რასმუს ჰოილუნი მანჩესტერისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. დანიელი ფორვარდის სანაცვლოდ გუნდმა დაახლოებით €75 მილიონი გადაიხადა. გულშემატკივრებმა ამ თანხაზე პროტესტი თავიდანვე გამოხატეს და როგორც ჩანს, სრულიად სამართლიანადაც. ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში 56 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც მხოლოდ 18 გოლის გატანა მოახერხა. ჰოილუნს ატალანტაშიც არ ჰქონია საოცარი სტატისტიკა, შესაბამისად, ის თანხა რაც მანჩესტერ იუნაიტედმა გადაიხადა, შეიძლებოდა ბევრად უკეთესად დახარჯულიყო.
შემდეგ იყო 2024 წლის ზაფხული და ჯოშუა ზირკზეს პანიკური შენაძენი... დიახ, პანიკური, რადგან ნიდერლანდელი გუნდის მთავარი სამიზნე არასდროს ყოფილა. მეტიც, რომ არა ჯოშუას აგენტი, 23 წლის ფორვარდი ახლა მილანის ფეხბურთელი იქნებოდა, თუმცა კია ჯორაბშენის მიერ მოთხოვნილი დიდი საკომისიოს გამო, "როსონერიში" ტრანსფერი ჩაიშალა. შემდეგ იყო მანჩესტერის გამოჩენა და ერიკ ტენ ჰაგთან საუბარი — ინგლისური კლუბისთვის არც გამოსასყიდი თანხის გადახდა იყო პრობლემა და არც აგენტის მიერ მოთხოვნილი საკომისიო, შესაბამისად, ნიდერლანდელის ტრანსფერი საკმაოდ მალე დაიხურა. "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელის გარიგება ჯამში თითქმის €60 მილიონი დაუჯდათ, რაც ფანებმა თავიდანვე დიდ შეცდომად შეაფასეს. ფაქტია, ზირკზე ინგლისურ ფეხბურთს ვერ მოერგო და გოლების გატანა უჭირს. ჯოშუა რუბენ ამორიმმა უკვე გააკრიტიკა — პორტუგალიელმა როგორც განაცხადა, ფეხბურთელი ფორვარდია და მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტ დროს უნდა ატარებდეს. დიახ, ჯოშუა ფურცელზე ფორვარდია, მაგრამ მის ბოლონიურ წლებს თუ გავიხსნებეთ, ნიდერლანდელი მეტოქის საჯარიმოში დიდ დროს არასდროს ატარებდა, ის ძირითადად მეორე ფორვარდის ან ათიანის პოზიციაზე უფრო ირჯებოდა. ჰოილუნის მსგავსად, არც მას გაუტანია ბევრი გოლი სერია ა-ში.
რა არის გამოსავალი? გუნდი ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს, თუმცა €135 მილიონის უკან დაბრუნება შეუძლებელია. როგორც ჰოილუნის, ისე ზირკზეს სატრანსფერო ფასიც განახევებულია და ამ მომენტისთვის უცნობია, განიხილავს თუ არა რომელიმე კლუბი მათ დამატებას. ამორიმი ახალ ფორვარდს ეძებს, ამას ყველა გავლენიანი ინგლისური წყარო ადასტურებს, მეტიც, გუნდი იანვარში შეეცდება ახალი შემტევის დამატებას... მართალია ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ პორტუგალიელს იმედი აქვს, რომ გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერდება. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ამორიმის ყოფილი შეგირდი ვიქტორ გიოკერეში, რომლის დამატებასაც ალბათ ნახევარი ევროპა ცდილობს. სიაში არიან ლევერკუზენის ფორვარდი ვიქტორ ბონიფეისი, ლაიფციგის ფორვარდი ბენჟამინ შეშკო, აინტრახტის ახალი აღმოჩენა ომარ მარმუში და ლილის კანადელი გოლეადორი ჯონათან დევიდი. ამ მომენტისთვის უცნობია, გუნდი რომელიმე მათგანის დამატებას იანვარში შეძლებს თუ არა, მაგრამ ფაქტია უფროსობას შეტევის გაძლიერებაზე ფიქრი უახლოეს პერიოდში მოუწევს.
რუბენ ამორიმს წინ ძალიან რთული ამოცანა აქვს, რადგან გუნდი რომელიმე ევროტურნირზე უნდა მოახვედროს, რაც დღევანდელი მოცემულობით ძალიან რთული იქნება. თუმცა, წინ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაა, რამაც შეიძლება გუნდისთვის ბევრი რაღაც სასიკეთოდ შეცვალოს.
















