ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ნაწილის აზრით, თომას მიულერი უკანასკნელი გერმანული ყაიდის მოთამაშეა. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა პროცესმა ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ გარემო - გერმანულ ფეხბურთშიც შეაღწია და ჯენზი თაობის გერმანელები, განსხვავებული მენტალიტეტის მატარებლები არიან . მიუნხენის ბაიერნს სხვა გუნდებისგან ის გამოარჩევდა, რომ არასდროს არ იყვნენ ერთ ადამიანზე დამოკიდებული, ეს ზოგადად გერმანული სკოლის მიდგომაა. ნაკრებშიც იგივე პრინციპი მოქმედებს, ლეგენდარულმა სტივენ ჯერარდმა ერთხელ თქვა “ არგენტინას მესი ჰყავს, პორტუგალიას - რონალდო, გერმანიას კი გუნდი.“ ბაიერნიც ასეთია, ამ კლუბში ერთი კაცი ვერასდროს დადგება გუნდზე წინ, მაგრამ სამხრეთის ვარსკვლავს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს ლიდერები, ვარსკვლავები და რაც ყველაზე მთავარია გუნდის თილისმა. ოდითგანვე ასეთები იყვნენ: ჰერ ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი.
ბოლო ორი დეკადის მანძილზე რეკორდმაისტერის : სახე, თილისმა და ხასიათი თომას მიულერი იყო. მიულერებს გოლების გატანა გვარში აქვთ, „თომას მიულერი“ ამ სახელის და გვარის წყობა ყველაზე პოპულარულია ბავარიის ლანდში. მიულერი - ბაიერნია!
სექტემბერში, ფრაიბურგთან შეხვედრაში თომას მიულერმა მიუნხენის ბაიერნის რიგებში 710-ე მატჩი ჩაატარა. ამაზე მეტჯერ „ რეკორდმაისტერის“ მაისური არავის უტარებია მწვანე მინდორზე. თამაშში ტომასი შეცვლიდან ჩაერთო და მალევე ულამაზესი გოლით აღნიშნა საიუბილეო თარიღი. წინა კვირას კი, ბოლო საშინაო შეხვედრაში - მიონხენგლადბახის ბორუსიას წინააღმდეგ 750-ე მოირგო მიუნხენური გრანდის ფორმა. გერმანული გიგანტის მოთამაშეებს, მომავალში ამ ნიშნულის მისაღწევად/გასაუმჯობესებლად ათწლეულები დასჭირდებათ. მიულას საკლუბო და სანაკრებო ჯილდოებზე არაერთხელ დაწერილა და ამიტომაც, დღეს მისი სტატისტიკის ან პრიზების მიმოხილვით არ დავკავდები, ეს ჩანახატი იქნება იმაზე, თუ რა აქცევდა თომას მიულერს უბრალო, უშუალო, ხუმარა, მებრძოლ და საკულტო პიროვნებად.
მიუნხენელთა 25-ე ნომერი თითქოს განსაკუთრებული არაფრით გამოირჩოდა, ვერც დრიბლინგით დაიკვეხნის, სამხრეთული ლამაზი ტექნიკითა და ფინტებითაც ვერ ანებივრებდა გულშემატკივარს და არც შესაშური ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, მაგრამ თომასი მთავარი ნიშა საფეხბურთო IQ და ინტელექტია. “Raumdeuter” ანუ სივრცეების მძებნელი, როგორც მან საკუთარ თავს შეარქვა - ყველაზე კარგად აღწერს ტომასის პერსონას. მიულერი მუდამ დაუღალავად შრომობს და მზად არის თანაბარი მონდომებით ითამაშოს - იქ სადაც უბრალოდ გუნდს დასჭირდება.
გერმანელ შემტევს ჰქონდა მძიმე სეზონები, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იოხიმ ლიოვი ნაკრებსაც არ აკარებდა, ნიკო კოვაჩის ხელში ბაიერნში ცუდი დროება ედგა და ბევრი მისი მიუნხენიდან წასვლაზეც წერდა. ოჯახური პრობლემები, თაობათა ცვლაში საკუთარი ადგილის პოვნა და ა.შ, მაგრამ მიულამ თავისებური იუმორით უპასუხა ცხოვრების ყველა გამოწვევას.
რაც არ უნდა რთული სეზონი ყოფილიყო, მიუნხენში მუდამ იცოდნენ, რომ მიულერი ბაიერნია, ძია ულიმაც, ბატონმა ჰერბერტმაც და „მარიენპლაცზე“ შნიცელის გამყიდველმაც კი იცის, რომ ხლართას გერმანული „ჯიგარი“ აქვს. რეკოდმაისტერს ტომასის გაყიდვა არასდროს უცდია, მისი გაყიდვით ბაიერნი სულს და ხასიათს დაკარგავდა. თომასი მთელს ბაიერნს უყვარს. ის მოედანზე და მის გარეთაც, უბრალო კაცია. ატარებს 10 ევროიან ვარცხნილობას. არ აინტერესებს ძვირფასი მანქანები, არ ატარებს ტატუს, პირსინგს. ცხოვრობდა მის პირველ სიყვარულ ლიზასთან ერთად, სამწუხაროა რომ მიუნხენური კარიერა და ლიზა ერთად დასრულდნენ ტომასის ცხოვრებაში. მიულასთვის ოჯახი ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, ის არ ეხვეოდა სკანდალებში, გამარჯვების შემდეგ, გასახდელში იცეკვებდა ალფონს დეივისთან, ჟერომ ბოატენგთან და ლეროი ზანესთან, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილები ღამის კლუბის გზას დაადგებოდნენ ტემპერამენტის დასაცხრობად, თომასი სახლში ბრუნდებოდა მეუღლესთან, თავლაში კვიცებს მოინახულებდა, შვილებივით მოუვლიდა და საღამოს რიგითი გერმანელივით ტკბილ ოჯახურ ვახშამს მიუსხდებოდა.
თომას კეთილი ნების ელჩია, ეწევა ქველმოქმედებას. ატარებს ტრადიციულ ბავარიულ ტანისამოს, ვარჯიშებზე მიდიოდა ადრე, თამაშობდა ყველგან, სადაც კი გუნდს შეიძლება დასჭირდეს: ფორვარდად, გარემარბად, ათიანად, ცენტრალურ ნახევარმცველად. ერთნაირად უხაროდა, გოლის გატანა, პასის გაკეთება, ახალწვეული მაიკლ ოლისეს წარმატებული დრიბლინგი და ჰარი კეინის ტიტული, მას არ აინტერესებს პირადი ჯილდოები, "რაც გინდათ ის უყავით საუკეთესოს ჯილდოს, მთავარია გერმანია ჩემპიონია, " მიაძახებდა კორუმპირებულ ფიფას ბოსებს და ამაყი ადიოდა კვარცხლბეკზე.
ხლართა მარცხის დროს ბიჭებს უყვიროდა, „უიმედოები ჩვენ არ გვჭირდება, თამაში დასაქაჩია თუ არ შეგიძლიათ სკამზე“ ის თანაბარი მონდომებით დარბოდა მე-3 წუთზე, როცა 0-0 და 92-ე წუთზე, როცა უკვე ბაიერნი 5 ბურთით იგებდა, მას არ ახასიათებდა დიდი გუნდების, ან დიდი თამაშების კომპლექსი, სულ ერთია ბარსელონას ეთამაშებოდა თუ აახენს, მიულერი კარისკენ იყო დაგეშილი. 700 მატჩის შემდეგაც, მიულა ისევ იმ ენთიზიაზმით გადიოდა მოედანზე, როგორც პირველი - გაიტანდა გოლს, ან საგოლე პასს შეასრულებდა და თამაშის დასრულების შემდეგ „რუპორით“ ხელში “mia san mia” ს და „Stern des Südens“-ს სამღერად გულშემატკივრების რიგში ჩადგებოდა, პატარა ბიჭებთან სელფს გადაიღებდა, ბავარიელ ფანებს სადილისა და ლუდის ფულს გადაუხდიდა, გუნდის ვახშამზე მიმტანის ფორმას გადაიცმრვფა და ქანცგაწყვეტილ თანამშრომლებს დახმარების ხელს გაუწვდიდა“
რაც ყველაზე მთავარია, უბრალო გერმანელი ბიჭის თვალებში, მუდამ ამოიკითხავდით თამაშის სურვილს და ცივსისხლიანობას.
არსებობენ კლუბები, რომელიც მიულერს 15 გოლის ვერ გატანის შემთხვევაში, იმ ზამთარსავე გაუშვებდნენ დაუფიქრებლად, რადგან დღეს ხომ ფეხბურთი ბიზნესია, კომერციალიზმი და ერთგულება კი ხშირად ერთმანეთს ეჯახებიან, მაგრამ მიულა ბაიერნის ხასიათია და ხასიათი, ბევრად უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე 35 გოლი ან ორი თასი. ტყუილად კი არ უთქვამს ტიერი ანრის „ მესი მსოფლიოში, საუკეთესოა, მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს გუნდს მიულერზე ავაშენებდი და ბავშვებს მის მაგალითზე გავზრდიდიო“.
თომასი გამოსამშვიდობებელ სიტყვაშიც - მიულერად დარჩა!. გულშემატკივრების სტილში იღრიალა, ახალგაზრდებს მოუწოდა - ვინც ამ კლუბის ღირსებას დაიცავთ, გახსოვდეთ რამხელა პასუხისმგებლობის ტარება მოგიწვეთ და ბოლომდე დაიხარჯეთო - შავი იუმორის გაჟღერებაც არ დავიწყებია, რომლითაც ნაწილობრივ რეკორდმაისტერის ბოსების ბოსტანშიც ისროლა კენჭი და ბოლოს მხიარული სახით მიმართ ქომაგებს “ ცრემლები არ დამანახოთ, ახლა ზეიმის დროა”
ამ ყველაფრის შემდეგ, მიულა ისევ დილით ადრე ადგება, შეივლის თავლაში, ნოიერის პატივსაცემად შერქმეულ კვიც „მანუს“ გაეთამაშება, იჯირითებს ცხენებზე, პირველივე ბარში შეირბენს, შეკრებილ ფანებს გამოელაპარაკება - ოფიციანტს გადასძახებს „ამ ჯიგრებს ჩემს სახელზე, პაულანერი ჩამოუსხიო“ ალიანს არენისკენ გაეშურება, ოღონდ ამჯერად არა მოედანზე, არამედ ულტრასებთან დაჯდება ტრიბუნაზე და ფანებთან ერთად გარეპავს „Stern des Südens“-ს.
აი, რატომ იყო არის და იქნება თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნი!















