22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და საინტერესო გუნდს, იაპონიის მამაც ყვავილებს უმასპინძლებს. ეს არ არის რიგითი შეხვედრა ნოემბრის ტესტ-მატჩების კალენდარში. ეს არის პრინციპული დაპირისპირება, ბრძოლა მსოფლიო რეიტინგის უმნიშვნელოვანესი ქულებისთვის და, რაც მთავარია, 2024 წელს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების გამყარების შანსი.
ბორჯღალოსნებისთვის ეს მატჩი არის შესაძლებლობა, დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ TOP გუნდებთან სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. იაპონიისთვის კი ეს რევანშის მატჩია. აღნიშნული დაპირისპირება სეზონის კულმინაციაა, რომელიც განსაზღვრავს, რა ამბიციებით შევხვდებით მომავალ სეზონს.
ურთიერთშეხვედრების ისტორია: ვინ დომინირებს?
სტატისტიკა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იაპონიის მხარესაა. ამ ორ გუნდს შორის გამართული 7 შეხვედრიდან 5 მამაც ყვავილებს აქვთ მოგებული, 2 კი – ბორჯღალოსნებს. თუმცა, ციფრები სრულ სურათს არ გვიჩვენებს. მთავარი გარდატეხა 2024 წლის 13 ივლისს, სენდაიში მოხდა, როდესაც საქართველომ მეტოქე მისსავე მოედანზე, დრამატულ ბრძოლაში 25-23 დაამარცხა. ეს იყო ფსიქოლოგიური ბარიერის გარღვევა, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ იაპონიის დამარცხება სტუმრად, მათსავე სწრაფ და ტექნიკურ რაგბიშიც შეგვიძლია.
რაც შეეხება თბილისს, აქ ანგარიში აბსოლუტურად თანაბარია – 1:1. 2014 წელს მიხეილ მესხზე ქართველებმა დამაჯერებლად, 35-24 იმარჯვეს, თუმცა 2016 წელს იაპონელებმა რევანში აიღეს და 22-28 მოგვიგეს. გამოდის, რომ 22 ნოემბრის მატჩი არა მხოლოდ ზოგად ისტორიაში, არამედ კონკრეტულად თბილისის დაპირისპირებაშიც გადამწყვეტი იქნება.
ბორჯღალოსნების ამჟამინდელი მდგომარეობა: თავდაჯერებულობა და ახალი მიზნები
ამ მატჩს ბორჯღალოსნები საუკეთესო განწყობით ხვდებიან. 2025 წელი გუნდისთვის ტრიუმფალური გამოდგა – გუნდმა მორიგი, ზედიზედ მერვე (სულ მე-17) რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო და 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდა. ეს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობაა. გუნდი თამაშობს წნეხის გარეშე, რაც მწვრთნელ რიჩარდ ქოქრილს საშუალებას აძლევს, უფრო თამამი და შემტევი ტაქტიკა დანერგოს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტები კარგად დაიწყო და ორი საშიანო მატჩი დამაჯერებლად მოიგო. რიჩარდ ქოქრილის გუნდმა ბათუმში ჯერ აშშ, ხოლო შემდეგ კანადის ნაკრები დაამარცხა. ნოემბრის ტესტების ბოლო დაპირისპირება კი თბილისში, სწორედ იაპონიის გუნდთან შედგება.
ქართული რაგბის კოზირი კვლავ უცვლელია – შერკინება, ფიზიკური ძალა და დომინაცია კონტაქტში. თუმცა, ბოლო პერიოდში აშკარა პროგრესია უკანა ხაზის თამაშში. ბორჯღალოსნები სულ უფრო ხშირად და ეფექტიანად თამაშობენ ბურთით ხელში, რაც იაპონიის მსგავს სწრაფ გუნდთან გადამწყვეტი იქნება.
მეტოქე: ედი ჯონსის ახალი იაპონია
იაპონიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ქარიზმატული მწვრთნელი, ედი ჯონსი უდგას სათავეში. ჯონსი ცნობილია თავისი უნარით, სწრაფად გარდაქმნას გუნდები და მათგან მაქსიმუმი გამოწუროს. ის ამჟამად 2027 წლის მსოფლიო თასისთვის ახალ, უფრო ახალგაზრდულ გუნდს აშენებს, მაგრამ ეს მათ ნაკლებად სახიფათოს არ ხდის.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩამოსვლამდე იაპონიას უმძიმესი ტესტები ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. მიუხედავად იმისა, რომ ედი ჯონსის გუნდმა ორი მატჩი დათმო, თბილისში საბრძოლო ფორმაში ჩამოდიან და რთულ მატჩს ელოდებიან. თავად მთავარმა მწვრთნელმაც აღიარა საქართველოს პროგრესი, როდესაც თქვა: "საქართველო მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებადი სარაგბო ქვეყანაა. ისტორიულად ძლიერ ფორვარდებს ახლა ინდივიდუალურად გამორჩეული უკანახაზელებიც ემატებიან". ეს სიტყვები მეტოქის მხრიდან უდიდესი პატივისცემა და იმის აღიარებაა, რომ იოლი მატჩის მოლოდინი არ აქვთ.
მატჩის მთავარი ინტრიგა: სტილთა ბრძოლა
ეს იქნება კლასიკური დაპირისპირება ძალასა და სისწრაფეს შორის, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დამატებით – ორივე გუნდი ცდილობს, მეტოქის ძლიერი მხარეებიც გაანეიტრალოს. იაპონიის ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ააჩქაროს თამაში, არ შევიდეს ქართველებთან ფიზიკურ კონტაქტში და ღია თამაშით დაღალოს ჩვენი მორკინალები. ისინი დაელოდებიან ჩვენს შეცდომებს და შეეცდებიან, სწრაფი კონტრშეტევებით დააგროვონ ქულები.
საქართველოს ამოცანა კი საპირისპიროა: თამაშის ტემპის კონტროლი. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს საკუთარი, ფიზიკური და დისციპლინირებული რაგბი უნდა მოახვიონ თავს. გადამწყვეტი იქნება დომინაცია შერკინებაში, ეფექტიანი მოლი და, რაც მთავარია, უშეცდომო თამაში დაცვაში. ჩვენ არ უნდა ავყვეთ იაპონიის ქაოტურ თამაშს. თუ შევძლებთ, რომ თამაში დავამძიმოთ და ჩვენს სცენარზე წავიყვანოთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება.
დასკვნა: რას ნიშნავს ეს გამარჯვება საქართველოსთვის?
22 ნოემბერს გამარჯვება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რეიტინგის ქულები. ეს იქნება იმის დამტკიცება, რომ 2024 წლის გამარჯვება სენდაიში შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს არის დასტური, რომ საქართველო მზად არის, გახდეს მსოფლიო რაგბის ელიტის სრულფასოვანი წევრი. ეს გამარჯვება კიდევ ერთი მყარი არგუმენტი იქნება იმ გლობალურ დებატებში, რასაც ექვს ერში საქართველოს შესაძლო ჩართვა ჰქვია.
სუფთა სპორტული თვალსაზრისით კი აღნიშნული მატჩის არ წაგება უმნიშვნელოვანესია — წლის ბოლოს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება და გუნდები 6 ჯგუფში გადანაწილდებიან. განთესვა კი მსოფლიო რეიტინგის მიხედვით მოხვდება, სადაც ამჯერად საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-11 ადგილს იკავებს და იაპონიაზე წინ იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ბორჯღალოსნები მე-11 ან მე-12 პოზიციას შეინარჩუნებენ, მეორე კალათაში მოხვდებიან და მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლის შანსს ერთიორად გაიზრდიან.















