ფეხბურთელები, რომლებსაც უთამაშიათ როგორც მადრიდის რეალში, ისე ბარსელონაშიც - მათი რიცხვი არც თუ ისე ცოტაა, უფრო ზუსტად კი ისტორიას მსგავსი რეზიუმეთი 38 მოთამაშე ახსოვს. "სამეფო კლუბსა" და კატალონიას აერთიანებენ ისეთი ლეგენდარული შემსრულებლები, როგორებიც არიან რიკარდო ზამორა, მიქაელ ლაუდრუპი, გეორგე ჰაჯი, ლუის ენრიკე, რონალდო ნაზარიო, სამუელ ეტო'ო და სხვები.
მოსისხლე მტრის ბანაკში ერთ დროს საყვარელი ფეხბურთელის ხილვა ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოვლენა, თუმცა გულშემატკივარი ამ ფაქტს ადრე თუ გვიან მაინც ეგუება. არიან ისეთებიც, რომლებიც გულდასაწყვეტი ტრანსფერის მიუხედავად, მაინც უყვართ, მაგალითად, "ფენომენი".
ბრაზილიელ თავდამსხმელს არა მხოლოდ უთამაშია როგორც სანტიაგო ბერნაბეუზე, ისე "ბლაუგრანაში", არამედ ორივე გუნდის კარში გოლებიც კი აქვს შეგდებული. ლეგენდარულ მე-9 ნომერს იგივე ხრიკი გაკეთებული აქვს ინტერნაციონალესა და მილანის მიმართებაშიც, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, საძულველი პერსონა ის არასდროს ყოფილა.
დიახ, კრუზეიროს აღზრდილ თავდამსხმელს თბილად იხსენებენ ყველგან და ყოველთვის, რასაც ვერ ვიტვით ფეხბურთელზე, რომლის გვერდით მან 164 შეხვედრა ჩაატარა. საუბარია ლუიშ ფიგუს შესახებ, რომელიც კამპ ნოუზე დღემდე ყველაზე საძულველ პერსონად ითვლება. მიზეზი: ბარსადან ფლო პერესის კლუბში გადასვლა.
როგორც აღვნიშნეთ, რეალსა და კატალონიურ გუნდში საერთო ჯამში უთამაშია 38 ფეხბურთელს, თუმცა მათ შორის მხოლოდ პორტუგალიელი ვინგერი იქცა ფეხბურთის მთავარ იუდად, რომელსაც თამაშის მსვლელობისას "ბლაუგრანას" ქომაგებმა ღორის თავიც კი ესროლეს.
როგორ გახდა ლისაბონის სპორტინგის აღზრდილი გარემარბი საფეხბურთო ღალატის სინონიმი და რატომ არ მოქმედებს ეს ყველაფერი იგივე რონალდოს ან თუნდაც ლაუდრუპის, ჰაჯის, ენრიკეს ან ეტო'ოს მიმართებაში? მოახლოებული ელ კლასიკოს წინ, ყველაზე საძულველი მოთამაშის სკანდალურ ტრანსფერზე ვისაუბრებთ.
ყველაზე სკანდალური ტრანსფერის დეტალური ისტორია
ფიგუს მეგობრის, პაულო ფუტრეს განცხადებით, მას არ სურდა ბარსელონას დატოვება და ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ტრანსფერის უკან იდგა პერესი, რომელმაც ჯერ მოთაფლა პორტუგალიელი ვინგერის აგენტი, შემდეგ კი თავად მოთამაშეც. მას აგენტთან ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ბიზნესმენი გახდებოდა რეალის პრეზიდენტი, ტრანსფერი შედგებოდა.
საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო ბრძოლაში ფავორიტად ითვლებოდა იმდროინდელი მოქმედი ხელმძღვანელი, ლორენსო სანსი, რომლის მმართველობის დროს მადრიდმა მთავარი საკლუბო ტურნირი 2-ჯერ მოიგო. ესპანელი პრეზიდენტი არ იყო შეპყრობილი საფეხბურთო სამყაროს მთავარი ვარსკვლავების მოზიდვის იდეით, მისი მმართველობის დროს "სამეფო კლუბში" მოკრძალებულობა სუფევდა.
ფლორენტინოს ჰქონდა სულ სხვა მოტივაცია, მას სურდა "გალაქტიკოსებისგან" შემდგარი გუნდის შექმნა და ნომერ პირველი მის სიაში სწორედ ლუიში იყო. ბერნაბეუს ბინადრების საპრეზიდენტო კანდიდატმა იცოდა იმის შესახებ, რომ კატალონიელთა ვინგერი თავის იმდროინდელ კლუბში დემოტივაციას განიცდიდა.
"ბლაუგრანას" შვიდიანი თავს გრძნობდა დაუფასებლად და კრიზისისკენ მიმავალი გუნდის პერსპექტივებს სკეპტიკურად უყურებდა. ამის გარდა, "ელ პასო დობლე" ითხოვდა ხელფასის მომატებას, 1 მილიონიდან - 2-მდე, რაზეც კამპ ნოუს ბინადრებისგან მან კატეგორიული უარი მიიღო.
პერესმა იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და ფიგუს შესთავაზა წინადადება, რომელზეც მან უარი ვერ თქვა - ექვსი მილიონი ევრო ანაზღაურების სახით, ახალი გუნდის აშენება პორტუგალიელი ვინგერის გარშემო და ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მას ფლოს კლუბში თავი საუკეთესოდ ეგრძნო.
ამ ყველაფრის პარალელურად, ლუიშის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორებმა მიაღწიეს კატალონიელ ჟურნალისტებამდეც, რომლებიც ისედაც დაძაბულ სიტუაციას დღითიდღე კიდევ უფრო ამწვავებდნენ. ლუი ვან გაალის გუნდის ვინგერი ჯერ კიდევ რეალში გადასვლამდე შერაცხეს პოტენციურ მოღალატედ, ბოლოს კი მოსახდენი მოხდა.
ესპანელმა ბიზნესმენმა აჯობა არჩევნებში მადრიდული გუნდის იმდროინდელ პრეზიდენტს და დაპირებაც შეასრულა - ბარსელონას შვიდიანი "სამეფო კლუბში" 62 მილიონის სანაცვლოდ გადმოვიდა. "ელ პასო დობლე" ახალ გუნდში მოიგებს ბალონ დ'ორს, მთავარ საკლუბო ტურნირსა და სხვა ტიტულებს, კატალონიელი ფანების მხრიდან წამოსული სიძულვილი კი მას ცხოვრების ბოლომდე გაყვება.
ბარსელონელებისთვის კიდევ ერთი საძულველი პორტუგალიელი
როგორც აღვნიშნეთ, რეალსა და ბარსელონაში საერთო ჯამში უთამაშია 38 ფეხბურთელს, თუმცა ღორის თავის ღირსი მათ შორის მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. დანარჩენებს კატალონიური კლუბიდან უშვებდნენ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ან ისინი უბრალოდ არ იყვნენ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები.
ფიგუსთან მიმართებაში არის ყველაფერი პირიქით - "ბლაუგრანას" გულშემატკივრების ფავორიტი ფეხბურთელი და გუნდის მამოძრავებელი ძალა, რომელიც დიდი ფულისა და პერსპექტივების სანაცვლოდ მოსისხლე მტრის ბანაკში გადავიდა. თანამედროვე ფეხბურთთან რომ გავავლოთ პარალელი, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ნეიმარ ჟუნიორი 2017 წლის ზაფხულში პარის სენ-ჟერმენის ნაცვლად რეალში გადასულიყო.
თუნდაც რაფინია ბელოლი, სუპერ სეზონის შემდეგ, ამ ზაფხულს მადრიდში რომ აღმოჩენილიყო. დიახ, პორტუგალიელი გარემარბი კამპ ნოუზე ყველაზე საძულველი პიროვნებაა, მაგრამ არსებობს ერთი სპეციალისტი, რომელსაც მისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია.
საუბარია ჟოზე მოურინიოს შესახებ - მწვრთნელი ბარსელონური დნმ-ით, რომელმაც თავის წარსულთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. დიახ, 90-იანების მეორე ნახევარში პორტუგალიელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბში მუშაობდა ბობი რობსონისა და ლუი ვან გაალის ასისტენტად, მაგრამ რა მოხდა შემდეგ?
ლისაბონის ბენფიკას ამჟამინდელ მწვრთნელს "ბლაუგრანასთან" ჰქონდა სრულფასოვანი ომები, "სამეფო კლუბის", ინტერისა და ჩელსის დამრიგებლის რანგში. პროვოკაციული განცხადებები და ბინძური ხრიკები..."განსაკუთრებული" კამპ ნოუს ბინადრებთან მოსაგებად ყველაფერზე წამსვლელი იყო.















