
ფილიპე კოუტინიო | ლივერპულიდან - ბარსელონაში | €135 მილიონი | 2018 წლის ზამთარი
კოუტინიოს ლივერპულიდან ბარსელონაში ტრანსფერი ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებლად, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ 2017/18 წლების სეზონის მე-2 ნახევარი მას მართლაც შთამბეჭდავი ჰქონდა. 22 მატჩი, 10 გატანილი ბურთი და პრიმერა დივიზონის ჩემპიონობა სეზონის ბოლოს.

ალფონსო დევისი | ვანკუვერიდან - ბაიერნში | €14 მილიონი | 2019 წლის ზამთარი
მართალია, ბაიერნმა ვანკუვერთან დევისის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში, თუმცა გერმანულ გუნდს ის 2019 წლის ზამთარში შეუერთდა. ალფონსომ სეზონის მე-2 ნახევარში მიუნხენელთა შემადგენლობაში მოასწრო 6 მატჩის ჩატარება, 1 ბურთის გატანა და გერმანიის ჩემპიონატის მოგება.

გონსალო იგუაინი | რივერ პლეიტიდან - რეალში | €12 მილიონი | 2007 წლის ზამთარი
იგუაინი არ იყო ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც რეალში 2007 წლის ზამთარში მივიდა. მასთან ერთად, ლა ლიგის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ფერნანდო გაგოც დაიმატა. რაც შეეხება გონსალოს მონაგარს, 2006/07 წლების სეზონის მე-2 ნახევარში მან 23 მატჩში შეაგდო 2 ბურთი და მადრიდელთა ჩემპიონობაში თავისი მინიმალური წვლილიც შეიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია | ნაპოლიდან - პარის სენ-ჟერმენში | €70 მილიონი | 2025 წლის ზამთარი
ნაპოლისთან ერთად, ისტორიული ჩემპიონობის შემდეგ, კვარაცხელიამ ორი წლის შემდეგ, ტიტული უკვე პარის სენ-ჟერმენთან ერთად მოიპოვა. ლიგა 1-ის სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, პსჟ-ს კონკურენტებმა პირველ პოზიციაზე აღზევების თეორიული შანსი დაკარგეს. ხვიჩას შემდეგი მისია? ჩემპიონთა ლიგის მოგება!

ემერიკ ლაპორტი | ბილბაოდან - მანჩესტერ სიტიში | €65 მილიონი | 2018 წლის ზამთარი
2018 წლის ზამთარში ლივერპულმა გაიფორმა ვირჯილ ვან დაიკი, მან სიტიმ კი კონკურენტს ლაპორტის ტრანსფერით უპასუხა. დიახ, საუთჰემპტონის ყოფილ უკანახაზელს მერსისაიდში აქვს იდეალური კარიერა, მაგრამ ფაქტია, ემერიკისგან განსხვავებით, ვირჯილი სადებიუტო სეზონშივე ჩემპიონი არ გამხდარა.

მარსელო ვიეირა | ფლუმინენსედან - რეალში | €6.5 მილიონი | 2007 წლის ზამთარი
იგუაინი და გაგო არ ყოფილან რეალის ერთადერთი ახალწვეულები 2007 წლის ზამთარში, მათთან ერთად ლა ლიგის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მარსელოც დაიმატა. რობერტო კარლოსის მადრიდული საქმის გამგრძელებელი, რომელმაც ეს მისია იდეალურად შეასრულა და ჩემპიონობაც სადებიუტო სეზონშივე იზეიმა.

გორან პანდევი | ლაციოდან - ინტერში | უფასოდ | 2010 წლის ზამთარი
პანდევი ინტერნაციონალეში ირიცხებოდა ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში, თუმცა გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, მას ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. გორანის მილანელებში დაბრუნება მოხდა თითქმის 10 წლის შემდეგ და სეზონის ბოლოსთვის მის ანგარიშზე უკვე ტრიპლეტი იყო.

ხოსე ანტონიო რეიესი | სევილიადან - არსენალში | €20 მილიონი | 2004 წლის ზამთარი
დაუმარცხებელი არსენალის უკანასკნელი პაზლი, რომელიც მომავალ ჩემპიონებთან ზამთარში გადავიდა. იმ მომენტში ვერავინ იფიქრებდა, რომ ლონდონელები სეზონის ბოლოს მოიგებდნენ ინგლისის ჩემპიონატს, თანაც წაგების გარეშე. 21 მატჩში გატანილი 5 ბურთით, რეიესმა ამ ყველაფერში თავისი წვლილიც შეიტანა.

იან ზომერი | გლადბახიდან - ბაიერნში | €9 მილიონი | 2023 წლის ზამთარი
2022 წლის ზამთარში ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა თხილამურებით სრიალის დროს მოიტეხა ფეხი და ფეხბურთს სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა. მიუნხენელებს სასწრაფოდ სჭირდებოდათ გერმანელი გოლკიპერის შემცვლელი და ეს მისია საკუთარ თავზე სწორედ ზომერმა აიღო. სეზონის ბოლოს, "რეკორდმაისტერმა" იანთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა.

მარკ ვან ბომელი | ბაიერნიდან - მილანში | უფასოდ | 2011 წლის ზამთარი
მილანმა საჩემპიონო სეზონის წინ დაიმატა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობინიო დე სოუზა, კევინ-პრინს ბოატენგი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. "როსონერი" არც ზამთარში გაჩერებულა და შემადგენლობა ვან ბომელი - კასანოს დუეტით გააძლიერა. ლიდერული თვისებებითა და მებრძოლი ხასიათით მარკი "შავ-წითლებს" ძალიან გამოადგა.
ასევე გამოსარჩევია: დემეტრიო ალბერტინი (ბარსელონა), ნიკოლა ანელკა (იუვენტუსი), დევიდ ბექჰემი (პსჟ), დეილი ბლინდი (ბაიერნი), კევინ-პრინს ბოატენგი (ბარსელონა), ჟოაუ კანსელუ (ბაიერნი), ანტონიო კასანო (მილანი), ფერნანდო გაგო (რეალი), ჰენრიკ ლარსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლასანა დიარა (პსჟ), მაქსი ლოპესი (ბარსელონა), ტაკუმი მინამინო (ლივერპული), ლუკას მოურა (პსჟ), ლეანდრო პარედესი (პსჟ).

















