
ნაკრებში სულ რაღაც შვიდი გოლი აქვს შეგდებული, აქედან ექვსი მუნდიალზე. ერთის გარდა ყველა თამაშში შეძლო გატანა, ამისათვის კი არა მხოლოდ მუნდიალის ოქროს ბუცი, არამედ ოქროს ბურთიც მიართვეს. იმ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სადაც მარადონამ, ბაჯომ, ბარეზიმ, ლინეკერმა, ლოთარ მათეუსმა და ჯანლუკა ვიალიმ ითამაშეს. ამას კიდევ ჩემპიონატის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მის ბომბარდირობას, და ვერც მის საუკეთესო ფეხბურთელობას. არადა, ჩემპიონატის დაწყებამდე კინაღამ შუაზე გაგლიჯეს, სამი ათასამდე იტალიელი ქომაგის გარემოცვაში აღმოჩნდა და მისი მანქანა გვარიანად მილეწეს, თავად კი როგორღაც გადარჩა, კიდევ კარგი გადარჩა! საქმე ის არის, რომ მაისში რობერტო ბაჯო ფიორენტინადან იუვენტუსში გადავიდა და ტოტო სკილაჩის თანაგუნდელი გახდა, ეს კი იტალიაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ტრანსფერად ითვლება, ტოტო ცუდ დროს, ცუდ ადგილზე აღმოჩნდა, მანქანით პირდაპირ ფლორენციელ ქომაგებში შეიჭრა და ძლივს გამოძვრა იქედან ცოცხალი.
სიცილიელს არასდროს უვლია სკოლაში, პალერმოს გარეუბანში გაიზარდა და როგორც ამბობენ 9 წლის ასაკში უკვე დიდ ტალანტად მიიჩნევდნენ. უბნებში მოედანი არც ჰქონიათ, როგორც წესი ვიწრო ქუჩებში აგორებდნენ ბურთს. პირველად სწორედ ადგილობრივი ქალაქის გუნდში ითამაშა და დღევანდელი ექვივალენტით თუ ვიმსჯელებთ ერთ გოლში 1.5 ევროს უხდიდნენ. მერე კი დიდი ნაბიჯის ჯერიც მოვიდა, მესინაში იმ წელს ჩაირიცხა, როცა პაოლო როსი იტალიას მესამე მსოფლიო ჩემპიონობისკენ გაუძღვა, 1982 წელს სკილაჩი ვერც წარმოიდგენდა, რომ რაღაც მსგავსი გზის გავლა მასაც მოუწევდა და ყველაზე ხშირად სწორედ როსის შეადარებდნენ. მოგვიანებით სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა და დაუფასდა კიდეც, 1989 წელს იუვემ შეიძინა, უკვე 25 წლისა იყო, როცა პირველი სეზონი ჩაატარა სერია A-ში. შეძლო უეფას თასისა და იტალიის თასის მოგება, ჩემპიონატში 15 გოლი შეაგდო, ყველა ტურნირზე კი 21 გოლი მოუგროვდა. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, ნაკრების ძირითად ფორვარდად მაინც არავინ განიხილავდა, იტალიას ყოველთვის ჰყავდა უფრო კაშკაშა ვარსკვლავები - მანჩინის, ვიალის, კარნევალესა და რა თქმა უნდა, რობი ბაჯოს სახით. „საერთოდ არ მეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებდი, ვფიქრობდი, რომ სახლიდან მომიწევდა ყურება. განაცხადში მოხვედრა ჩემთვის უკვე დიდი სურპრიზი იყო, გახსნით შეხვედრაში ვერ დავიჯერე, როცა მწვრთნელმა დამიძახა, ანგარიში 0-0 იყო და ამ დროს ალეზიო ვიჩინიმ მითხრა გახურდიო, ყურებს არ დავუჯერე, მე მეუბნები? გაბრაზებულმა შემომხედა, ეგრევე წამოვხტი და შესასვლელად მოვემზადე“. სკილაჩის გვერდზე მეკარე სტეფანო ტაკონი იჯდა, რომელმაც შესვლის წინ მიაძახა „შედი და ჯონ ჩარლზივით (იუვენტუსის უელსელი ლეგენდა) თავით შეაგდეო“, სკილაჩი შევიდა მოედანზე და თავით სეზონში პირველი გოლი შეაგდო. „გოლის მერე გიჟივით დავრბოდი იქამდე სანამ სათადარიგო სკამთან არ მივირბინე და ტაკონის გადავეხვიე, მის სიტყვებს უკვე სულ სხვაგვარად აღქვიქვამდი, თითქოს გზა დამილოცა“. მეორე ტურში ისევ შეცვალზე შევიდა აშშ-სთან. მესამე ტურიდან კი ვიჩინი ასე თუ ისე ჩამოყალიბდა შემტევებზე და ძირითად შემადგენლობაში რობერტო ბაჯოს სალვატორე სკილაჩი შეუწყვილა. ამან გაამართლა, ორივემ შეაგდო, იტალიამ ჩეხოსლოვაკია 2:0 დაამარცხა. ეს ის მატჩია, სადაც ბაჯომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო, სკილაჩიმ კი საბოლოოდ მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მომდევნო დღეს Gazzetta Dello Sport-ის გარეკანზე წაიკითხავდით - „რა ლამაზი ხარ იტალია!“ ბაჯოსა და სკილაჩის დუეტს ქება-დიდება არ მოკლებია.

მერვედფინალში იტალიამ ურუგვაი 2:0 დაამარცხა. ანგარიში ისევ სკილაჩიმ გახსნა, ამჯერად მარცხენა ფეხით, უძლიერესი დარტყმით ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო. მეორე ალდო სერენამ გაიტანა და იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ჯეკ ჩარლტონის ირლანდიის ნაკრებს შეხვდნენ. ერთადერთი და გამარჯვების გოლი აქაც სკილაჩიმ შეაგდო, ამჯერად მარჯვენა ფეხით. გაიყვანა გუნდი ნახევარფინალში და ფავორიტადაც ითვლებოდა არგენტინის ნაკრებთან. ეს სულ სხვა არგენტინა იყო, საერთოდ არ ჰგავდა '86 წლის გუნდს, გაცილებით დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, არც დიეგო იყო კარგ ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელებს შავი დღე აყარა, მთელი იტალია ფინალის მოლოდინში იყო, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალეს, ნახევარფინალი რატომღაც ნაპოლიში ჩანიშნეს, ეს კი დიდი შეცდომა გახლდათ, ალბათ არც უფიქრიათ რომ დიეგოს არგენტინა აქამდე მოვიდოდა, თორემ, ვინ გარისკავდა ასე?! ნაპოლი ისევე ეკუთვნოდა მარადონას, როგორც მთლიანად იტალიას, თავად დიეგოს აზრით კი მას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე იტალიას. ამ ფაქტორმა ყველაფერი შეცვალა, როგორც იტალიის ნაკრებისთვის, ისე მარადონასთვის, თუმცა, ეგ უკვე დიეგოს ამბავია, ჩვენ კი სკილაჩიზე ვყვებით. ტოტომ არგენტინასთანაც გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში კანიჯამ გაათანაბრა და მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანებში გადაწყდა. იტალია გავარდა. ზღაპარი დამთავრდა. ტოტო სკილაჩიმ მესამე ადგილისთვის ბრძოლაშიც შეძლო გატანა. იტალიამ ინგლისი 2:1 დაამარცხა - სკილაჩისა და ბაჯოს გოლებით. დიდი ვერაფერი შვებაა. ვერ გაგახარებს ბრინჯაო, როცა ასე ახლოს იყავი ოქროსთან.
ტოტოს არქმევდნენ ბავშვებს, ძაღლებს, 2014 წელს სალვატორემ BBC-ის ჟურნალისტისგან შეიტყო რომ ავსტრალიაში დოღის ცხენს მის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი - „ჰაჰა, ეს რაღაც ახალია, მეგონა ყველა ამბავი მოსმენილი მქონდა, მაგრამ ცხენი არა, არასდროს!“ - თქვა სალვატორემ ინტერიუში. „როდესაც 90-იანებში ხალხი იტალიაში ჩამოდიოდა, პირველი, რასაც მესაზღვრე პოლიციელებს ეუბნებოდნენ იყო - „ტოტო“ სკილაჩი“. - ერთგვარი საშვი გახდა, პაროლი, ქვეყანაში შემოსასვლელად. როგორც ათას ერთი ღამის სიზმრებშია, ჯადოსნური სიტყვა კარის გასაღებად - ტოტო სკილაჩიმ დაუჯერებელი ამბის კარი გააღო.
ავტორი: ფეოლა















