ეს არ არის შემთხვევითობა, იღბალი ან იმპროვიზაცია, ესპანელ გარემარბს მსგავსი გოლი წარსულში უკვე აქვს გატანილი, თანაც "სამფეროვნებთან". ეს მოხდა 2023 წლის მაისში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. თავის საყვარელ მარჯვენა ფლანგზე განწესებულმა პირენეელთა 10-იანმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნა.
"წითლებისთვის" სამწუხაროდ, "გალებმა" მალევე მოახერხეს თამაშში დაბრუნება და საბოლოოდ, 3:1 იმარჯვეს. გოლები გაიტანეს მატის ლამბურდმა, იანის იუსუფუმ და ტიდიამ გომისმა. სამივე მათგანი ჯერჯერობით შორს არის დიდი ფეხბურთისგან, რასაც ვერ ვიტყვით იამალზე, რომელიც ბრწყინავს როგორც კატალონიური კლუბის მთავარ გუნდში, ისე ლუის დე ლა ფუენტეს კოლექტივშიც.
დავუბრუნდეთ გასული წლის ახალგაზრდულ ტურნირს, რომელზეც ესპანელმა გარემარბმა "ფურია როხას" ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლამინმა თითო ბურთი გაუტანა სლოვენიას, სერბეთს, ირლანდიასა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფრანგეთს. ამის გარდა, მან 2 ასისტიც გაიფორმა. ცნობისთვის, იმ ტურნირის ფინალში "მამლებმა" გერმანიის ეროვნულ გუნდთან წააგეს.
პირენეელთა ძირითად ბირთვს "ბლაუგრანას" ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. "სამფეროვნებთან" შეხვედრის მთავარი გმირის გარდა, იმ ტურნირზე ბრწყინავდა მარკ გიუც, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ცოტა ხნის წინ 6 მილიონად ლონდონის ჩელსიში გაყიდეს. მათ გარდა, "წითლების" ღირსებას იცავდნენ პაუ კუბარსი და ექტორ ფორტი, ახალგაზრდები, რომლებზეც კამპ ნოუზე, ასევე, დიდ იმედებს ამყარებენ.

ბოლოს კი კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი "წითლების" გარემარბის შესახებ. "გალების" კარის აღებით, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ევროს ისტორიაში. დე ლა ფუენტეს გუნდის მე-19 ნომერი ბურთის გატანის მომენტისთვის 16 წლისა და 363 დღის იყო. მან ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდარული მოთამაშეები, როგორებიც არიან უეინ რუნი (18 წლის, 237 დღის) და დრაგან სტოიკოვიჩი (19 წლის, 108 დღის).
ამასთან ერთად, იამალის სახელზე უკვე უამრავი რეკორდია, როგორც ბარსელონაში, ისე ესპანეთის ნაკრებშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ყურადღების ცენტრში არის "ფურია როხა", მიმოვიხილოთ ესპანელი ვინგერის მხოლოდ ეროვნულ გუნდში დაფიქსირებული მიღწევები. მთავარი: ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი პირენეელთა ისტორიაში.
სხვა - ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი "წითლებში", საგოლე გადაცემის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, კონტინენტის პირველობის ყველაზე ახალგაზრდა 1/2 ფინალისტი, ევროს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე და გოლის ავტორი, დიახ ეს ყველაფერი იამინმა 16 წლის ასაკში შეძლო.

დიდიე დეშამის გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ბარსელონას გარემარბის გვერდით, იმავე ფლანგზე ხესუს ნავასი თამაშობდა. ერთი თუ არის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ევროს 1/2 ფინალის ისტორიაში, მეორე ყველაზე ასაკოვანია. ესპანელი განაპირა მცველი საფრანგეთთან მატჩის მომენტში 38 წლის, 7 თვისა და 18 დღის იყო.
ასაკში სხვაობა სევილიას კაპიტანსა და დე ლა ფუენტეს გუნდის მე-19 ნომერს შორის 21 წელს, 7 თვესა და 22 დღეს შეადგენს. "მამლებთან" გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯერ დაბადებულიც არ იყო, როდესაც ესპანეთის ეროვნული გუნდის 22-ე ნომერი ანდალუსიაში ბრწყინავდა. როგორც გვახსოვს, 38 წლის განაპირა მცველი თავიდან ვინგერად თამაშობდა.

ნავასი თავისი კარიერის დასაწყისში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი იყო - 10.8 წამში გარბენილი 100 მეტრი, ეს სწორედ მისი მიღწევა არის. იამალის დაბადების მომენტისთვის ესპანელი ვინგერის ანგარიშზე უკვე იყო უეფას თასის 2 ტიტული და კოპა დელ რეი. ხეტაფესთან გამართული ფინალიდან 3 კვირის შემდეგ, ლამინი დაიბადა.
მოგვიანებით, ხესუსმა დაამარცხა მადრიდის რეალი და მოიპოვა ესპანეთის სუპერთასიც, ბარსელონას მომავალი გარემარბი იმ დროს სულ რაღაც ერთი თვის იყო. როგორც ვხედავთ, ევრო 2024-ის 1/2 ფინალში ჩვენს თვალწინ დაიწერა ისტორია, "ფურია როხა" ფინალშია, რომლის შემადგენლობაში თამაშობენ შემსრულებლები, რომლებსაც ასაკობრივად ორ დეკადაზე მეტი აშორებთ.


















