთ-ერთი საგოლე გადაცემადაც იქცა. ფაქტია, რომ გიორგი აღარ ხუმრობს და მისთვის რთული მეტოქე კვლავინდებურად აღარ არსებობს. გიორგი ჩაკვეტაძე არასდროს ყოფილა ისე ძლიერი, როგორიც ახლაა. ის მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის, რომელიც მის კარიერაში დადგება. იგი მენტალურად და ფიზიკურად ახალ საფეხურზეა ასული, რასაც წლევანდელი შედეგებიც მოწმობს. ფაქტია, რომ მისი დონისთვის პრემიერლიგური ფეხბურთი შორს აღარაა. გიორგი ხომ ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩვენს ოცნებას სათავე დაუდო, პროცესშიც მიჰყვა და ოცნებაც ჩვენთან ერთად აიხდინა. მის კარიერაში საოცარი "ქამბექის" შემდგომ, შეუძლებელი არაფერია. სწორედ მისგან უნდა აიღონ მაგალითი ახალი თაობის ფეხბურთელებმა, თუ როგორ არ უნდა დანებდნენ არასდროს და იბრძოლონ საკუთარი წარმატებისთვის. ჩაკვეს სახით მათ ამ დიდებული მაგალითი ჰყავთ.
ავტორი: ლაშა საცერაძე















