ევრობასკეტის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ტურნირი, რომელსაც კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ, სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, ჩემპიონი კი 14 სექტემბერს გამოვლინდება. საქართველოს ნაკრები ფიბას ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ზედიზედ მეექვსედ მიიღებს, რაც რა თქმა უნდ აღსანიშნავი ფაქტია.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ ჩვენი ნაკრების მეტოქეებზე, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებსა და ზოგადად საქართველოს შანსებზე ევრობასკეტზე. ალბათ ტყუილი არ იქნება, რომ ვთქვათ წილისყრის შედეგად, ალეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, თუმცა ამის მიუხედავად, პლეი-ოფში გასვლის შანსი ჩვენს ნაკრებს რა თქმა უნდა აქვს.
ჩვენი ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნება. ჯგუფის ფავორიტები აშკარად გამოკვეთილია - ესპანეთ, იტალია და საბერძნეთი თამამად შეგვიძლია ტოპ ნაკრებებად მოვიხსენიოთ, შესაბამისად, ჩვენს ნაკრებს მათ წინააღდმეგ ძალიან რთული დაპირისპირებები ელოდება. ხოლო რაც შეეხება მასპინძელ კვიპროსსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჯიკიჩმა ამ გუნდებთან გამარჯვების გარდა სხვა არაფერზე უნდა იფიქროს. კი, შეიძლება მასპინძლის სტატუსმა კვიპროსს გარკვეული უპირატესობა მისცეს, თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი გუნდი როგორც შემადგენლობით, ისე გამოცდილებითაც აღემატება მეტოქეს. რაც შეეხება ბოსნია და ჰერცეგოვინას, როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ნაკრები შემართულია და სჯერათ, რომ ჯგუფიდან გასვლას აუცილებლად მოახერხებენ. მათთან დაპირიპისპირება შეიძლება ჩვენი ნაკრებისთვის გადამწყვეტიც კი იყოს.
სანამ უშუალოდ ჩვენს მეტოქეებზე გადავალთ, აუცილებლად ვისაუბროთ ნაკრების მოსამზადებელ მატჩებზე, სადაც პირდაპირ შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველომ საკმაოდ სუსტი შეხვედრები ჩაატარა. 6 მატჩი და 6 მარცხი - გასაგებია, რომ ამხანაგურ მატჩებზე გვაქვს საუბარი, მაგრამ ექვსივე მატჩის წაგებას ნამდვილად არავინ ელოდა. თუმცა, ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებზე სწავლა ნამდვილად შეგვიძლია. ჯიკიჩი დიდი ალბათობით საჭირო დასკვნებს გამოიტანს და ნაკრებს ევრობასკეტისთვის შესაბამისად მოამზადებს.
ახლა კი ვისაუბროთ საინტერესო ფაქტებზე და იმ მოლოდინებზე, რომლებიც ჩვენი მეტოქე ნაკრებების შესახებ უნდა იცოდეთ.
ბოსნია და ჰერცეგოვინა
2022 წლის ევრობასკეტზე ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთადერთი ნაკრები იყო, რომელმაც თავისი ჯგუფის გამარჯვებული სლოვენიის დამარცხება მოახერხა. მიუხედავად ამისა, ბალკანელებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს, რადგანაც გადამწყვეტ მატჩში ლიეტუვასთან უშანსოდ დამარცხდნენ.
ნაკრების უდავო ლიდერი ჯანან მუსაა, რომელიც ტრავმის გამო ევრობასკეტს გამოტოვებს. ამ დანაკლისის ფონზე, ბოსნიას ჯგუფიდან გასვლის შანსები ძალიან შეამცირა.
ბოსნია და ჰერცეგოვინას დიდი შრომის გაწევა მოუწევს, რათა 1993 წლის შემდეგ პირველად პლეი-ოფის საგზური მოიპოვოს, თუმცა მოლოდინები საკმაოდ დიდია. როგორც ადგილობრივ პრესას, ისე გულშემატკივრებსაც სჯერათ, რომ მათი ნაკრები საქართველოსა და კვიპროსს აჯობებს და ჯგუფში მეოთხე ადგილს დაიკავებს.
კვიპროსი
კვიპროსის ნაკრები კვალიფიკაციის დაძლევასთან ახლოს არასდროს ყოფილა და წლევანდელ ევრობასკეტზეც მხოლოდ იმიტომ ასპარეზობს, რომ ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა.
ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ციკლში საერთო ჯამში გამართული 12 მატჩიდან კვიპროსელებმა მხოლოდ ორი მოიგეს, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია კი ორი მოგებითა და ოთხი მარცხით დაასრულეს. კვიპროსელებს საერთაშორისო ასპარეზზე გამართული ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვთ მოგებული.
ეს სტატისტიკა ჩვენს მიერ ზემოხსენებულ მოლოდინებს კიდევ უფრო ამყარებს - თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კვიპროსი არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრებია.
საბერძნეთი
2022 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალში საბერძნეთმა გერმანიის დამარცხება ვერ მოახერხა და მორიგ ჯერზე გამოეთხოვა ოქროს მედლებზე ოცნებას, რომლებიც გუნდს ბოლოს 2005 წელს აქვს მოპოვებული.
ელადელებს არც ერთი გამარჯვება არ აქვთ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 2009 წლის შემდეგ, როდესაც მათ გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულეს. ამ ზაფხულს ვასილის სპანულისი ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრებს პირველად წარუძღვება და იმედოვმებს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მისი ნაკრები წელს ბევრად კარგ პერფორმანსს აჩვენებს.
ამ გუნდის უდავო ლიდერი იანის ანტეტოკუნმპოა, რომელსაც დიდი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მილუოკი ბაქსის ლიდერი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, შესაბამისად, მისი ლიდერობით, საბერძნეთი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ნაკრები იქნება.
იტალია
გასულ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა, ზედიზედ მეოთხედ ამ სტადიის დაძლევა ვერ შესძლო.
ბოლოს იტალიის ნაკრები კვარცხლბეკზე 2003 წელს იყო, რის შემდეგაც ძალიან დიდი დროა გასული. ახლანდელი გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავია, იტალიელ ქომაგებს კი დიდი იმედი აქვთ, რომ მათი ნაკრები ამჯერად მაინც მიუახლოვდება მედლებს.
გუნდის უდავო ლიდერი ნატურალიზებული მოთამაშე დარიუს ტომფსონია, რომელიც თურქული ანადოლუ ეფესის წამყვანი კალათბურთელია. იტალიის ნაკრებში კიდევ ერთხელ გამოიძახეს დანილო გალინარი, რომლისთვისაც გიორგი შერმადინის მსგავსად ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.
მოულოდნელი ინფორმაციით, ევრობასკეტზე არ ითამაშებს მინესოტა ტიმბერვულვზის მოთამაშე, დონტე დივინჩენცო, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. როგორც იწერება, ამის მიზეზი ტრავმაა. იტალიის ნაკრებისთვის ეს უსერიოზულესი დანაკლისია.
ესპანეთი
სერჯო სკარიოლომ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა 2022 წელს, როდესაც მთელი რიგი გამოუცდელი კალათბურთელები შეკრიბა და გუნდი კიდევ ერთ ჩემპიონობამდე მიიყვანა. მაშინ ესპანელებმა ევრობასკეტი უკანასკნელ 13 წელში მეოთხედ მოიგეს.
ესპანეთის ნაკრები უკანასკნელი 7 ევრობასკეტია, კვარცხლბეკზე მუდმივად ადის, ბოლო შემთხვევა კი, როდესაც გუნდი ტურნირის მეოთხედფინალში ვერ მოხვდა, 1977 წლით თარიღდება.
სკარიოლო ტრიუმფის გამეორებას კიდევ ერთხელ შეეცდება, ტურნირის დასრულების შემდეგ კი რეალ მადრიდს ჩაიბარებს. ნაკრების მთავარი ლიდერი ვილი ჰერნანგომესია, რომელიც ბარსელონას ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ოთხ ქვეყანაში (კვიპროსი, ლატვია, ფინეთი, პოლონეთი) ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფიდან მოყოლებული მასპინძელი მხოლოდ ლატვია იქნება. საქართველოს ნაკრებს სასტარტო მატჩი 28 აგვისტოს ელის, როდესაც C ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთს დაუპირისპირდება.















