ამის მერე შალკეში ბევრი რამ შეიცვალა, მწვრთნელები, ფეხბურთელები, ხელმძღვანელები, ისევ კონკურენტუნარიანი გუნდი იყო, მაგრამ ისევ ასე უიღბლოდ, ერთი ნაბიჯი აკლდებოდა ჩემპიონობამდე. ამ მხრივ 2004/05 წლები გამოდგა ძალიან დასანანი, რადგან ქართველის ჩემპიონობას ველოდით. ამ დროს ჰერტაც ოთხეულში იყო და არც ბაიერნი გრძნობდა თავს მარტოსულად.
21-ე საუკუნეში შალკემ რვაჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, საუკეთესო მაჩვენებელს 2011 წელს მიაღწიეს, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდასთან, რაულთან ერთად გავიდნენ ლიგის ნახევარფინალში, სადაც მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდნენ. რაულს პატივი დასდეს და საერთოდ ამოიღეს მისი შვიდნომრიანი მაისურა ხმარებიდან.

შალკე მაინც შინაურ გუნდად მიგვაჩნდა, გარდა კობიაშვილისა, ამ კლუბში იწყებდა ევროპულ კარიერას ლევან ყენია, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი, რომელიც 2000-იანებში გამოჩენილა, ცუდად გვახსოვს ფელიქს მაგათის სიჯიუტე და ფაქტობრივად წაშლილი პერსპექტივა. გარდა ამისა, გვახსენდება უამრავი გამორჩეული გვარი, მათი აღზრდილი თუ მათთან გაბრწყინებული, ახლა კი ეს ყველაფერი სადღაც შორს არის, მეორე ბუნდესლიგის ჩრდილში დარჩენილი.
და მაინც, როგორ მივიდნენ აქამდე?
შეცდომათა ჯაჭვი

ჯერ კიდევ 2016 წელს შალკეს ხელმძღვანელებმა კლუბის გულშემატკივრებს სპეციალურად მომზადებული ვიდეო წარუდგინეს, ამცნეს რომ მანჩესტერთან, ბარსელონასთან და არსენალთან კონკურენცია მოიგეს და ბრილ ემბოლო შეიძინეს 26 მილიონ ევროდ. ეს კიდევ კლუბის ყველა დროის რეკორდია, შალკე, როგორც წესი, ასეთ თანხას ფეხბურთელში არ იხდის. სამი წელი გავიდა, ემბოლოს ბუნდესლიგის 48 შეხვედრაში 10 გოლი ჰქონდა შეგდებული, საბოლოოდ მიუნხენგლადბახს მიჰყიდეს, იმის ნახევარიც ვერ აიღეს, რაც გადაიხადეს.
მომდევნო წელს შალკემ იგივე შეცდომა დაუშვა, კლუბის მეორე რეკორდი დაფიქსირდა - ბენტალებში 19 მილიონი ევრო გადაიხადეს, მოედანზე დიდი სარგებელი არ მოუტანია, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი უფასოდ წავიდა. საიდან მოვიდა ეს ფული? ძირითადად სამი ტრანსფერიდან - სანე მანჩესტერ სიტის მიჰყიდეს 52 მილიონ ევროდ, (2016/17) დრაქსლერი ვოლსბურგს 43 მილიონ ევროდ, (2015/16) კეჰერი პსჟ-ს - 37 მილიონ ევროდ. (2018/19). თითქოს კარგად ივაჭრეს, მაგრამ გაცილებით მეტის შესაძლებლობა იყო - გორეცკა, კოლაშინაცი, მაიერი და მატიპი უფასოდ წავიდნენ კლუბიდან, არადა, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში დიდძალი თანხა უნდა შემოსულიყო.
ამ შეცდომებს მოჰყვა ყველა კლუბისა და ბიზნესისთვის კრიზისული პერიოდი, რისი მართვაც ვიღაცამ შეძლო, ვიღაცამ ვერა. შალკემ ეს ვერ მოახერხა. კლუბები ძირითადად სამი წყაროდან იღებენ შემოსავლებს - გაყიდული ბილეთებიდან, რეკლამებიდან და სატელევიზიო უფლებებიდან. შალკემ ეტაპობრივად სამივე დაკარგა. პირველ რიგში პანდემიამ სტადიონები დააცარიელა, ამას მოჰყვა შემცირებული შემოსავალი სატელევიზიო კონტრაქტებიდან, და როცა კლუბი ჯერ კიდევ პანდემიას უმკლავდებოდა, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სანქციების სერია დაიწყო, მოგეხსენებათ შალკეს გაზპრომი აფინანსებდა, სანქციების მერე კი იძულებულნი გახდნენ მათთან თანამშრომლობაზე უარი ეთქვათ, ასე დარჩა კლუბი შემოსავლების გარეშე.

„წარსულში დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა მოგვიყვანა აქამდე, გარდა ფინანსური ინსტიტუტებისა, სპორტული მიმართულებაც კრიზისში აღმოჩნდა, მწვრთნელთა გაუთავებელ ცვლას შედეგი არასდროს მოაქვს“, - ამბობს ანია ვორტმანი, შალკეს ქომაგთა გამგეობის წევრი.
ამჟამად კლუბს კეს ვან ვონდერენი წვრთნის, რომელიც ბოლო 10 წელიწადში შალკეს მეჩვიდმეტე მწვრთნელია. კლუბის დავალიანება ჯერ კიდევ 2021 წელს 217 მილიონ ევროს აღწევდა, კრიზისის მართვა კი ვერავინ შეძლო, რადგან 2020 წელს 19 წლიანი მმართელობის შემდეგ გადააყენეს კლემენს ტანიე. ის შალკე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ სწორედ ამ კაცის აშენებულია. 68 წლის მილიარდერი ხორცის გადამამუშავებელ და მწარმოებელ კომპანიებს ფლობს, მის ქარხნებში პანდემია სწრაფად გავრცელდა, რამაც წარმოება შეაფერხა და ტანიემ საპასუხოდ რასისტული განცხადება გააკეთა - „უმჯობესია აფრიკაში მეტი ელექტროსადგური გააკეთონ, ვიდრე გადასახადები გაიზარდოს საზოგადოების დასაცავად. იქნებ ამის მერე შეწყვიტონ სიბნელეში ბავშვების გაკეთება“ - მიანიშნებდა აფრიკაში შობადობის ზრდაზე, (დღემდე პირველ ადილზე არიან და აზიასაც უსწრებენ) მიანიშნებდა უკონტროლო მიგრაციაზე და პანდემიის მართვის პრობლემებზეც. ამ განცხადებას შალკეს ვეტერანი ფეხბურთელების მხრიდანაც კი მოჰყვა მწვავე რეაქცია - „მან ყველა ჩვენთაგანს მიაყენა შეურაცხყოფა, ვერ ვიჯერებ რომ ასეთი რამ თქვა“, - აღნიშნა ჯერალდ ასამოამ.
იმ დროს ტანიეს სიტყვები არაპოლიტკორექტულად მიიჩნიეს, მსოფლიო ისე სწრაფად შეიცვალა პანდემიისა და ომის შემდეგ, რომ დღეს ასეთი განცხადება შეიძლება პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან მოვისმინოთ, დღეს ამის გამო გაუჭირდებათ ვინმეს გაშვება თავისივე აშენებული კლუბიდან, მაქსიმუმ გაგლანძღონ სხვადასვა მედიებში. ასე დარჩა შალკე ყველაზე კრიზისულ პერიოდში მმართველის გარეშე.
ახლა წარსულით ამაყობენ და თავიანთი აკადემიის აღზრდილებსაც იხსენებენ, რომლებიც 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ - ნოიერი, ჰიოვედესი, დრაქსლერი, იოზილი. კრიზისულ პერიოდებში კი გერმანული კლუბები ყოველთვის უბრუნდებიან ათასგზის განხილულ თემას - 50+1 წესს. ერთი მხრივ ამაყობენ ამ წესით, მეორე მხრივ კი ეჭვი უჩნდებათ - იქნებ არასწორად ვაკეთებთ რამეს? იქნებ ღირს დიდი ინვესტორების შემოყვანა და წილების გაყიდვა? სასოწარკვეთის ჟამს ტანიეს დაბრუნებაზეც კი დაფიქრდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ფიქრი საქმედ არ ქცეულა, ამ კაცის რეპუტაცია კი ისევ შელახულია. ალბათ არც ღირს წარსულთან მიბრუნება.

„ყოველთვის ერთად, სიხარულსა და მწუხარებაში“, - ამ დევიზით ცხოვრობს შალკეს ქომაგი, ახლა როგორც ქალაქს, ისე კლუბს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ სჯერათ რომ ისევ დაუბრუნდებიან ბუნდესლიგას. ჩვენთვის კი გელზერკინხენი განსაკუთრებულ ქალაქად იქცა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი და ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, სწორედ ამ ქალაქის სტადიონზე მოიგო, თანაც, 26-ში, ესეც ხომ საკრალურ რიცხვად იქცა ჩვენი ნაკრებისთვის?!
აბა ჰერტა?
მოედანზე საშინელი თამაში და მოედნის მიღმა სკანდალები - ასე დაიწყო ეს დიდი პროექტი.

შარში გაეხვა მეკარეების მწვრთნელი ზოლტ პეტრი, უნგრულ გაზეთ Magyar Nemzet-თან ინტერვიუში პეტრიმ პიტერ გულაჩის დასცინა იმის გამო რომ ლაიფციგში გადაწყვიტა თამაში, ესე იგი, იმ კლუბში, რომელიც მხარს უჭერდა ერთნაერსქესიანთა ქორწინებას. გარდა ამისა, არც სამიგრაციო პოლიტიკის კრიტიკაზე უთქვამს უარი. ეს კიდევ ხდება კლუბში, რომელიც ბერლინშია დაფუძნებული, ყველაზე ლიბერალურ ქალაქში ევროპისა და ალბათ, მსოფლიო მასშტაბითაც. ჯერ სიჩუმე იყო, იქამდე სანამ გაზეთებს ცეცხლი წაეკიდებოდა, მერე კი გადაწყვეტილებებიც მიიღეს.
ცვლილებებს მენეჯმენტში აუცილებლად მოჰყვება ცვლილებები სამწვრთნელო გუნდში, ასე რომ, ვინდჰორსტის ეპოქაში ჰერტამ ექვსი მთავარი მწვრთნელი შეცვალა. ეს კიდევ ტოპ ხუთ ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ამბიციური პროექტის კვალდაკვალ მაღალი დონის მწვრთნელის ხელში ჩაგდებაც სცადეს, მაგალითად, ტენ ჰაგის წაყვანა სურდათ აიაქსიდან, თუმცა, ვერ შეძლეს. ასევე, არ გამოვიდა როჯერ შმიდტისა და ანდრე ვილაშ-ბოაშის მოყვანა, საბოლოოდ, პოსტი ანდრე კოვიჩმა ჩაიბარა, მან კარგად იმუშავა 23-წლამდელთა გუნდში, მაგრამ ამ პროექტისთვის მაინც შეუფერებელი კადრი იყო, შემდეგ კი დიდი რისკის ჯერიც მოვიდა, მთავარ მწვრთნელად იურგენ კლინსმანი დანიშნეს. გამოუყეს ზამთრისთვის 80 მილიონი ევრო, წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი სულ რაღაც ათი თამაშის მერე გადადგა, რის შესახებაც ფეისბუქის მეშვეობით გვამცნო. კლინსმანის შემცვლელად ბრუნო ლაბადია მოვიდა.
ასეთი ცვლილებების დროს ყველაზე კარგად ჩანს მენეჯმენტის კრიზისი, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული გეგმა და პროექტი. ინვესტიცია უმეტესად ქალაქის ხარჯზე მოიზიდეს და არა არსებული პროექტის. კლუბის ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ პრეცი იყო ანგარიშვალდებული მწვრთნელების შერჩევაზე, თავისი მუშაობის პერიოდში 11 მწვრთნელი შეცვალა, დახარჯა 200 მილიონი, ოღონდ კლუბს ამისი არაფერი დატყობია.

სეზონის დასრულების შემდეგ ლარს ვინდჰორსტმა თავისი წილი 15 მილიონ ევროდ გაყიდა. პროექტი სამარცხვინოდ ჩავარდა. ასე რომ, ბერლინი ისევ ვერ იქცა დიდი ფეხბურთის ქალაქად და ალბათ ვერც ვერასდროს იქცევა.















