
10. ლუის დიასი - ყიდვა: €7.22 მილიონი, ხუნიორიდან | გაყიდვა: €53 მილიონი, ლივერპულში | პორტუს მოგება: €45.78 მილიონი
ტრანსფერი, რომლითაც იხეირა აბსოლუტურად ყველა მხარემ. 7 მილიონი აიღო დიასის მშობლიურმა გუნდმა, ხუნიორმა, პორტუ მისი ყიდვა-გაყიდვით გავიდა 45-მილიონიან მოგებაზე, ლივერპულმა კი მიიღო თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერი. ლუჩოს არასდროს და არსად გაუცრუებია იმედი.

9. ჩავი სიმონსი - ყიდვა: €4 მილიონი, პსვ-დან | გაყიდვა: €50 მილიონი, ლაიფციგში | პსჟ-ს მოგება: €46 მილიონი
ფეხბურთელი, რომლის გზა ბარსელონას აკადემიაში დაიწყო. შემდეგ იყო ტრანსფერი პარის სენ-ჟერმენში, გაშვება პსვ-ში და უკან დაბრუნება. დღევანდელ პსჟ-ში აღარ არის სიმონსის ადგილი და სწორედ ამიტომ, ფრანგულმა კლუბმა ის ლაიფციგში გაყიდა, მაგრამ საკმაოდ სარფიანად. ლიგა 1-ის დომინანტმა ჩავის გასხვისებით 46-მილიონიანი მოგება ნახა.

8. ჯონ დურანი - ყიდვა: €29.5 მილიონი, ჩიკაგოდან | გაყიდვა: €77 მილიონი, ალ-ნასრში | ასტონ ვილას მოგება: €47.5 მილიონი
2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი გარიგება. ჩიკაგოდან 29 მილიონ ევროდ ყიდვის შემდეგ, ასტონ ვილამ დურანი ალ-ნასრში გაყიდა 77 მილიონად, რითაც თითქმის 48-მილიონიანი მოგება ნახა. ბირმინგემში მის ნაცვლად მარკო ასენსიო და მარკუს რაშფორდი მივიდნენ.

7. პიერ-ემერიკ ობამეიანგი - ყიდვა: €13 მილიონი, სენტ-ეტიენიდან | გაყიდვა: €63.75 მილიონი, არსენალში | დორტმუნდის მოგება: €50.75 მილიონი
თავდამსხმელი, რომელმაც თავისი კვალი როგორც არსენალში, ისე დორტმუნდში, სენტ-ეტიენში და სხვა გუნდებში დატოვა. ობამეიანგის ტრანსფერით ყველაზე მეტად ბორუსიამ იხეირა, რომელიც მისი ყიდვა-გაყიდვით, საერთო ჯამში, თითქმის 51-მილიონიან მოგებაზე გავიდა. ამის გარდა, პიერმა ვესტფალიაში 140-ზე მეტი ბურთიც გაიტანა.

6. ბრუნო ფერნანდეში - ყიდვა: €9.70 მილიონი, სამპდორიადან | გაყიდვა: €65 მილიონი, მანჩესტერ იუნაიტედში | სპორტინგის მოგება: €55.30 მილიონი
ბრუნოს კარიერა, სხვა პორტუგალიელი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არასტანდარტულად განვითარდა. მისი საფეხბურთო გზა დაიწყო კალჩოში, სადაც ნოვარას, უდინეზესა და სამპდორიას მოვლის შემდეგ, სამშობლოში ფერნანდეში სპორტინგმა დააბრუნა. მანჩესტერში მისი სარფიანად გაყიდვით კი ლისაბონელებმა 55-მილიონიანი მოგება ნახეს.

5. ხვიჩა კვარაცხელია - ყიდვა: €13.3 მილიონი, დინამო ბათუმიდან | გაყიდვა: €70 მილიონი, პსჟ-ში | ნაპოლის მოგება: €56.7 მილიონი
ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი, რომლითაც ყველაზე მეტად ნაპოლიმ იხეირა. დინამოდან ძალიან იაფად ყიდვის შემდეგ, კვარამ "პარტენოპეის" მოაგებინა სკუდეტო, თანაც ეს ყველაფერი ძალიან დაბალი ხელფასით. 2025 წლის იანვარში კი იტალიურმა კლუბმა მისი პარის სენ-ჟერმენში გაყიდვით 56-მილიონიანი მოგება ნახა.

4. ვირჯილ ვან დეიკი - ყიდვა: €15.70 მილიონი, სელტიკიდან | გაყიდვა: €84.65, ლივერპულში | საუთჰემპტონის მოგება: €68.95 მილიონი
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი, არა მხოლოდ ზამთარში, ზოგადადაც. ლივერპულმა გაიფორმა უბრალოდ ეპოქალური უკანახაზელი, საუთჰემპოტნმა კი ვან დეიკის გაყიდვით თითქმის 69-მილიონიანი მოგება ნახა. დრომ გვიჩვენა, რომ მისი ტრანსფერი გამართლებულია, ყველა მხრივ.

3. ენცო ფერნანდესი - ყიდვა: €44.25 მილიონი, რივერ პლეიტიდან | გაყიდვა: €121 მილიონი, ჩელსიში | ბენფიკას მოგება: €76.75 მილიონი
მსოფლიო ჩემპიონი ნახევარმცველი, რომელიც კარიერის დასაწყისიდანვე სარფიანად იყიდებოდა. ბენფიკამ რივერ პლეიტს ენცოს სანაცვლოდ გადაუხადა 44 მილიონზე მეტი, მისი ჩელსიში გასხვისებით კი პორტუგალიურმა კლუბმა თითქმის ორმაგი მოგება ნახა. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, ამართლებს თუ არა ფერნანდესი 121-მილიონიან საფასურს.

2. დუშან ვლაჰოვიჩი - ყიდვა: €3.20 მილიონი, პარტიზანიდან | გაყიდვა: €83.50 მილიონი, იუვენტუსში | ფიორენტინას მოგება: €80.30 მილიონი
ტრანსფერი, რომლითაც ფიორენტინას ბიუჯეტი უბრალოდ წარმოუდგენელი თანხით შეივსო. თავად განსაჯეთ - პარტიზანიდან სულ რაღაც 3 მილიონ ევროდ გაფორმების შემდეგ, ფლორენციელებმა ვლაჰოვიჩი იუვეში თითქმის 84 მილიონად გაყიდეს. იტალიურმა კლუბმა თითქმის 27-ჯერ მეტი გამოიმუშავა დუშანის ყიდვა-გაყიდვით.

1. ფილიპე კოუტინიო - ყიდვა: €13 მილიონი, ინტერიდან | გაყიდვა: €135 მილიონად, ბარსელონაში | ლივერპულის მოგება: €122 მილიონი
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი ზამთრის ტრანსფერი, თუმცა მხოლოდ ლივერპულისთვის. ინტერნაციონალემ კოუტინიო გაყიდა ძალიან იაფად, ბარსამ კი ის გადმოიბირა ძალიან ძვირად. ამის გარდა, ფილიპემ ახალ კლუბში ვერ ითამაშა. დასკვნა: დიახ, მისი ტრანსფერით მოგებულები გამოვიდნენ მხოლოდ "წითლები", თანაც 122 მილიონით.

















