ინგლისის ლიგის თასის ფინალი - 2015 წელი
ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, The Guardian-მა სტატია მიუძღვნა ტოტენჰემის პერსპექტიულ თავდამსხმელს, რომელიც კარიერაში პირველი ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა, თანაც უემბლიზე. მეტოქე იყო მეზობელი ჩელსი და ცნობისთვის, ჰოტსპურმა ამ დროისთვის თავისი ბოლო ჯილდო სწორედ ამ ტურნირზე მოიპოვა, იმავე სტადიონსა და მოწინააღმდეგესთან.
ამჯერად ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა - გაიმარჯვეს "არისტოკრატებმა", მათი პირველი გოლის დროს კი ბურთი მოხვდა სწორედ "სპურსის" ათიანს და შემდეგ, კარში შეგორდა. მოგვიანებით, კეინმა განაცხადა: "უემბლიზე ფინალის წაგება, თანაც ჩელსისთან, არის ყველაზე ცუდი რამ, რაც კი ამ სამყაროში შეიძლება მოხდეს".

ჩემპიონთა ლიგის ფინალი - 2019 წელი
აღნიშნული შეხვედრის მომენტისთვის ინგლისელი თავდამსხმელი ოპტიმალური ფორმისგან შორს იყო. საქმე ისაა, რომ მან ჯერ კიდევ მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტისთან, კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანს 2 თვით ჩამოშორდა. ჰარის ლაზარეთიდან დაბრუნება დაემთხვა მაურისიო პოჩეტინოს გუნდის ფინალში გასვლას და თავკაცმა მისი ძირითადში დაყენება გადაწყვიტა.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა ლუკას მოურა - თავდამსხმელი, რომლის ჰეტ-ტრიკითაც ტოტენჰემმა 1/2 ფინალში ამსტერდამის აიაქსს მოუგო. ლონდონელთა კაპიტანმა ლივერპულთან უღიმღამოდ ითამაშა, მისი მონაგარი შეადგენდა მხოლოდ ერთ დარტყმას მთელი მატჩის მანძილზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჰოტსპურის მწვრთნელმა შეცდომა არ აღიარა - "კეინის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. ის იყო ჩვენი საუკეთესო მოთამაშე მთელი სეზონის მანძილზე და ცხადია, ყველას სჯეროდა, რომ ჰარის ბურთის გატანა ნებისმიერ წუთს შეეძლო", - აცხადებდა 52 წლის თავკაცი.

ინგლისის ლიგის თასის ფინალი - 2021 წელი
ეს ის შემთხვევაა, როდესაც "ქალაქელების" გამარჯვება არავის გაკვირვებია. მომავალი ჩემპიონი საუცხოო ფორმაში იყო, მაშინ, როდესაც "სპურსში" ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ, ქაოსი სუფევდა. დანიელ ლევიმ ის ფინალამდე ერთი კვირით ადრე გაუშვა, "ლურჯებთან" მატჩისთვის კი ტოტენჰემს რაიან მეისონი ამზადებდა.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება სწორედ მათთან წავიდა. ამ თამაშის დასრულებიდან მალევე, გაჩნდა პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ეტიჰადელები ლონდონელებს ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ 150 მილიონს სთავაზობდნენ.
ჰოტსპურმა დაბლოკა სიტის წინადადება, ისევე როგორც პრემიერ ლიგის სხვა დანარჩენი გუნდების. ყველაფერი საკმაოდ რეალური იყო - "სპურსის" კაპიტნის მიმართ ინტერესი რამდენიმე თვის შემდეგ პეპმაც დაადასტურა. ამის მიუხედავად, ტოტენჰემის 10-იანი შეიძლება ითქვას, რომ მშობლიური კლუბის გალიაში აღმოჩნდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი - 2021 წელი
შეხვედრა, რომელშიც კეინი პრაქტიკულად გაუჩინარდა. მას ერთხელაც არ მიუღია ბურთი იტალიის ნაკრების საჯარიმოში და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი დარტყმა იყო. ინგლისელმა ფორვარდმა ზუსტად შეასრულა მატჩის შემდგომი 11-მეტრიანი დარტყმა, მაგრამ "3 ლომის" ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მარცხის შემდეგ, ჰარიმ განაცხადა - "უემბლიზე დათმობილი ევროპის ჩემპიონატის ფინალი უმძიმეს დარტყმად კარიერის ბოლომდე გამყვება. ვერასდროს შევეგუები, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს დასასრულს უკვე მივეჩვიე. ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ წავაგეთ 11-მეტრიანებში და არა თამაშით", - ასეთი იყო ბრიტანელთა კაპიტნის კომენტარი.

პრემიერ ლიგის მოგების რეალური შანსი - 2016, 2017 წლები
გავიხსენოთ ლესტერის სენსაციური ტრიუმფი და ერთი წლის შემდეგ, "არისტოკრატების" პირველი ადგილიც - ორივე შემთხვევაში, ჩემპიონობის რეალური შანსი ჰოტსპურსაც ჰქონდა. დედაქალაქელთა 10-იანმა ორივე სეზონში მოიგო პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი, მაგრამ სანატრელი ჯილდოსთვის ტრადიციულად ეს საკმარისი არ გამოდგა.
რა იყო "სპურსის" მარცხის მიზეზი ამჯერად? უიღბლობა, ფსიქოლოგიური პრობლემები, დამარცხებულის მენტალიტეტი. ზემოაღნიშნული ორივე სეზონი რომ შევაჯამოთ, მივიღებთ საინტერესო სურათს: პრემიერ ლიგის ლიდერი ქულების რაოდენობით (156) არის სწორედ პოჩეტინოს გუნდი, რომელიც უახლოეს მდევარს, მეზობელ არსენალს 10 ქულით უსწრებს.
ამის გარდა, ტოტენჰემმა გაიტანა ყველაზე მეტი, 155 გოლი და გაუშვა ყველაზე ცოტა, 61 გოლი. ბურთების შეფარდება - პლიუს 94. რაც შეეხება კეინს, მის ანგარიშზე ლონდონელთა გოლების თითქმის 1/3-ია. უბრალოდ საკვირველია, თუ როგორ ვერ გახდნენ ასეთი სტატისტიკით ისინი ჩემპიონები თუნდაც ერთხელ.

უტიტულო სეზონი ბაიერნში - 2023, 2024 წლები
იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჰოტსპურის დატოვებითა და ბაიერნში გადასვლით, ინგლისელი თავდამსხმელის წარუმატებელი სერია დასრულდებოდა. მიუნხენელები "ვერცხლის სინს" იგებდნენ ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში და მათი გამჩერებელი არც ახალ სეზონში ჩანდა ვინმე.
ჰარის კარიერა "რეკორდმაისტერში" თავიდანვე მარცხით დაიწყო - გერმანიის სუპერთასი, 0:3 ლაიფციგისგან, თუმცა ის დამნაშავე არაფერში იყო. ახალ გუნდში გადასული ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი მოედანზე მატჩის ბოლოს გამოჩნდა. ზოგადად, როგორ შეიძლება ბავარიელთა შარშანდელ ფიასკოში მათი 9-იანის დადანაშაულება?
30 წლის თავდამსხმელმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და 45 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა. ის მთელი სეზონის განმავლობაში გვთავაზობდა ახალ-ახალ ინდივიდუალურ რეკორდებს, მაგრამ კეინის საოცარი პერფომანსი მთლიანად გადაფარა ტრიუმფალურმა ლევერკუზენის ბაიერმა, რომელმაც "ვერცხლის სინი" წაუგებლად მოიგო.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი - 2024 წელი
ამ დროისთვის უკანასკნელი იმედგაცრუება ინგლისელი თავდამსხმელის კარიერაში. ფინალის წინ, ის ამბობდა - "ჩემი უტიტულობა საიდუმლო არავისთვის არ არის. წლიდან წლამდე ჩემში იზრდება იმის მოტივაცია, რომ ეს ყველაფერი წარსულში დავტოვო. მაქვს შანსი შევიდე ისტორიაში და ჩემს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატი მოვაგებინო.
ჩემს ყველა მიღწევას გავცვლიდი ფინალში გამარჯვების სანაცვლოდ", - ძლიერი სიტყვებია, თუმცა ჰარი ამჯერადაც დამარცხდა.
ინგლისმა ვერაფერი მოუხერხა ევრო 2024-ის ობიექტურად ყველაზე ძლიერ ეროვნულ გუნდს, ესპანეთს, რომელმაც მთელი ტურნირი უბრალოდ იდეალურად ჩაატარა. ჩემპიონების განვლილ გზაში შთამბეჭდავი იყო ყველაფერი: თამაშის ხარისხი, შედეგები და დამარცხებული მეტოქეების სიძლიერეც.
თავად "სამი ლომის" კაპიტანმა მოედანზე 61 წუთი გაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. რა თქმა უნდა, ამით არაფერი სრულდება და მის კარიერაში ახალი გამოწვევების დრო დგება. 30 წლის ფორვარდს ალიანს არენაზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისა და "ვერცხლის სინის" მოგების შანსი კვლავ ექნება. ამის გარდა, ორ წელში გაიმართება მუნდიალი, რომლის მონაწილე ბრიტანელთა 9-იანიც აუცილებლად იქნება.


















