აიაქსში წარუმატებელი ტრანსფერის აჩრდილი
როგორც გვახსოვს, ოლიმპიკის თავდამსხმელი გასულ სეზონსაც ახალ გუნდში იწყებდა. ის 16 მილიონ ევროდ გადავიდა აიაქსში, თუმცა თავის დამკვიდრება მან ვერ შეძლო. სეზონის პირველ ნახევარში 9 მატჩის ჩატარების შემდეგ, 23 წლის ფორვარდი დაბრუნდა მისთვის საყვარელ მეცში, ამსტერდამი კი მწარე მოგონებად იქცა.
მშობლიურ რონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, იქმნებოდა იმის ილუზია, თითქოს პრობლემა იყო არა "ებრაელებში", არამედ საქართველოს ნაკრების 22-ე ნომერში, რომელიც წარმატებით მხოლოდ "ლეს გრენატსში" თამაშობს. ახალგაზრდა ფორვარდს დასამსხვრევი აქვს ეს სტერეოტიპი და "თეთრებთან" დუბლი ამ ყველაფრის დასაწყისი უნდა იყოს.

მოლოდინი ევრო 2024-ის თანაბომბარდირისგან
განვლილი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი თანაბომბარდირი იყო მიქაუტაძეც, რომელმაც ჰარი კეინთან, დანი ოლმოსთან, ჯამალ მუსიალასთან, კოდი გაკპოსა და ივან შრანცთან ერთად, 3 ბურთი გაიტანა. როგორც გვახსოვს, "ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ზე გაიტანეს 5 გოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნული გუნდის ბურთების 60% სწორედ ჟორჟმა გაიტანა.
ცხადია, ქართველი თავდამსხმელისგან, როგორც ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისგან ახალ საკლუბო სეზონში უდიდესი მოლოდინი იყო. მას უწინასწარმეტყველებდნენ ტრიუმფალურ სეზონს და ტოპ კლუბში გადასვლას, მალევე თუ არა, მაქსიმუმ 1-2 წელიწადში. ვნახოთ, როგორ განვითარდება "ლომების" ფორვარდის კარიერა მომავალში.

უარი მონაკოს, მშობლიური კლუბის სასარგებლოდ
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 23 წლის თავდამსხმელს ლიგა 1-ის გუნდების რიგი დაუდგა. ის მონაკოში გადასვლასთან იმყოფებოდა ერთ ნაბიჯში, მაგრამ "თეთრ-წითლების" 22-ე ნომერმა ბოლო წუთს მშობლიური ლუმიერი აირჩია. ახალგაზრდა ფორვარდმა თავისი არჩევანი ახსნა იმით, რომ ლიონში დაბრუნებაზე ის ყოველთვის ოცნებობდა.
საფეხბურთო სამყაროს ნაწილი მიქაუტაძის არჩევანს შეხვდა სკეპტიკურად, რადგან ობიექტურად, "მონეგასკები" ოლიმპიკზე ერთი თავით მაღლა დგანან. "თეთრ-წითლები" თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 3 ტურის შემდეგ, 7 ქულით არიან მე-4 პოზიციაზე, თანაც წაუგებლად. როგორც გვახსოვს, "თავადებმა" ბარსელონასაც კი მოუგეს.
ამის გარდა, ლუი II-ის ბინადრები ლიგა 1-ში 20 ქულით არიან მეორე ადგილზე და ლიდერ პარის სენ-ჟერმენს სამი ქულით ჩამორჩებიან. რონელების მდგომარეობა უფრო მძიმეა: 14 ქულა, მე-7 პოზიცია და წაგება სტამბოლის ბეშიქთაშთან ევროპა ლიგაზე. ამ გადმოსახედიდან, ადი ჰიუტერის გუნდში გადასვლა ნამდვილად უფრო პერსპექტიულ ვარიანტად ჩანდა.

კონკურენცია მშობლიურ კლუბში
ქართველ თავდამსხმელს "ლომებში" შეხვდა არაერთი სირთულე - კონკურენცია, არეულობა, ფინანსური პრობლემები. უხეშად რომ ვთქვათ, კლუბმა დახარჯა იმაზე ბევრი, ვიდრე გამოიმუშავა, რის გამოც ლუმიერის ბინადრები დაჯარიმდნენ. რაც შეეხება შემადგენლობას, ჟორჟის გარდა, გუნდის განკარგულებაში ძალიან ბევრი შემტევია.
თავად განსაჯეთ - ალექსანდერ ლაკაზეტი, უილფრიდ ზაა, საიდ ბენრაჰმა, მალიკ ჩერკი, მალიკ ფოფანა, გიფტ ორბანი და ერნესტ ნუამა - იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდს უწევს თამაში სხვადასხვა პოზიციაზე, მისი კონკურენტი თითოეული მათგანი არის. შეტევაში არსებულ კონკურენციაზე პიერ საჟმაც ისაუბრა.
ფრანგმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მის გუნდში არსებულმა კონკურენციამ 23 წლის თავდამსხმელზე დადებითად იმოქმედა. დამრიგებელი ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი რაღაც დიდის დასაწყისი შეიძლება იყოს. ვნახოთ, როგორ წარიმართება ლიონის 69-ე ნომრის კარიერა დუბლის შემდეგ.

იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი

















