სანამ ბრძოლამდე მოკრივეები და ჩვენ მივიდოდეთ, იქამდე საკმაო გზაა. გზა, რომელიც მებრძოლებისთვის სრულიად სხვადასხვა გახლდათ. ერთ მხარეს იყო 23 წლის ტაისონი, 37 გამარჯვებით, აქედან 33 ნოკაუტითა და 0 მარცხით. ხოლო მეორე მხარეს იყო დაგლასი, რომელიც უკვე 29 წლის გახლდათ და კარიერაში 4 დამარცხებაც მოესწრო. მაიკის გარშემო იყო უამრავი სასმელი, ტოპ მოდელი და ნარკოტიკი, ხოლო დაგლასის ირგვლივ ტრაგედია, რომელიც არც თუ ისე ძლიერი ნებისყოფისა და დისციპლინის მქონე ბასტერს, კიდევ უფრო მეტად ანგრევდა.

ვინ ჯანდაბაა ბასტერ დაგლასი?! - აღმოხდა გაკვირვებულ ტაისონს, როცა უთხრეს, თუ ვინ იქნებოდა მომდევნო მისი მეტოქე. ბრძოლა იაპონიაში ტარდებოდა, მაყურებელს შოუს ნახვა სჭირდებოდა. რა იგულისხმებოდა შოუში?! - ის, რაც ხალხმა მაიკის წინა (და არამხოლოდ წინა) ბრძოლაში ნახა - 93 წამში დანოკაუტებული მეტოქე. სწორედ ეს ბედი ეწია 1989 წლის 21 ივლისს ტაისონის წინა მეტოქეს - კარლ უილიამსს. ცხადი იყო, რომ ბრძოლის ორგანიზატორები მაიკისთვის ძლიერი მეტოქის პოვნას არ აპირებდნენ და ერთი შეხედვით იდეალური ვარიანტიც შეარჩიეს - ბასტერ დაგლასი. ეს უკანასკნელი 6-მოგებიან სერიაზე იყო, მას შემდეგ რაც IBF-ის მძიმე წონის ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით ტონი ტაკერთან დათმო. თუმცა, „რკინის მაიკისთვის" ის მაინც ზედმეტად მარტივ მეტოქედ მოჩანდა.
მაიკისა და ბასტერის დაპირისპირებაზე საუბრისას, იმდროინდელი მიმომხილველები და ანალიტიკოსები, კონკრეტულად კი ტელეარხ HBO-ის კრივის ანალიტიკოსები - ლარი მერჩანტი და ჯიმ ლამფლი - იქამდე მივიდნენ, რომ მათი ძაღლების შედარებაც დაიწყეს. იმ დროისათვის ტაისონს თეთრი პიტბული ჰყავდა, სახელად დურანი (ცნობილი მოკრივის, რობერტო დურანის, პატივსაცემად), ხოლო ბასტერს კი ბიგლი სახელად შექსპირი. მერჩანტის თქმით, ტიტულის პრეტენდენტი, რომლის ძაღლსაც შექსპირი ერქვა, საკმარისად „ცუდი ბიჭი“ ფიზიკურად ვერ იქნებოდა. არხთან წინასაბრძოლო ინტერვიუში ბასტერმა აღნიშნა, რომ შექსპირის ნაწარამოებებიდან მისი საყვარელი პიესა „რომეო და ჯულიეტა“ იყო. საპასუხოდ ლამპლიმ ივარაუდა, რომ მაიკი მეტად სისხლიან და ძალადობის შემცველ პიესას აირჩევდა, მაგალითად „ჰენრი V-ს“ ან „მაკბეტს“. მერჩანტისა და ლამპლის დასკვნა შემდეგი გახლდათ - ისევ 90-წამიანი ბრძოლა, ხოლო ბასტერი კი კიდევ ერთ, უბრალო და მორიგ მსხვერპლად - ტოკიოს თევზის ბაზრობის გაყინულ თინუსად მონათლეს.
ბრძოლის დღე ახლოვდებოდა, თუმცა საბრძოლო ფორმისგან ორივე მებრძოლი ჯერ კიდევ შორს იყო - ორივე ძალიან განსხვავებული მიზეზით. ტაისონის თავს კარგი არაფერი ხდებოდა, მას შემდეგ რაც მან მთავარი მწვრთნელი კევინ რუნი დაითხოვა, მართალია ორიდან ორი ბრძოლა მოიგო, თუმცა დიდი ცვლილებები იყო მის ზოგად დისციპლინასა და ვარჯიშისადმი მიდგომაში. ის თითქმის აღარ ვარჯიშობდა, მის ცხოვრებაში დიდი ადგილი გართობამ, ღამის კლუბებმა და ქალებმა დაიკავეს. ამაში დიდი როლი კი, ცხადია, მისმა პრომოუტერმა, დონ კინგმა, ითამაშა. დონ კინგის პიროვნებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა, თუ მაიკის ყოფილი მენეჯერის, ბილ კეიტონის, სიტყვებს ვენდობით, სწორედ კინგი იყო ის პიროვნება, რომელმაც ტაისონზე ყველაზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა და ის კოკაინზე დამოკიდებული გახადა. დონი მაიკს არწმუნებდა, რომ ვარჯიში არაფერში სჭირდებოდა და მეტოქეების დამარცხება მას ისედაც მარტივად შეეძლო, მისთვის მოკრივის წარმატება მეორეხარისხოვანი იყო, იგი მაიკს იყენებდა იქამდე, სანამ მისგან სარგებლის მიღება შეეძლო, შემდეგ კი უბრალოდ ადგა და მიატოვა.

მეტიც, როცა მაიკის ცოლმა, რობინ გივენსმა, იეჭვა, რომ დონ კინგი მაიკს უბრალოდ იყენებდა, მან წყვილის ურთიერთობა დაძაბა, ჭორები გაავრცელა - მაიკს მეუღლე დონალდ ტრამპთან ღალატობსო. გამწარებული ტაისონი ტრამპს ოფისში მიუვარდა და ტრამპთან მისვლამდე მისი დაცვის წევრის უგონოდ გათიშვაც მოასწრო, საბოლოოდ წყვილი უამრავი კამათისა თუ ჩხუბის შემდეგ ქორწინებიდან ერთ წელში 1989 წელს განქორწინდა. ცოლთან დაპირისპირებას მაიკი ავტობიოგრაფიულ წიგნში ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს, მისი თქმით, საუკეთესო დარტყმა რაც კი ოდესმე განუხორციელებია, სწორედ მისი ყოფილი მეუღლისკენ გახლდათ მიმართული.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე მაიკი ვარჯიშს საერთოდ შეეშვა, როგორც მოგვიანებით თავად იხსენებდა, თვლიდა, რომ დაგლასისნაირებს იაპონიაში ჩასვლისთანავე, რამდენიმედღიანი ვარჯიშითაც უმარტივესად დაამარცხებდა, თუმცა მოცემულობა არც აზიაში ჩასვლის შემდგომ შეცვლილა, მაიკის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, მუსიკოსი ბობი ბრაუნი, ბრძოლის წინა ღამეს იხსენებდა. მისი თქმით, ბრძოლის წინ მაიკს წუთითაც არ დაუძინია, სასტუმროს ოთახში ისინი 20-25 ქალთან ერთად იყვნენ და მთელი ღამის განმავლობაში წვეულება ჰქონდათ, ბრაუნმა მაიკს ურჩია, რომ დაეძინა, რათა ლოგინში გამოეძინა და არა მეორე დღეს რინგზე, თუმცა მაიკმა ძილი ბრაუნისგან იუარა, აი, მოგვიანებით ბასტერისგან კი ვეღარ.
პირველი ადამიანი, რომელიც ბასტერ დაგლასმა იმ ღამეს გააკვირვა სწორედ ზემოთხსენებული ანალიტიკოსი, ლარი მერჩანტი გახლდათ. როცა ბასტერის სახელი გამოცხადდა, იგი რინგზე არა შეშინებული, მძიმე ნაბიჯებითა და წაშლილი სახით, არამედ მტკიცე და სწრაფი ნაბიჯებით, ფაქტობრივად სირბილით გამოემართა. ლარის თქმით იქამდე არასდროს უნახავს მოკრივე, რომელიც მაიკთან ბრძოლის წინ რინგისკენ სირბილით წამოსულიყო. თუმცა, ბასტერს რისი უნდა შეშინებოდა?! - თუ რაიმის დაკარგვა შეიძლებოდა, მას ისედაც უკვე დაკარგული ჰქონდა.

ყველაფერი ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და პრობლემებმა დაგლასს სამი მხრიდან შეუტია, სამი ყველაზე დაუცველი მხრიდან. მის ცხოვრებაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის თავს სხვადასხვა სახის ტრაგედია ტრიალებოდა. დაგლასის ცოლს მასთან განქორწინება სურდა. ქალი, რომლისგანაც ბასტერს 12 წლის ვაჟი ჰყავდა, ლეიკემიით ისე მძიმედ დაავადდა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა მოუწიათ, პარალელურად ბასტერის დედა სასიკვდილო სნეულებას ებრძოდა.
დედა უნებისყოფო შვილის მოტივაციის მთავარი წყარო გახლდათ. მოგვიანებით ბასტერი ამბობდა - როცა გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად დედაჩემი ვარჯიშზე მოვიდა, რათა ენახა საქმეს რამდენად სერიოზულად ვეკიდებოდი, მივხვდი, რომ ახლა უკან დახევა აღარ შემეძლოო. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბრძოლამდე 23 დღით ადრე დაგლასს დედა გარდაეცვალა. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, ბრძოლამდე არასრული 2 კვირით ადრე, დაგლასი იმდენად მძიმედ გაცივდა, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, როგორც იქნა სპორტულმა კომისიამ მას ანტიბიოტიკების დალევის უფლება მისცა, რათა გამოკეთებულიყო, თუმცა ბრძოლამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, მისი მენეჯერი ჯონ ჯონსონი ცდილობდა, ბასტერი ბრძოლის გადავადებაზე დაეთანხმებინა, თუმცა მისგან მტკიცე უარი მიიღო, მას დედის ხსოვნისთვის უნდა ებძროლა. მან ხომ მომაკვდავი დედის თვალწინ პირობა დადო, რომ ტაისონს დაამარცხებდა. უნებისყოფო დაგლასის გულში დანაპირების შესრულების მტკიცე სურვილი ანთებულიყო.
ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე წინასაბრძოლო პრესკონფერენციებიც გაიმართა, სადაც მაიკმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და ჯეიმსს შეახსენა - ხომ იცი ჩემთვის უმარტივესი მეტოქე ხარ და დედასთან ძალიან მალე გაგგზავნიო.

1990 წლის 11 თებერვალიც შესრულდა და ორივე მოკრივეს დანაპირების ასრულების დრო დაუდგა. მათი ბრძოლა თითქოს უბრალო ყოფით საკითხებს - ფულს, ქამარს, დიდებას გასცდა და მეტაფიზიკურ ველში გადაინაცვლა. Tokyo Dome-ში 60 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
საწყის შვიდ რაუნდში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ტაისონს საინტერესო არაფერი გამოსდიოდა, მეტიც, შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ ბასტერი მცირე უპირატესობას ფლობდა. ყველაზე დამაინტრიგებელი კი ის იყო, რომ მაიკის სხვა მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, ბასტერს შიშის გრძნობა საერთოდ არ ჰქონდა. დაგლასმა იცოდა, რომ მას წაგების უფლება უბრალოდ არ ჰქონდა. მეხუთე რაუნდის ბოლოს ტაისონის მარცხენა თვალმა შესიება დაიწყო, მაიკს მოწინააღმდეგის დარტყმების დანახვა უკვე ძალიან უჭირდა, მისი გუნდი კი იმდენად დარწმუნებული იყო მარტივ გამარჯვებაში, რომ ყინულისთვის მცირე ტომარაც კი არ ჰქონდათ წამოღებული, რის გამოც სამედიცინო ხელთათმანში ცივი წყლის ჩასხმა მოუწიათ, რათა დაზიანებული თვალი რაიმენაირად დაემუშავებინათ. მერვე რაუნდისთვის კომენტატორები უკვე აქტიურად საუბრობდნენ კრივის ისტორიაში შესაძლო უდიდეს სენსაციაზე, თუმცა კლასმა მაინც თავისი ქნა, დაგლასს, რომელიც თავს მთელი ბრძოლის განმავლობაში იდეალურად იცავდა, მაიკისგან დარტყმა მაინც გაეპარა და ნოკდაუნშიც აღმოჩნდა.
ამ წამამდე არ არსებობდა შემთხვევა, როცა მაიკმა მოკრივე ნოკდაუნში გაუშვა და ის ავტომატურად ნოკაუტში არ გადაკონვერტირდა. თუმცა, ბასტერმა გაუძლო. ამ საკითხზე დღემდეა პრეტენზიები, რომ მსაჯმა 10-მდე ძალიან ნელა დაითვალა, თუმცა ფაქტია, რომ ბასტერმა ამ დარტყმას გაუძლო და მსაჯის ნათქვამ ცხრასთან ერთად კვლავ საბრძოლო პოზაში დადგა, თუმცა იგი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რამდენიმე წამის შემდეგ გონგის ხმაც გაისმა, რამაც იგი პოტენციურ ნოკაუტს გადაარჩინა.

მეცხრე რაუნდი ტაისონის აქტიურობით დაიწყო, მას იმედი ჰქონდა, რომ ბასტერს ნოკდაუნის სიმძიმე ჯერ კიდევ შერჩენილი ექნებოდა, თუმცა შეცდა. დაგლასმა „რკინის მაიკი" რამდენიმე კონტრშეტევაზე გამოიჭირა და მარცხენა თვალი, ფაქტობრივად, სრულად დაუხუჭა. ტაისონი გამოუვალ სიტუაციაში იყო, თუმცა ამ რაუნდს გაუძლო. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო, დადგა მეათე რაუნდიც.
ტაისონი თითქმის ვეღარ მოძრაობდა, დაგლასმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ მაიკს მარცხენა ჰუკი „აჭამა” და ბობი ბრაუნის ხუმრობა მაიკს ასე აუსრულა. ისტორია იწერებოდა, „რკინის მაიკი" ისტორიაში პირველად გაუშვეს ნოკდაუნში, რომლიდან წამოდგომაც შეძლო, თუმცა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ მსაჯმა ბრძოლა გააჩერა. მაიკ ტაისონი დაუმარცხებელი აღარ იყო, მისი ნულიანი და სამივე ქამარი ჯეიმს ბასტერ დაგლასმა მოიპარა.
ბრძოლის შემდეგ ჯეიმსმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, მან გამარჯვება დედას მიუძღვნა და აღნიშნა, რომ დღევანდელი გამარჯვება სწორედ მისი უდიდესი დამსახურება იყო. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო მისი კარიერის ზენიტი, რადგან ჯერ კიდევ რინგზე ყოფნისას მაიკის პრომოუტერმა დონ კინგმა მას ისე, რომ გამარჯვება წესიერად არც კი მიულოცა, რემატჩი შესთავაზა. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კინგი არამხოლოდ მაიკის, არამედ ბასტერის პრომოუტერიც გახლდათ, თუმცა იგი აქტიურად ითხოვდა შედეგის გაუქმებას, რადგან თვლიდა, რომ მერვე რაუნდში მსაჯმა ათამდე განზრახ გვიან დაითვალა. მიუხედავად მისი პროტესტისა, ბრძოლის შედეგი აღარ შეცვლილა.

სწორედ ასე დაიწყო კრივის მძიმე წონის და არამხოლოდ მძიმე წონის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოკრივის კარიერული თუ პიროვნული დაღმასვლა, მალე ტაისონი გაუპატიურების ბრალდებით ციხეშიც მოხვდა, სადაც რამდენიმე წელი გაატარა, რამაც საბოლოო დაღი დაუსვა მის სპორტულ კარიერას, რინგზე კი ეს ყველაფერი ევანდერ ჰოლიფილდმა გააფორმა.
რაც შეეხება ბასტერს, მას ქამრების შენარჩუნება მხოლოდ ცხრა თვით ეწერა, ამ ცხრა თვეში მან გამოიარა მეუღლესთან საბოლოო განქორწინება (სხვათაშორის 2015 წელს მათ ხელახლა იქორწინეს და დღემდე ერთადაც ცხოვრობენ), უამრავი სასამართლო და დავა დონ კინგთან, რაც საბოლოოდ ქამრების დაკარგვადაც დაუჯდა. მსგავსად მაიკისა, მისი დამმარცხებელიც ლეგენდარული მძიმეწონოსანი ევანდერ ჰოლიფილდი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბასტერს ქამარზე აღარც არასდროს უბრძოლია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი გმირობა არასდროს გახუნებულა, გმირობა, რომელმაც ზუსტად 35 წლის წინ კრივის მოყვარულებს ისტორიაში ყველაზე დიდი სასწაული და დაუვიწყარი მოულოდნელობა აჩუქა.















