ტურინის იუვენტუსის კრიზისი გრძელდება - სერია ა-ს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მოუგებელი სერია რვა მატჩამდე გაიზარდა. გასულ უიკენდზე "ბიანკონერიმ" რომის ლაციოსთანაც წააგო. ქომაგების უმეტესობა წარუმატებლობაში ადანაშაულებს იგორ ტუდორს, რომლის ლო სტადიუმზე მუშაობა ისედაც ბევრისთვის გაურკვეველი და უცნაური მოვლენაა.
ხორვატი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს იუვენტუსში იყო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და შრომისმოყვარე მოთამაშე, თუმცა დამრიგებლობის პერიოდში მისი მოღვაწეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თავად განსაჯეთ: ტურინელთა თავკაცის ანგარიშზეა 341 შეხვედრა, აქედან მოიგო მან მხოლოდ 156, წააგო 104, 81 კი დაასრულა ფრედ.
რაც შეეხება ტიტულებს, 47 წლის მწვრთნელი დაეუფლა მხოლოდ ერთ ჯილდოს - ხორვატიის თასს, მშობლიური სპლიტის ჰაიდუკში მუშაობის დროს, კარიერის სტარტზე, 2012/13 წლების სეზონში. როგორც ვხედავთ, ტუდორი უკვე 12 წელია, რაც ვერ ახერხებს თუნდაც 1 ტიტულის მოგებას.
როგორც აღვნიშნეთ, ხორვატი მწვრთნელი დამარცხებულა 104-ჯერ, აქედან ორჯერ ქართულ გუნდთან და ქართველი დამრიგებლის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გადავინაცვლოთ იგორის სამწვრთნელო კარიერის სტარტზე, ამჯერად 2013/14 წლების სეზონის დასაწყისში, სადაც მისი მეტოქე გიორგი დევდარიანის გორის დილა იყო.
ტუდორი V დევდარიანი
2012/2013 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, ჰაიდუკმა ტუდორთან ერთად მოიპოვა ევროპა ლიგის საგზური, თუმცა მათი თავგადასავალი დასრულდა შესარჩევის მე-3 ეტაპზევე, დილასთან. სპლიტმა იქამდე მოუგო ტურნოვოს ჰორიზონტს, ქართულ კლუბს კი ოლბორგის ბარიერი ჰქონდა გადალახული.
რაც შეეხება უშუალოდ გორელებისა და "ზღვისპირელების" დაპირისპირებას, ქართულმა გუნდმა სახლშიც და გასვლაზეც მინიმალური ანგარიშით მოიგო. ამ დუელის მთავარი გმირი გამოდგა გიორგი ილურიძე, რომელმაც პირველ შეხვედრაში შეაგდო გოლი, საპასუხო თამაშში კი გრიგოლ დოლიძეზე ასისტიც მიითვალა.
ამ დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ხორვატმა მწვრთნელმა არა მხოლოდ გამოარჩია ქართველი თავდამსხმელი, არამედ ის პოლიუდზეც გადმოიბირა. სამწუხაროდ, "ლურჯ-წითლების" ექს-ფორვარდმა ვერ შეძლო ტუდორის გუნდში დამკვიდრება, 13 შეხვედრაში მან მხოლოდ 1 ბურთი შეაგდო.
დავუბრუნდეთ იმ დაპირისპირებას, ჰაიდუკის შემდეგ, დევდარიანის გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში ვენის რაპიდთან წააგო. დიახ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ბინადრები რანგით მე-2 საკლუბო ტურნირზე მოხვედრასთან ერთ ნაბიჯში იყვნენ.
კიდევ ვისთან აქვს წაგებული ტუდორს?
დევდარიანი იყო პირველი მწვრთნელი, რომელთანაც ტუდორი ევროსარბიელზე დამარცხდა. იმის შემდეგ, მასთან გამარჯვება მოუპოვებიათ კლაუდიო რანიერის, პეპ გუარდიოლას, მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტეს, ტომას ტუხელს, სიმონე ინძაგის, ჩაბი ალონსოს, სესკ ფაბრეგასსა და სხვებს.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ხორვატი მწვრთნელი იუვენტუსში აღარ იმუშავებს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მისი კარიერა სამომავლოდ. ტურინელი ქომაგები იგორის პოტენციურ შემცვლელებზე უკვე ფიქრობენ, კანდიდატებს შორის რობერტო მანჩინი და ლუჩანო სპალეტი არიან.















