წარმოგიდგენთ ევროპულ გუნდებს, რომლებშიც თავისი კვალი არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა. სიაში არ იქნებიან პოსტ-საბჭოთა სივრცისა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის კლუბები, სადაც ქართველი ლეგიონერები ისედაც ყოველთვის მრავლად იყვნენ. აქცენტს ვაკეთებთ ტოპ 5 ლიგასა და მასთან მიახლოებულ ჩემპიონატებზე.
აიაქსი - შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, გიორგი მიქაუტაძე
აიაქსში ქართველის ხსენებაზე პირველ რიგში გვახსენდება არველაძე - თავდამსხმელი, რომელმაც ამ გუნდში 70-ზე მეტი გოლი გაიტანა. ამსტერდამში შოთას მალევე შეუერთდა ქინქლაძე, მაგრამ თავისი მეგობრისგან განსხვავებით, მისი ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა. "ებრაელებმა" ვერ შეძლეს გიორგის პოტენციალის გამოყენება ისე, როგორც ეს მანჩესტერ სიტიმ გააკეთა.
გავიდა ორ ათწლეულზე მეტი და იოჰან კრუიფ არენაზე გამოჩნდა კიდევ ერთი ქართველი - მიქაუტაძე. სამწუხაროდ, ახალგაზრდა თავდამსხმელი აიაქსში გადააწყდა დაახლოებით ისეთ პრობლემებს, როგორის წინაშეც დეკადების წინ "ქალაქელთა" ლეგენდარული ფლეიმეიქერი აღმოჩნდა.
ემპოლი - ლევან მჭედლიძე, ირაკლი შეყილაძე, რომან ჭანტურია, საბა გოგლიჩიძე, საბა საზონოვი
ემპოლიში პირველი ქართველი იყო მჭედლიძე, რომელიც ამ გუნდში საკმაოდ დიდხანსაც გაჩერდა. 160-ზე მეტი მატჩი და გოლები მილანური კლუბების კარში. ლევანის ტოსკანური კარიერა შესაძლოა ყოფილიყო ბევრად უფრო წარმატებული, რომ არა მუდმივი ტრავმები. მის გარდა, "აძურიში" დამკვიდრების მცდელობა შეყილაძესა და ჭანტურიას ჰქონდათ.
დღეს, კარლო კასტელანიზე ბრწყინავს გოგლიჩიძე, რომელიც სერია ა-ს ტოპ გუნდების სატრანსფერო სიაშიც იმყოფება. მასთან ერთად, გასულ სეზონში რობერტო დ'ავერსას გუნდში შეეძლო ეთამაშა საზონოვსაც, მაგრამ ახალგაზრდა უკანახაზელმა მიიღო ჯვარედინი მყესების ტრავმა და მთელი წელი გამოტოვა.
ფრაიბურგი - ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, დავით თარგამაძე, ლუკას ჰუფნაგელი
ევროპული ფეხბურთის ყველაზე ქართული გუნდი, რომელიც 2000-იან წლებში "ჯვაროსნების" გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. კობიაშვილმა, იაშვილმა და ცქიტიშვილმა ფრაიბურგში საერთო ჯამში 620-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს. ამ კლუბის ქომაგებმა ისინი ბრაისგაუელთა ყველა დროის საუკეთესო 11-ეულშიც შეიყვანეს.
აღნიშნული სამეულის გარდა, "არწივებში" დამკვიდრების მცდელობა ჰქონდა ხუთ ქართველს - კიკნაძეს, ზამთარაძეს, ხიზანეიშვილს, თარგამაძესა და ჰუფნაგელს. სამწუხაროდ, მათი მოღვაწეობა დრაისამშტადიონზე არ გამოდგა ისეთი წარმატებული, როგორიც ზემოაღნიშნული დიდი ქართული ტრიოსი.
კარლსრუე - ალექსანდრე იაშვილი, ბუდუ ზივზივაძე
ჩამოყალიბდა ასეთი ტრადიცია - კარლსრუეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აუცილებლად უნდა იყოს. პირველი ასეთი იყო იაშვილი, რომლის ფრაიბურგში დაწყებული ხანგრძლივი თავგადასავალი სწორედ "ფენიქსში" გაგრძელდა. იმ დროს უკვე კარიერის დასრულებასთან ახლოს მყოფმა ალექსანდრემ ბადენში 26 ბურთის შეგდება მაინც მოახერხა.
გავიდა 10 წელიწადზე მეტი და ვაილდპარკზე ქართველი თავდამსხმელის გზა მისმა თანამემამულე ზივზივაძემ გააგრძელა. მან მალევე მოიპოვა გერმანიის მე-2 ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სტატუსი, რის შედეგადაც ბუდუ გაიფორმა უმაღლესი დივიზიონის ბინადარმა, ჰაიდენჰაიმმა.
კიოლნი - რევაზ არველაძე, არჩილ არველაძე
უფროსი არველაძე კიოლნში მოხვდა 1994 წლის ზამთარში და ეს იყო ერთ-ერთი პირველი სერიოზული ქართული ტრანსფერი ევროპულ ფეხბურთში. ცნობისთვის, რევაზის დამრიგებელი "თხებში" იყო მორტენ ოლსენი, თავკაცი, რომელიც მოგვიანებით იმუშავებს შოთასთან ერთადაც, აიაქსში.
2000-იანების დასაწყისში "როთვაისში" აღმოჩნდა უმცროსი არველაძეც, თუმცა პერიოდული ტრავმიანობის გამო, მან ბუნდესლიგაში ვერ გაიბრწყინა. ეს იყო არჩილის ბოლო უცხოური კლუბი, რის შემდეგაც ის დაბრუნდა სამშობლოში და ფეხბურთიდანაც წავიდა. მისი საუკეთესო მომენტი მიუნგერსდორფერზე? გოლს + ასისტი მიუნხენ 1860-თან.
ლევანტე - შოთა არველაძე, გიორგი ქოჩორაშვილი
კიდევ ერთი ძალიან ახლო გუნდი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ლევანტე იყო არველაძის კარიერის უკანასკნელი კლუბი, რასაც კარიერის დასრულება მოყვა. სეზონის დასაწყისში მძიმე ტრავმის მიღების გამო, შოთამ გამოტოვა პრაქტიკულად მთელი წელი და ბოლოსკენ სულ რაღაც 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.
აიაქსის ყოფილი თავდამსხმელისგან განსხვავებით, ქოჩორაშვილმა ვალენსიურ გუნდში კარიერის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი გაატარა. გასული სეზონის დასრულებამდე უკვე ცნობილი იყო, გიორგი გადადიოდა ლისაბონის სპორტინგში, მაგრამ ახალი ეტაპის დაწყებამდე, "ასულგრანა" მან პრიმერაში ააღზევა.
მანჩესტერ სიტი - გიორგი ქინქლაძე, კახაბერ ცხადაძე, გიორგი ყაველაშვილი, მურთაზ შელია
ქინქლაძის პერფომანსები მან სიტიში იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ ინგლისურ გუნდში ინტერესი სხვა ქართველი ფეხბურთელების მიმართაც გაჩნდა. გიორგი არის მანჩესტერელთა ცოცხალი ლეგენდა, რომელსაც იხსენებენ დღემდე, დანარჩენების ინგლისური კარიერა კი ასეთი დასამახსოვრებელი არ ყოფილა.
ყაველაშვილის შემთხვევაში გვხვდება გამონაკლისი, მან ხომ დერბიში იმ დროისთვის უძლიერეს მან იუნაიტედს გაუტანა. რაც შეეხებათ ცხადაძესა და შელიას, "ქალაქელებმა" უმძიმეს პერიოდში დახმარება მათგანაც მიიღეს. იმ დროს ეს კლუბი შორს იყო უმაღლესი მწვერვალებისგან და ქვედა ლიგებიდან ამოსვლას ცდილობდა.
მეცი - გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი*
მიქაუტაძისა და მეცის ისტორია ადგილობრივ გულშემატკივრებს დიდხანს ემახსოვრებათ. ახალგაზრდა თავდამსხმელმა გაიბრწყინა სწორედ "ლეს გრენატსში", რასაც აიაქსში ტრანსფერი მოყვა. დიახ, ჟორჟის ერედივიზიაში გადასვლა გამოდგა წარუმატებელი, რის შემდეგაც ის კვლავ ლოთარინგიაში დაბრუნდა.
სენ-სიმფორიენზე კიდევ ერთხელ მოსვლით, ქართველი თავდამსხმელი დაუბრუნდა საუკეთესო კონდიციებს და მან გოლების გატანის გემოც გაიხსენა. დღეს, მეცის ექს-ფორვარდი ბრწყინავს მშობლიურ ლიონში, მის საქმეს კი შინდისფერი მაისურით წიტაიშვილი და აბუაშვილი გააგრძელებენ.
ნიუკასლი - თემურ ქეცბაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ვახტანგ სალია
1990-იანი წლების პრემიერ ლიგა სავსეა კოლორიტული ფეხბურთელებით და ერთ-ერთი ასეთი ქეცბაიაც იყო. ნიუკასლ იუნაიტედის საოცრად მშრომელი ფორვარდი, რომელიც ბრძოლისთვის ნებისმიერ დროს მზად იყო. თემურის ემოციურ და უხეშ გოლის აღნიშნვას კი ინგლისში დღემდე იხსენებენ.
ქართველი შემტევის დროს "კაჭკაჭები" მუდმივად ტრიალებდნენ ჩემპიონთა ლიგის ზონის გარშემო, 2000-იან წლებში კი დაიწყო კრიზისი, რის გამოც კლუბი ქვედა ლიგაში გავარდა. იმ პერიოდში "ჯორდებს" ცოტა ხნით ხიზანიშვილი ესტუმრა. რაც შეეხება სალიას, მისი თავგადასავალი სენტ ჯეიმს პარკზე ძალიან მალე დაიწყება.
რეინჯერსი - შოთა არველაძე, ზურაბ ხიზანიშვილი
არველაძისა და ხიზანიშვილის დუეტმა რეინჯერსს 2000-იანი წლების დასაწყისში მოუტანა ორი ტიტული - ქვეყნის ჩემპიონობა და ლიგის თასი. შოთას გლაზგოში შენარჩუნებული ჰქონდა საგოლე ალღო, ზურაბი კი იმ მომენტისთვის შოტლანდიის ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უკანახაზელად ითვლებოდა.
ქართველი მცველი 2002/2003 წლების სეზონის ბოლოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც კი აღიარეს. რა მოხდა "ლურჯების" შემდეგ? აიაქსის ექს-ფორვარდი დაბრუნდა მისთვის კარგად ნაცნობ ერედივიზიაში, უფრო კონკრეტულად, ალკმაარში, სადაც ჩემპიონობამდე მას ცოტა დააკლდა. აიბროქსის ბინადრების უკანახაზელის შემდეგი გაჩერება კი ბლექბერნი გამოდგა.
შალკე - ლევან კობიაშვილი, ლევან ყენია
შალკეს ჰყავდა ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შეასრულა ჰეთ-თრიკი, დიახ, ეს კობიაშვილია. ბუნდესლიგის ერთ-ერთმა ყველაზე მშრომელმა და დაუღალავმა ლეგიონერმა ფრაიბურგის შემდეგ მიაშურა გელზენკირხენს, სადაც ის კარიერულად ახალ საფეხურზე ავიდა.
"მაღაროელებსა" და საქართველოს ნაკრებში იმ დროს უდიდეს იმედებს ამყარებდნენ უნიჭიერეს ყენიაზე, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ მას კარიერის განვითარების საშულება არ მისცა. დიახ, ორ ლევანს ფელტინსზე უთამაშიათ გვერდიგვერდ, მაგრამ სამწუხაროდ, სისტემატური ხასიათი ამ ყველაფერს არ ჰქონია.
ვიტესი - გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, ირაკლი იეგოიანი
თუ ფრაიბურგი არის 2000-იანი წლების ევროპის ყველაზე ქართული გუნდი, 2010-იანებში ეს სტატუსი ვიტესმა გადმოიბარა. ერედივიზიონის ბინადარი კლუბი ხდებოდა კიდევ უფრო ქართული იმ ფაქტითაც, რომ გასული დეკადის დასაწყისში არნემელთა პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო.
დღეს, ფინანსური პრობლემების გამო, "შავ-ყვითლები" დაქვეითებულები არიან მეორე დივიზიონში და გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი იეგოიანი არის. რაც შეეხება გელრედომის ბინადრების ძველ ქართულ დესანტს, ადგილობრივ ქომაგებს ისინი ემახსოვრებათ კიდევ დიდხანს, განსაკუთრებით, კაშია.















